✅(მეშვიდე გაკვეთილი)
როდესაც ეკონომიკის სამყაროს გაცნობას ვიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საჭიროება და მოთხოვნილება ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი ტერმინებია.
ამ ორი ტერმინის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რა არის საჭიროება?
საჭიროება არის რაღაცისადმი უკმარისობის გრძნობა, რომელსაც განიცდის ადამიანი. საჭიროება საკმაოდ მრავალფეროვანი და რთული ასახსნელია.
არსებობს საჭიროების რამდენიმე განსხვავებული ტიპი:
ფიზიკური — საჭიროება საკვების, ტანსაცმლის, სითბოსი და უსაფრთხოების;
სოციალური — საჭიროება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, სულიერი სიახლოვისა და სიყვარულისა;
ინდივიდუალური — საჭიროება ცოდნისა და თვითგამოხატვისა.
როდესაც საჭიროება არ კმაყოფილდება, ადამიანი ეძებს სხვა საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დაიკმაყოფილოს ეს საჭიროება ან ახშობს მას.
მეორე ტერმინი, რომელიც ეკონომიკის ძირითადი საფუძველია მოთხოვნილებაა, რომელიც არის საჭიროების გამოხატული კონკრეტული ფორმა, სადაც ადამიანის ქცევას მოთხოვნილება განსაზღვრავს. მაგალითად ადამიანს აქვს წყურვილის საჭიროება, მაგრამ მას გააჩნია მოთხოვნილება ონკანის, მინერალურ ან სხვა რომელიმე სითხეზე რაც დააკმაყოფილებს წყურვილს.
ჩვენ ყველას გვაქვს მოთხოვნილებები და ის შეიძლება იყოს საკმაოდ მრავალფეროვანი, მაგრამ ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არსებული რესურსი ყოველთვის შეზღუდულია. პირველ გაკვეთილში უკვე აღვნიშნეთ, რომ ეკონომიკის შესწავლის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვისწავლოთ ჩვენი შეზღუდული რესურსების სწორად მართვა.
ადამიანი ყოველთვის სიახლისკენ ისწრაფვის, ადამიანებს სხვადასხვა დროში სხვადასხვა მოთხოვნილებები უჩნდებათ. ძველ დროში ადამიანებს სულ სხვა მოთხოვნილებები გააჩნდათ, ხოლო თანამედროვე ადამიანებს უფრო განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ. ე.ი. მოთხოვნილების სახე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ რა გარემოში და რა დროში ცხოვრობს ადამიანი.
მოვიყვანოთ მაგალითი. გავიხსენოთ კიპლინგის „მაუგლი“. რომელსაც საკვების საჭიროების შემთხვევაში აქვს შემდეგი მოთხოვნილება. იგი ტყის მეგობრებთან ერთად მშვენივრად მიირთმევს მცენარის ფესვებს, უმ ხორცს, სხვადასვა მცენარის ნაყოფს და ა.შ. თანამედროვე მაუგლის ასაკის ადამიანს კი საკვების საჭიროების შემთხვევაში აქვს შემდეგი მოთხოვნილება - იგი მიირთმევს ფუნთუშას, შემწვარ ან მოხარშულ ხორცს, კარტოფილის ჩხირებს, კოკა-კოლას და ა.შ.
ამ ორივე შემთხვევაში ადამიანისთვის საჭიროა საკვები, ხოლო მათი მოთხოვნილება ერთმანეთისგან განსხვავებდება იმიტო, რომ ისინი სხვადასხვა გარემოში და დროში ცხოვრობენ.
აბრაჰამ მასლოუ (1908-1970) ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი. მასლოუს ნაშრომებიდან საზოგადოებისთვის ფართოდ არის ცნობილი ეგრეთწოდებული „მასლოუს პირამიდა“ (მოთხოვნილების იერარქია). ეს არის პირამიდული დიაგრამა, რომელიც იერარქიულად წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილებებს, სადაც მოთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისაკენ. მისი აზრით, თვითრეალიზაციის ტენდენცია არა მხოლოდ ადამიანური უნარია, არამედ ადამიანური მოთხოვნილებაც.
მიუხედავად ამისა მასლოუ პირიქით თვლიდა, რომ ადამიანის მოთხოვნილებათა ამდაგვარი დაყოფა და მიმდევრობა არ არის ფიქსირებული და უმეტესწილად დამოკიდებულია ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.მასლოუს თეორიის მიხედვით, ადამიანს აქვს ხუთი ძირითადი მოთხოვნილება და მოცემული იერარქიული თანამიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი მოთხოვნილებებს.
ადამიანს გადარჩენისთვის უწინარესად ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სჭირდება. ფიზიოლოგიურია მოთხოვნილება, რომელიც ფიზიკურ გადარჩენასთან არის დაკავშირებული - საკვები, წყალი, ჟანგბადი, თავშესაფარი, ძილი, სითბო.
შემდგომ მას უჩნდება უსაფრთხოების მოთხოვნილება- უსაფრთხოების, კომფორტის, უშფოთველობის, შიშისგან თავისუფლების მოთხოვნილება.
როცა უსაფრთხოების მოთხოვნილებაც დაკმაყოფილებულია, მიკუთვნებულობისა და სიყვარულის მოთხოვნილება ჩნდება. ესაა მოთხოვნილება, გიყვარდეს და უყვარდე, ეკუთვნოდე და მიგიღონ ჯგუფის წევრად; მოთხოვნილება, თავი აარიდო მარტოობასა და გარიყვას.
მომდევნოა დაფასებისა და აღიარების მოთხოვნილება. მოთხოვნილება, მოგწონდეს საკუთარი თავი, გქონდეს დადებითი თვითშეფასება, სხვების მიერ აღიარების, პატივისცემისა და მოწონების, წარმატების, კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება.
ამას მოსდევს თვითრეალიზების ანუ საკუთარი უნიკალური პოტენციალის სრული რეალიზების მოთხოვნილება. თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები - საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების (ადამიანური კაპიტალის) გამოხატვა, ანუ ესაა იმის მიღწევის შესაძლებლობა, რის პოტენციალიც პიროვნებას გააჩნია. იგი უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სულიერ სამყაროს.
თვითრეალიზაციის საფეხური შეიძლება ითქვას ერთეულების ხვედრია - ადამიანები რომლებიც მოტივირებულები არიან განვითარებაზე, თვითრეალიზაციაზე. ადამიანები რომელთა პირველდი, ფიზიოლოგიური, ცხოველური ინსტიქტები, უკანა პლანზე ინაცვლებს.
მოტივაციის ცნება ლათინური ენიდან მომდინარეობს, კონკრეტულად სიტყვიდან „movere”, რაც მოძრაობას, მიზნისკენ სწაფვას, მიმართულების მიცემას გულისხმობს. თავის მხრივ, მოტივაცია შედგება მექანიზმებისგან, რომლებიც ერთ აქტივობას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეორეს, და შემდეგ არჩეულ აქტივობას, განხორციელების პროცესში, ენერგიას, სიმტკიცეს და მდგრადობას სძენენ.
მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადადის. თუმცა, იგი ასევე აღიარებდა, რომ თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით, მაღალ დონეებზე.
ადამიანთა მოთხოვნილებები ინდივიდუალურია და ერთმანეთისაგან განსხვავებული. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ, მოტივაციის მისაღწევად არ არსებობს ერთი კონკრეტული მეთოდი. მოკლედ, ის, რაც ადამიანთა ერთი ნაწილის მოტივაციისთვის ეფექტიანია, მეორე ნაწილისთვის შეიძლება სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდეს.
მასლოუ ამტკიცებდა, რომ თვითრეალიზაციის საფეხურზე, პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ და მათი რაოდენობა დაახლოებით 1-2% შედგენენ, ამიტომ თვითრეალიზაციის მოთხოვნილება მასლოუმ მოთხოვნილებათა იერარქიის მწვერვალზე მოათავსა. თვითრეალიზება, შემოქმედებითი საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნილებაა, რომელთა მოთხოვნილებების იერარქიაში ის პირველადი ცხოველური მოთხოვნილებები უკანა პლანზე არის გადაწეული. აბრაჰამ მასლოუ თვითონ შემოქმედი ადამიანი იყო და სიკვდილის წინ ნანობდა, რომ მან პირამიდის მრავალგვარობაზე არ იზრუნა და რომ იგი შემოქმედი ადამიანების პირამიდას ამობრუნებული სახით ხედავდა.
*რა განსხვავებაა საჭიროებასა და მოთხოვნილებას შორის?
*როგორ მოქმედებს ადამიანის მოთხოვნილებაზე დრო და გარემო (მოიყვანეთ მაგალითები)?
*რატომ ფიქრობდა მასლოუ, რომ შემოქმედებითი ადამიანებისთვის პირამიდა ამობრუნებული სახით ყოფილიყო?
დავალება:
*აღწერეთ მასლოუს მოთხოვნილების პირამიდის საფეხურები.
მაგალითად:
ფიზიოლოგიური მოთხოვნილება - წყურვილი, შიმშილი ......
მოთხოვნილება უსაფრთხოებაზე - საცხოვრებელი (თავშეფარი), შიშისგან თავისუფლების მოთხოვნა ....
მოთხოვნილება სიყვარულზე, ურთიერთ პატივისცემაზე ( სოციალური მოთხოვნილება) - მოთხოვნილება უყვარდე და გიყვარდეს, მეგობრის პატვისცემა ....
აღიარების მოთხოვნილება - სხვათა მხრიდან პატივისცემა, შენი შრომის შედეგის დაფასება ..
თვითრეალიზაცია (შემეცნებითი მოთხოვნილებები) - ადამანის პირველადი ცხოველური მოთხოვნილებები მეორეხარისხოვანია ...
No comments:
Post a Comment