Tuesday, 20 December 2022

✅ 8. დაზოგვა

(მერვე გაკვეთილი)

ეზოპეს იგავი (გალექსილი ვარიანტი)

ერთხელ ერთ ჭიანჭველასა, შრომა მას უქეს რომელსა,

ვინც აფასებდა ამქვეყნად მარტოდენ მისებრ მშრომელსა,

სხვისი რომ არრა ემართა - არც სესხი ჰქონდა, არც ვალი,

გამოეტანა მზის გულზე ზამთრის საკვები მარცვალი...

აშრობდა და დასცქეროდა სიამით თავის მარაგსა

და ჩვენც აქედან დავიწყებთ ამ ჩვენს პატარა არაკსა.

მას ერთი მწერი მიადგა უცებ - სად იყო სად არა,

ვერ გაიგებდით რა იყო, ვერცერთ მწერს ვერვინ ადარა,

რადგან შიმშილის ვაებით იყო იმგვარად ძლეული,

რომ სახე დაჰკარგვოდა და იარებოდა ეული.

დასჩლუნგებოდა სისუსტით ენა, ყური თუ თვალია -

ზოგს ხოჭო ეგონებოდა, ზოგს ჭრიჭინა თუ კალია...

და სთხოვა იმ ჭიანჭველას - „ძმობილო, ძლიერ მშიაო...

ერთი მარცვალი მაჭამე, მზეზე რომ გაგიშლიაო“.

„შენ რატომ უნდა გაჭამო?! - შესძახა ჭიანჭველამა, -

მე თავად შევჭამ ჩემს ნაშრომს, უნდა იცოდეს ყველამა. -

მე რომ ზაფხულში ვშრომობდი... სად იყავ, შენ რას ელოდი?!~

მშიერმა უთხრა: „მე მაშინ შენ სიმღერებით გშველოდი!

არ გახსოვს - შრომის საზრუნავს თქვენ რომ ფიქრებში ისევდით,

მე გიმღეროდით მშრომელებს, იმედით გახალისებდით!~

„მღეროდი ჩვენთვის და ამით გვქონდა იმედი ხვალისა?! -

თქვა ჭიანჭველამ და სიტყვა სიცილით გაიხალისა:

„წადი ახლა და იცეკვე... სიმღერას ცეკვაც ამშვენებს!

ჭამა კი იმას სჭირდება, ვინც შრომით სოფელს აშენებს!~

ისევ მშიერი გაუყვა გზას ის ხოჭო თუ კალია...

უმადურობა ამქვეყნად, ვაჰმე, რა დიდი ბრალია


***

ნებისმიერ ასაკის ადამიანი გასცემს პასუხს კითხვას რისთვის არის საჭირო დაზოგვა. ბევრ ჩვენთაგანს პატარაობიდანვე გვაქს „ყულაბა“ სადაც ჩვენ ლითონის მონეტებსა და ქაღალდის კუპიურებს ვაგროვებთ. ყულაბა ეს არის ჩვენი დანაზოგი. უფროსები კი დანაზოგს ბანკში, სახლში ან სხვა უსაფრთხო ადგილას ინახავენ. აქ მთავარია ერთი, არსებობს ფული რომელსაც არ ვხარჯავთ და ვინახავთ მომავალი გეგმების განსახორციელებლად.

როგორ განმარტავენ ეკონომისტები თუ რა არის დაზოგვა?

დაზოგვა – ფულის ან სხვა რესურსის შენახვა და გონივრული გამოყენება. დანაზოგის გაკე­თება შეგვიძლია მაშინ, როდესაც დროის გარკვეულ პერიოდში ჩვენი შემოსავალი ჩვენს ხარჯებს აღემატება.

თემის დასაწყისში ჩვენ წავიკითხეთ ეზოპეს იგავ-არაკი (გალექსილი ვარიანტი). იგავ-არაკი გვიამბობს მშრომელ ჭიანჭველასა და ქარაფშუტა, უსაქმური კალიას შეხვედრას. კალიამ ჭიანჭველას სთხოვა რომ მას შია და ზამთრის სანოვაგე რომელიც ჭიანჭველას გასაშრობად ჰქონდა გაშლი­ლი ეწილადა მისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ ჭიანჭველამ თავისი შრომით შექმნა დანაზოგი სკვების სახით. იგი მთელი ზაფხულის განმავლობაში შრომობდა და იმაზე მეტი საკვები მოზიდა რაც სჭირდებოდა, სწორედ ის ზედმეტობა შეინახა დანაზოგის სახით რათა ზამთარში თავი გამოეკვება. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ შრომა და მისი შედეგის გონივრული განაწილება ერთადერთი რამაა რასაც კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.

იგავ-არაკში ვხედავთ, რომ ჭიანჭველა არ უწევს დახმარებას კალიას. ამ ქმედების შეფასება ინდივიდუა­ლუ­რია და ამიტომ მოდით ეს ქმედება ჩვენი განსჯის საგანი იყოს.

დანაზოგი განსხვავებული ფორმით შეიძლება არსებობდეს:

*ფულის დაზოგვა;

*კვების პროდუქტების დაზოგვა;

*ელექტრო ენერგიის დაზოგვა;

*წყლის დაზოგვა;

*ადამიანური ენერგიის დაზოგვა;

*დროის დაზოგვა.

ჩვენი ჩამონათვალი არასრულია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველანაერი ფორმის დაზოგვა განსაზღვრული რესურსის არსებობას ზრდის, რაც შემდგომში განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობის მაღალ ხარისხს.

როდესაც ფულს ვზოგავთ, მას უნდა ქონდეს გარკვეული მიზანი: 

• გადადე ფული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

• დაფიქრდი, რა მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებას აპირებ უახლოეს მომავალში და დაიწყე დაზოგვა კონკრეტული მიზნებისთვის.

• გააანალიზე არასაჭირო ხარჯები, რომლებიც წარსულში გაგიწევია და ისწავლე საკუთარ შეცდომებზე.

• შექმენი ყულაბა, რომელშიც ფულს რეგულარულად შეინახავ.

შეგიძლია ყულაბას ზემოდან დააწერო შენი მიზანი, მაგალითად, „ნოუთბუქი”.

შეინახე ფული უსაფრთხოდ

• აჯობებს, ფული ბანკში შეინახო, ვიდრე ბალიშის ქვეშ.

• როდესაც მშობლები ბანკში კომუნალური გადასახადების გადასახდელად, ანგარიშის გასახსნელად, ან სხვა მიზნით მიდიან, გაჰყევი მათ, რათა გაეცნო ბანკთან ურთიერთობის წესებს.

• გამოიჩინე სიფრთხილე ონლაინ გადახდების განხორციელებისას! არ შეიძინო ნივთები ისეთ ვებ–გვერდებზე, რომლებსაც არ ენდობი!

• გაუფრთხილდი პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა შენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ა.შ. და თავი შეიკავე მათი ინტერნეტით გაზიარებისგან.

• სთხოვე მშობლებს გასწავლონ, თუ როგორ გამოიყენება ბანკომატი.

• მოერიდე დანაზოგის შენახვას ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც არარეალურად მაღალ სარგებელს გპირდება და რომელთა შესახებაც არ ფლობ საკმარის ინფორმაციას!

გამოიჩინე დისციპლინა ფულთან მიმართებაში

• გაეცანი წიგნებს და ვებგვერდებს მეწარმეობის, დაზოგვისა და გონივრული ხარჯვის შესახებ.

• განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინე ონლაინ თამაშების ვებგვერდებთან და თავი შორს დაიჭირე აზარტული თამაშებისგან.

ასეთი თამაშები შეჩვევას იწვევს; რეალურად კი, მოგების შანსი მცირეა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, უმრავლეს შემთხვევაში, ფინანსურად წამგებიანია.

• არასოდეს შეეცადო სხვებისთვის თავის მოწონებას ან სხვების გაოცებას შენი ფულით!

• აუცილებლად ჰკითხე ოჯახს აზრი, სანამ რაიმე მნიშვნელოვან ფინანსურ გადაწყვეტილებას მიიღებდე.

• ისწავლე კარგად, რათა შეძლო შენი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და ფულის კეთილსინდისიერი გზით გამომუშავება!

• გონივრულად გამოიყენე დრო! რადგან დრო ფულია. 

• შეადგინე პირადი ბიუჯეტი.

ბიუჯეტი

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კეთილდღეობის მიღწევა შრომისა და მისი შედეგის გონივრულად გა­ნაწილების შედეგია. შრომის შედეგისა და მისი განაწილების დაგეგმვის საუკეთესო საშუალებაა ბიუჯეტის შედგენა.

როგორია ეკონომისტების მიერ ბუჯეტის განსაზღვრა?

ბიუჯეტი - ცხრილი, რომელიც წარმოაჩენს ყველა იმ შემოსავალსა და ხარჯს, რომელიც დრო­ის გარკვეულ მონაკვეთში გვეკუთვნის. ბიუჯეტს ადგენენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ისე კომპანიები და სახელმწიფო ორგანიზაციები.

ბიუჯეტი შემოსავლების და ხარჯების კონტროლის საუკეთესო საშუალებაა.

დავიმახსოვროთ, რომ ბიუჯეტის შედგენა ნიშნავს არა ზედმეტ მომჭირნეობას, არამედ პირა­დი ფინანსების გონივრულად მართვას.

შევადგინოთ ჩვენი ყოველთვიური ბიუჯეტი. პირველ ცხრილში, ჩამოვწეროთ თვის განმავ­ლობაში არსებული ყველა შემოსავალი.

მეორე ცხრილში ჩამოვწეროთ თვის განმავლობაში არსებული ყველა ხარჯი.

მთლიან შემოსავალს გამოვაკლოთ მთლიანი ხარჯი. დადებითი ნაშთი 40 ლარი (სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის) კი შეგვიძლია დანაზოგის სახით შევინახოთ.

ბიუჯეტის შედგენა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები. ეს კი დაგვეხმარება შემოსავლისა და ხარჯების გონივრულად გადანაწილებაში და შესაბამი­­სად, მეტის დაზოგვაში.

ფინანსური მიზანი შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი:

მოკლევადიანი მიზნები ისეთი მიზნებია, რომელთა მიღწევაც სწრაფად არის შესაძლებელი (მაგ. რამდენიმე კვირაში, ან რამდენიმე თვეში), და რომლებიც დიდ ფინანსურ ხარჯთან არ არის დაკავშირებული. ასეთი მიზნები შეიძლება იყოს: დაბადების დღის აღნიშვნა, მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვა, ახალი თამაშის შეძენა და ა.შ. გრძელვადიანი მიზნები კი ისეთი მიზნებია, რომელთა მიღწევაც შედარებით დიდ დროსა (მაგ. ერთ ან რამდენიმე წელს) და ხარჯს მოითხოვს. ასეთი მიზანი შეიძლება იყოს: ტელეფონის ან კომპიუტერის შეძენა და ა.შ.

ფინანსური მიზნები უნდა იყოს მიღწევადი, კონკრეტული და დროში გონივრულად გაწერილი.

განსაზღვრე, თუ რამდენს შეადგენს შენი ყოველთვიური შემოსავალი. უნდა გავიხსწნოთ შემოსავლის ყველა ის წყარო საიდანაც შენი შემოსავალი შეგება - ხელფასი (თუ უკვე მუშაობ), საჩუქრები, სტიპენდია და სხვა შემოსავალი.

გააკეთე ყოველთვიური ხარჯების ჩამონათვალი: ხარჯები საკანცელარიო ნივთებისთვის, გართობისთვის, საკვებისთვის, ტრანსპორტისთვის, მობილური ტელეფონისთვის, ქველმოქმედებისთვის და ა.შ. არ გამოგრჩეს ფარული ხარჯებიც – მაგ., სასუსნავების ხარჯი!

თვის ბოლოს, მთლიან შემოსავლებს გამოაკელი მთლიანი ხარჯები და გაარკვიე, თუ რამდენს შეადგენს ნაშთი/მოგება. როგორც უკვე იცი, თუ ნაშთი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ შენი ხარჯები უფრო ნაკლებია, ვიდრე შემოსავლები, ბიუჯეტი კი „პროფიციტულია“, რაც კარგია; ხოლო თუ ნაშთი უარყოფითია, ანუ, 0-ზე ნაკლებია, მაშინ შენი ბიუჯეტი „დეფიციტურია“, რაც, ალბათ თავადაც ხვდები, რომ არც თუ ისე კარგია!

თუ შენი ბიუჯეტი დეფიციტურია, უნდა გააანალიზო და საჭიროებისამებრ, შეცვალო შენი ფინანსური ქცევები გაზარდო შემოსავლები, და/ან შეამცირო დანახარჯები.

ჩვენ ვსწავლობთ ფულის დაზოგვას და სწორად ხარჯვას, ბიუჯეტის შედგენას - შემოსავლებს და ხარჯებს, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ფული არ უნდა იყოს საბოლოო მიზანი და ფულის გამომუშავებაზე ზრუნვამ არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება. ცხოვრებაში მხოლოდ ფული არ ქმნის ადამიანის ბედნიერებას, არსებობს  გაცილებით მნიშვნელოვანი ღირებულებები - სამშობლო, თავისუფლება, სიყვარული, ოჯახი და მეგობრები.


კითხვები

*რას ნიშნავს დაზოგვა?

*სწორად იქცევა ჭიანჭველა, როდესაც უარს ეუბნება დახმარებაზე კალიას?

*რა არის ბიუჯეტი და რისთვისაა საჭირო მისი შედგენა?

*რამდენი ნაწილსგან შედგება ბიუჯეტი?

დავალება:

*პირად მაგალითზე დაგეგმე საკუთარი შემოსავლები და ხარჯები. შეადგინე ბიუჯეტი?


No comments:

Post a Comment

ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...