
რა გვინდოდა? გვინდოდა, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეს ეკონომიკის საფუძვლებში შეებიჯებინა. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ისედაც გადატვირთულ სასწავლო პროგრამას დაემატა ეკონომიკა (მეწარმეობის საფუძვლები), რაც ასეთ ასაკში ზედმეტი დატვირთვაა მოსწავლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენც, გარკვეული პერიოდი, ზუსტად ამ მოსაზრების გამო თავს ვიკავებდით პროექტის განხორციელებაზე, მაგრამ პირველ გაკვეთილზე საკმაოდ დადებითი განწყობა წამოვიდა მოსწავლეებისგან და ამან სტიმული მოგვცა გაგვეგრძელებინა სასწავლო პროგრამა.
სასწავლო
პროცესში სურათებით, კინოჩვენებებითა და ზღაპრების საშუალებით მოსწავლეებმა გაიგეს,
რომ ეკონომიკის სწავლების მთავარი მიზანია, ვიცოდეთ როგორ ვმართოთ ეფექტიანად ჩვენს
გარშემო არსებული შეზღუდული რესურსები (ფინანსური, ბუნებრივი და ადამიანური რესურსი).
დღეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ და დაათვალიეროთ მოსწავლეების დაწერილი ამბები ეკონომკის
შესახებ, დახატული და გაფერადებული ეკონომიკური მოვლენები, რომლებიც გადმოცემულია ზღაპრის
ენით. მოსწავლეებმა თავიანთ დავალებაში ახსნეს თუ როგორ გაიგეს ზღაპრის „ფულის მოგზაურობა“
შინაარსი.
მათ ეკონომიკური შინაარსის ზღაპარმა,
ერთმანეთისგან განსხვავებული კითხვები და შთაბეჭდილებები გაუჩინა. ბავშვების
მორალური რწმენა ინფლაციოს მიმართ განსხვავებული იყო, მორალური რწმენების
უმრავლესობა კი ფორმირდება იმ ადამიანების გავლენით, ვინც მის გარშემოა. ბავშვი, მათგან
იგებს რა არის ეთიკური და რა არა. დროთა განმავლობაში კი მორალი არეგულირებს მათ
ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან.
რატომ გახდა კანონის დამრღვევი,
არაეთიკური ქცევისა და მორალის მატარებელი ინფლაციო მოსწავლეთა ერთი ნაწილის
მისაბაძი?, რა დაინახეს მათ ინფლაციოს ქცევაში? და რითი ამართლებენ მის ქცევას?
პირველი - ბავშვების ზღაპრული კუმირები, ხშირ შემთხვევაში,
არიან ის ადამიანები, რომლებიც ზეადამიანურ უნარებს ფლობენ: დაფრინავენ, კედლებზე დაცოცავენ,
უჩინარდებიან, ცეცხლში გადიან და ა.შ. ბავშვები ოცნებობენ სხვადასხვა პროფესიებზე:
ექიმი - გადაარჩინოს ავადმყოფი, მეხანძრე - ცეცხლიდან გამოიყვანოს მოხუცი ან ბავშვი,
პოლიციელი - შეაჩეროს დანაშაული. როგორც ვხედავთ, უმეტეს შემთხვევაში, ყველა ბავშვი
ოცნებობს ისეთ პროფესიებზე, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულია საგმირო საქმეებთან.
ინფლაციო კი უჩინარი და ყოვლისშემძლეა. იგი მიუხედავად ბანკის მცველებისა და ბანკის
კარზე ჩამოკიდებული დიდი ბოქლომისა, მაინც აღწევს საცავში და ათავისუფლებს დატყვევებულ
ფულის კუპიურებს. შემდგომში კი, შენობის სახურავზე შემომჯდარი, ბრიყვ მცველებს დასცინის,
როდესაც ისინი ქალაქის მოედანზე ინფლაციური ქაოსის ჩასახშობად, პეპლების საჭერით ფულის
კუპიურებს დასდევენ ბანკის საცავში დასაბრუნებლად.
მეორე - ინფლაციო საცავში მხოლოდ ფულის კუპიურების ტყვეობიდან
გათავისუფლების მიზნით შედის, იგი ბანკიდან ფულს არ იპარავს. თავისუფლების ინსტინქტი
კი იმდენად თანმდევია ადამიანის ცნობიერში, რომ მისთვის „განმანთავისუფლებელი“ ყოველთვის
დადებითი მორალის მქონე შეიძლება იყოს.
..„მისტერ ინფლაციო, ერთი შეხედვით, ფულების განმანთავისუფლებელი
იყო, მაგრამ იგი ქვეყანაში „ფულის შესახებ კანონს“ არღვევდა და ფინანსურ ქაოსს იწვევდა“...
ჩვენ გვინდა, რომ სწავლის პროცესი მოსწავლისთვის არამომაბეზრებლი
იყოს, რასაც ეკონომიკური შინაარსის ფილმებით, სხვადასვა თვალსაჩინოებებით და მოსწავლეების
უშუალო ჩართულობით ვაღწევთ.
მოსწავლეთა შესრულებულ დავალებებში იგრძნობა მშობლების ჩართულობა, რაც საკმაოდ დადებით გავლენას ახდენს მათ საგნის მიმართ დამოკიდებულებაზე, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობა ვუხდი მშობლებს.
პატივისცემით
ზაზა მინდიაშვილი
V ა კლასი
No comments:
Post a Comment