✅(მეორე გაკვეთილი)
ნატურალური მეურნეობა, არის კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების პირველი ეტაპი, როდესაც ადამიანი ეწევა შემგროვებლობასა და ნადირობას. უფრო შემდგომ ამუშავებს მიწას, ახდენს ცხოველისა და ფრინველის მოშენებას და ამ გზით მოიპოვებს იმ პროდუქტს, რომელიც საჭიროა მისი არსებობისთვის. ამ პერიოდში ადამიანებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არ არსებობს, რადგან მათ მიერ მოპოვებული პროდუქტი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.
კაცობრიობის ეკონომიკური განვითარება იწყება შორეულ წარსულში და სათავეს იღებს ქვის ხანის პერიოდში. მეცნიერები ქვის ხანას სამ ეტაპად ყოფენ: გვიანი ქვის ხანა (პალეოლითი), შუა ქვის ხანა (მეზოლითი) და ახალი ქვის ხანა (ნეოლითი). რატომ უწოდეს ამ ყველაზე ხანგრძლივ ეკონომიკურ პერიოდს ქვის ხანა? ეს არის კაცობრიობის განვითარების კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან.
იმ პერიოდის ადამიანი აგროვებდა მცენარეთა ნაყოფს და ფესვებს, ნადირობდა, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც. მეურნეობის სახეობის მიხედვით, რომელსაც ის მისდევდა, იმ ხანის ადამიანს ველურ ან პირველყოფილ მონადირესა და შემგროვებელსაც (მიმთვისებელსაც) უწოდებენ.
პირველყოფილი ადამიანი დასახლებისათვის ხელსაყრელ პირობებს ეძებდა - შედარებით თბილი კლიმატი, საკვებად გამოსადდეგი მრავალფეროვანი მცენარეები და ცხოველები, ბუნებრივი თავშესაფრები და ქვის იარაღის დასამზადებლად საჭირო ნედლეული. ასეთი პირობები საქართველოშიც არსებობდა და ალბათ ამიტომაც შესაძლებელი გახდა პირველყოფილი ადამიანი დასახლებულიყო.
ქვედა პალეოლითის ხანის ადამიანი იერით და ცხოვრების წესით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისაგან. ბუნებრივია, ქვის მარტივი იარაღით აღჭურვილი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა არსებობას. ამიტომ აუცილებელი იყო ადამიანებთან გაერთიანება. პირველყოფილი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც 20-30 კაცისგან შედგებოდა. ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯოგი ანუ პარათემი, სწორედ ადამიანთა კოლექტიურმა თანაცხოვრებამ შეუწყო ხელი ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო. პარათემის წევრებს შორის გაჩნდა იერარქია (ე.წ. უფროს-უმცროსობა) და თემის წევრებს შორის ფუნქციები დანაწილდა.
1999 წლის 24 ივლისს ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა დმანისის ნაქალაქარში აღმოაჩინეს ადამიანის შორეული წინაპრის 2 თავის ქალა (ზეზვა და მზია), რომელთა ასაკი დაახლოებით 1,7-1,8 მლნ წლით თარიღდება. ამ აღმოჩენით დამტკიცდა, რომ ადამიანის წინაპარი, აფრიკიდან წამოვიდა და დაიკავა ახალი საცხოვრებელი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო შემდეგ გადავიდა ევროპასა და აზიაში.
ქვედა პალეოლითის პერიოდში ადამიანის მიერ ცეცხლის აღმოჩენა და მართვა ითვლება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. ადამიანმა ისწავლა ბუნებრივად გაჩენილი ცეცხლის გამოყენება და შენახვა, მაგრამ ჯერ არ იცოდა მისი მიღება. აფრიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. აშელის (Acheaulean) კულტურის წარმომადგენელი პირველყოფილი ადამიანები კი საკმარისად ჭკვიანები აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ ცეცხლის დანთება, მართვა და გამოყენება ესწავლათ. ანთებული ჩირაღდნებით ისინი აშინებდნენ და ამგვარად თავს იცავდნენ ცხოველთა თავდასხმისგან. ცეცხლი იყო სითბოს წყარო ცივი კლიმატის დროს, ცეცხლზე მომზადებულმა მრავალფეროვანმა საკვებმა გააუმჯობესა მათი ჯანმრთელობა. ცეცხლის „ტრანსპორტირებამ“ შესაძლებელი გახადა ჩვეული, ძველი სამოსახლოების მიტოვება და ახალ ტერიტორიებზე გადასახლება. ცეცხლის საშუალებით მოხდა შემდგომ მეტალურგიის განვითარებაც. თანამედროვე მეცნიერების აზრით ცეცხლმა ისევე დააჩქარა პრათემიდან გვაროვნულ საზოგადოებაზე გადასვლა, როგორც რკინის მეტალურგიამ პირველყოფილი თემური წყობილებიდან კლასობრივ საზოგადოებაზე გადასვლა. ცეცხლის დამორჩილება იმდენად დიდი და შთამბეჭდავი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომ ეს ფაქტი მრავალი ხალხების თქმულებებში და ლეგენდებში აისახა. ამ მითებს შორის ყველაზე ცნობილი პრომეთეს შესახებ ძველბერძნული თქმულებაა.
ზედა პალეოლითი 40-35 ათასი წლის წინათ დაიწყო. მისი დადგომა დაემთხვა დედამიწაზე ერთ-ერთ ძლიერ გამყინვარებას, როდესაც მუდმივი თოვლის და ყინულის საფარი ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. გამყინვარების ხანაში, ჰავის გამკაცრებასთან დაკავშირებით ადამიანი ეძებს ახალ თავშესაფრებს და მიილტვის მღვიმეებისაკენ. მღვიმეში ადამიანთა ცხოვრებამ კი ხელი შეუწყო კოლექტიური თანაცხოვრების გამტკიცებას და გვარების წარმოქმნას. ეს იყო ქვედა პალეოლითიდან გვაროვნულ წყობილებაზე გადასვლის ხანა. ადამიანებმს გამოქვაბულებიდან ხშირად ძლიერი მტაცებელი ცხოველების გამოძევება ბრძოლით უხდებოდათ. გამყინვარების გადატანა ადამიანებს, ბუნებრივია ცეცხლის დაუფლებამ გაუადვილა.
ზედა პალეოლითის ხელოვნების რამდენიმე ნიმუში აღმოჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, დაბა წალკის ახლოს არქეოლოგებმა კლდეზე ამოკაწრული ირმები, ცხენები, აქლემები, გველები, ფრინველები და მშვილდისრიანი კაცუნები აღმოაჩინეს. კლდის მხატვრობა შემქმნელთა ეკონომიკური საქმიანობისა და რელიგიური რიტუალების სხვადასხვა დეტალს გვაცნობს. ნახატებში ყველაზე გავრცელებული თემა ნადირობაა; ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებაზე მეტად ნადირობის სცენის გამოხატვას მაგიური დატვირთვა ჰქონდა და ფრიად პრაგმატულ მიზანს ემსახურებოდა: რომელიმე განსაკუთრებულად წარმატებული ნადირობის აღბეჭვდით მაგიური ზემოქმედება, რათა მომავალ ნადირობაშიც მსგავსი წარმატებისათვის მიეღწიათ.
ქვის ხანის მეორე ეტაპია შუა ქვის ხანა (მეზოლითი). შუა ქვის ხანა გარდამავალი პერიოდია ძველი ქვის ხანასა და ახალ ქვის ხანას შორის. ამ პერიოდში გაჩნდა ძვლის ნაკეთობები, შრომისა და საბრძოლო იარაღები. ახალ და შუა ქვის ხანას შორის საერთო დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ორივე პერიოდში იარაღი ქვისა და ძვლისგან მზადდებოდა.
ახალი ქვის ხანა (ძვ.წ. VIII-V ათასწლეულები, დაახლოებით ძვ.წ. 7000-4500 წწ.) - ამ პერიოდის უმთავრესი სიახლე ისაა, რომ ახალი ქვის ხანაში ადამიანებმა შეწყვიტეს მომთაბარეობა, დაიწყეს სადგომების, საცხოვრებლის შენება, მარცვლეული მცენარეების მოყვანა, გარეული ფუტკრისა და ცხოველების მოშენება-მოშინაურება. ამ დროისთვის ჩნდება მნიშვნელოვანი იარაღები: გახეხილ-გაპრიალებული ცული, ნაჯახი (მათ ხეების საჭრელად იყენებდნენ), პატარა წალდები, ნამგალი მარცვლეულის მოსამკელად. საფუძველი ეყრება მეთუნეობას, რაც თიხის ჭურჭლის ფართო გამოყენებით დასტურდება.
ზღაპარში „თაფლის ფული თეთრი სამეფოს ამბავი“ ნატურალური მეურნეობის შესახებ ვკითხულობთ:
...- მრავალი წლის წინათ, ფუტკრების ოჯახი „თეთრი სამეფოს“ ტყეში, ხის ფუღუროებში ცხოვრობდა. ეს ის დრო იყო, ადამიანი ნატურალური მეურნეობით რომ იყო დაკავებული. იგი შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენდა თავს. ცალკე ადამიანი, ცალკე დათვი მოსვენებას არ გვაძლევდა და თუკი სადმე მიგვაგნებდნენ, პირწმინდად ანადგურებდნენ მთელი წლის ნაშრომს. ფუტკრებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ და მუდმივად ახალი თავშესაფარის ძებნაში უხდებოდათ ცხოვრება. ადამიანმა შენიშნა, რომ თაფლის ამოღების შემდეგ ფუტკრები ფუღუროს ისევ უბრუნდებოდნენ და მიხვდა, რომ იქ, სადაც ხის ფუღურო და ფუტკარი იყო, სარგებლის მიღება შეიძლებოდა. მან დაიწყო ტყეში იმ გამოფუღურებული ხის კუნძების მოძიება, რომელშიც ფუტკარი ცხოვრობდა. კუნძებს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ალაგებდა და მოთმინებით ელოდა, როდის შეავსებდა ფუტკარი თაფლით ფიჭებს. წლების განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა ადამიანი ჩვენს ცხოვრებას, ისწავლა მოვლა, თაფლისა და სანთლის დამზადება და მრავალი წლის დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდა. შემდეგ თვითონ დაგვიმზადა საცხოვრებელი, რომელსაც სკა დაარქვა...“
ზღაპრის ნაწყვეტიდან კარგად ჩანს, რომ ადამიანი შემგროვებლობიდან დაწყებული, წლების განმავლობაში, აკვირდებოდა და სწავლობდა მეფუტკრეობას და იგი უკვე შემგროვებლობიდან წარმოების პროცესზე გადავიდა.
ფუტკრის მოშინაურებას საქართველოში უხსოვარი დროიდან მისდევდნენ. ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს 8 000 წლის წინანდელი თაფლი. მეცნიერები გვიდასტურებენ, რომ თაფლი ნამდვილად არის მოშინაურებული ფუტკრის მიერ დამზადებული და არა ველურის.
აქამდე, თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლებოდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩინეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.
ახალი ქვის ხანის პერიოდში კარდინალურად იცვლება ადამიანის ცხოვრების წესი. საფუძველი ეყრება წარმოებით ეკონომიკას, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. ადამიანი სულ უფრო და უფრო აკვირდება ბუნებას, მისი აზროვნება რადიკალურად შეიცვალა. ეკონომიკის ახალმა ფორმებმა მოსახლეობის რიცხვის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი, რამაც საკვებზე პრობლემები შექმნა. საჭირო გახდა ახალი ტერიტორიების ათვისება. წარმოებით ეკონომიკაზე გადასვლამ საზოგადოების ცხოვრების საფუძვლიანი შეცვლა გამოიწვია. ადამიანთა ჯგუფები ერთიანდებოდნენ სხვადასხვა ტომებად და თემებად. გარკვეული ჯგუფები ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე სპეციალდებოდნენ კონკრეტული მიმართულებებით. თემების ერთი ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევდა, მეორე მეცხოველეობას, რაღაც ნაწილი ხელოსნობით იყო დაკავებული.
ახალმა ურთიერთობებმა ადამიანი ახალი პრობლემების წინაშე დააყენა. იგი ქმნიდა პროდუქტს, რომელსაც თვითონ მოიხმარდა, მაგრამ მას უკვე უჩნდება ახალი მოთხოვნილებები იმ პროდუქტზე, რომელსაც სხვა აწამოებს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ურთიერთობები ცვლილებებს ითხოვდა, რამაც საფუძველი მისცა ახალი ნატურალური გაცვლითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ნატურალურ გაცვლას სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძვლად მიიჩნევენ.
კითხვები:
*ქვის ხანის ადამიანის საქმიანობას რატომ ეწოდა ნატურალური მეურნეობა?
*რას საქმიანობდა ადამიანი ნატურალური მეურნეობის დროს?
*რა პრობლემების წინაშე დააყენა ნატურალურმა მეურნეობამ ადამიანი და რა ახალ ცვლილებას ითხოვდა ეკონოიკური ურთიერთობები?
დავალება:
*ნატურალური მეურნეობის რომელი საქმიანობებია შემორჩენილი თანამედროვე სამყაროში?
No comments:
Post a Comment