Friday, 28 October 2022

✅ თაფლის ფული ანუ თეთრი სამეფოს ამბავი (გასფერადებელი ვერსია)



 

წიგნის გამოცემა დაფინანსებულია “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” მიერ, 
გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის პროექტის
„ფინანსური წიგნიერება ბავშვებში და ახალგაზრდებში“ ფარგლებში.

„ეკონომიკა ბავშვებისთვის“ არის საბავშვო წიგნების სერია ეკონომიკაზე. ეკონომიკა ბერძნული სიტყვაა და საოჯახო მეურნეობის მართვას ნიშნავს (οίκος-სახლი და νομος-ვმართავ). არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარი ოჯახის მეურნეობას ვმართავთ, თუ სახელმწიფოს. წარ­მატებული შედეგის მიღწევა ყოველთვის დამოკიდებულია ჭკვიანურ და სწორ მართვაზე.

სერიის პირველი სეზონის პირველი წიგნი `თაფლის ფული ანუ თეთრი სამეფოს ამბავი~, მოგვითხრობს კაცობრიობის ეკონომიკური ისტორიის განვითარების პირველ ეტაპს, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ფული და ნატურალური მეურნეობა, შემდგომში კი ნატურალური გაცვლა იყო ადამიანებს შორის კომუნიკაციის ერთადერთი ეკონომიკური პროცესი. 

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ასაკის ადამიანი ჩართულია ეკონომიკურ ურთიერთობებში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების სწორი ცოდნა აუცილებელია, როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. ჩემი სურვილია, რომ ამ ზღაპრების წაკითხვის შემდეგ მეტი კითხვა გაგიჩნდეთ ეკონომიკის შესახებ.

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ეკონომიკის სამყაროში!

© ზაზა მინდიაშვილი, 2019

ISBN 978-9941-8-0976-7


თაფლის ფული ანუ

თეთრი სამეფოს ამბავი

ჩემი თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როდესაც დაუსრულებელი ხმაურისგან გაბეზრებულმა ფიჭის უჯრიდან  თავი ამოვყავი და ბზუილა ფუტკრების მრავალრიცხოვან სახელმწიფოში აღმოვჩნდი. მაშინვე მუშა ფუტკრების გარემოცვაში მოვხვდი, პირი დიდზე გამაღებინეს და რძე ჩამასხეს. ასე მასმევდნენ რძეს სამი დღის განმავლობაში. შემდეგ, როგორც იქნა, ამოვძვერი უჯრიდან და პირველად გავსინჯე გემრიელი თაფლი, რომელიც როგორც გავიგე, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ერთადერთი საკვები იქნებოდა.

ჩვენს მრავალრიცხვოვან ოჯახში ერთი განსაკუთრებულად ლამაზი და განსხვავებული ზომის დიდი ფუტკარი დადიოდა. სულ საქმის კეთებაში იყო, მისი ბრძანების გარეშე სახლიდან გარეთ ვერავინ ვერ გადიოდა. ფერიც უფრო წითელი ჰქონდა, იმდენი მცველი ჰყავდა, რომ ახლოს ვერავინ ეკარებოდა, განსაკუთრებულად უვლიდნენ და საკვებს არ აკლებდნენ. ვუყურებდი და მაინტერესებდა ვინ იყო და შეიძლებოდა თუ არა, რომ მეც ოდესმე მის გვერდით მემუშავა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც მუშა ფუტკარმა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში რძეს მასმევდა და სულ გვერდში დამყვებოდა გვერდით ჩამიბზუილა:

- აბა წამომყევი, დედა ფუტკარმა ახალი დავალება უნდა მოგვცეს. - და იმ დიდ მოწითალო ფერის ფუტკართან მიმიყვანა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ გაშტერებული ვუყურებდი.

პირველად ვნახე ასე ახლოს დედა ფუტკარი, ის ჩვენი ოჯახის ნამდვილი დედოფალი იყო. როგორც გავიგე, ჩვენ ყველა დედა ფუტკარის შვილები ვიყავით და მის გარეშე ფუტკრის ოჯახი ვერ გამრავლდებოდა, მასზე იყო დამოკიდებული თუ რამდენად ძლიერი იქნებოდა ოჯახი. დედა ფუტკარი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ თუ გამოდის სკიდან და სწრაფადვე უბრუნდება ოჯახს. იგი მთელი დღე-ღამის მანძილზე ათასობით კვერცხს დებს ფიჭის უჯრებში, საიდანაც ფუტკრის ბარტყები იჩეკებიან.

დიდ ფუტკართან ერთ დღეს დაბადებულ ყველა ჩემს თანატოლს მოგვიყარეს თავი. ყველანი პირდაღებულები ვუყურებდით დედა ფუტკარს. ჩვენს იქ ყოფნაში მან ცარიელ უჯრებში რამდენიმე ასეული კვერცხი ჩაალაგა, მერე მოგვიბრუნდა და გვითხრა:

- ფუტკრებო, თქვენი ნაწილი ჩემთან დარჩება და მომეხმარება, ხოლო დანარჩენებმა სანთლის ახალი უჯრები დამიმზადეთ, რომ კვერცხის ჩასალაგებელი ადგილები არ გამოილიოს.

დედოფალთან გვერდით ყოფნა რამდენიმე წუთის წინ ხომ ჩემი ოცნება იყო, თვალები დავხუჭე და ველოდებოდი მის გადა­წ­ყვე­ტილებას, დამტოვებდა თუ არა თავისთან. უცებ ფუტკრები აბზუილდნენ, ჯგუფის ერთმა ნაწილმა დაგვტოვა და სანთლის ფიჭების დასამზადებლად გასწია. ახდა ჩემი ნატვრა და დავრჩი დედა ფუტკრის მსახურად. გარდა იმისა, რომ დედა ფუტკარს ვიცავდით, ამასთან ერთად ვკვებავდით კიდეც. აქ ყველას თავისი კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა, ამიტომაც ეძახდნენ ადამიანები თაფლის წარმოებას ფუტკრების მანუფაქტურას*. მე და ჩემი ასაკის მუშა ფუტკრებს უკვე შეგვეძლო სანთლის გამოყოფა, ფიჭის დამზადება, სკაში მოტანილი ნექტარის მიღება და თაფლად გადამუშავება. დედა ფუტკარი მუდმივად ახალ საქმეს გვასწავლიდა და საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ სკის გარეთ არ ვიყავით გასული, გვაინტერესებდა რა ხდებოდა იქ, რატომ გვივლიდა ადამიანი. დედა ფუტკრის ნაამბობიდან გავიგეთ, რომ სკის გარეთ იყო „თეთრი სამეფო“, თეთრი გალ­ავნით, ბევრი ყვავილებითა და თეთრი მთებით.


დედა ფუტკართან რამდენიმე დღე გავატარე. ოცი დღის გავხდი და უკვე მეორე დღეს, როგორც ყველა მუშა ფუტკარი მეც გავალ სკის გარეთ, რადგან ოცდაერთი დღის შემდეგ ყველა მუშა ფუტკარი სიცოცხლის ბოლომდე ნექტრისა და ყვავილების მტვრის შეგროვებით არის დაკავებული.

დილით, როგორც კი მზემ გამოანათა, მეც სხვებთან ერთად სამუშაოდ გამოვფრინდი. გამოცდილ ფუტკარს ავედევნე და ყვავილების საძებნად გავეშურეთ. ვცდილობდი მაღლა ავსულიყავი, რომ ზევიდან დამეთვალიერებინა `თეთრი სამეფო~ თავისი უზარმაზარი თეთრი გალავნით. სკის გარეთ სულ სხვა სამყარო დამხვდა, პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც როგორც გამოცდილი ფუტკრები მიყვებოდნენ, არც ისეთი საშიში ყოფილა. სამეფოს მთავარ მოედანზე ათასფერად მორთული ქალაქის მთავარი ბაზარი გადაშლილიყო, მთებიდან კი, როგორც მითხრეს, მდინარე სანტიდრე მოედინებოდა. აქ, ვაჭრობის გარდა სხვავდასხვა სანახაობები იმართებოდა. კარგად ვხედავდი მოხეტიალე მუსიკოსებს, მსახიობებსა და ჯამბაზებს. მთავარი მოედნის გარშემო განლაგებულ სახელოსნოებს ჩავუფრინე. დუქნებში მჭედლები, თერძები, მეთუნეები, მედუქნეები მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. `თეთრი სამეფოს~ თითქმის ყველა სახლის ეზოში შეამჩნევდით ათე­ულობით და ზოგან ასეულობით სკას. ფუტკრები თაფლის დასამზადებლად სამეფოს გარშემო ტყე­ებიდან და მთის ფერდობებიდან საკუთარ სკებში ეზიდებოდნენ ყვავილის მტვერსა და ნექტარს.


ფუკრები სხვადასხვა მხარეს გაფრინდნენ. ქალაქის მთავარი ბაზრისკენ ერთი დიდი ყვა­ვილებით სავსე ბუჩქი დავინახე და დაბლა დავეშვი. რაც უფრო ვუა­ხლოვდებოდი, ბუჩქი დიდდებოდა და ბოლოს უზარმაზარი ყვავილებით სავსე ხეზე აღვმოვჩნდი. ერთ ყვავილში შევძვერი, ისეთი სუნი მეცა, რომ თავბრუ დამეხვა და იქვე პრიალა დიდი ფოთოლი რომ არ ყოფილიყო მიწაზე მოვადენდი ზღართანს. უცებ ხმა მომესმა:

- აბა, ადექი და შეძვერი ყვავილში!

ვერ მივხვდი ვინ მელაპარაკებოდა და დაბნეულმა დავიწყე აქეთ-იქით ყურება.

- მაგნოლიის ხე ვარ, - შემომძახა მოხუცმა ხემ, შემათვალიერა და განაგრძო, - წლების განმავლობაში ჩემი ყვავი­ლებიდან იმდენი ნექტარი და მტვერი აქვთ ფუტკრებს წაღებული თაფლის დასამზადებლად, რომ მეფემ სამეფოში ფუტკრის და მაგნოლიის ყვავილის გამოსახულებიანი ოქროს მონეტა* მოაჭრევინა.

- მეფე ვინ არის? - ვიკითხე გაოცებულმა.

- „თეთრ სამეფოს“ ჰყავს მეფე, მეფეს კი მინისტრები, რომლებიც მას ქვეყნის მართვაში ეხმარებიან, ჯარი, რომელიც სამეფოს მტრის შემოსევისგან იცავს, პოლიცია და მოსამართლე, რომლებიც სამეფოში წესრიგსა და კანონს იცავენ. ისინი ყველანი მეფის სამსახურში არიან და ხელფასს სამეფოს ხაზინიდან* იღებენ. სამეფო საკუთარ ვერცხლისა და ოქროს მონეტას ჭრის, რომლებზეც ფუტკარი, თაფლის ქილა და მაგნოლიის ყვავილია გამოსახული.


- და ეს ყველაფერი შენ საიდან იცი? - ვიკითხე.

- მე, სამეფოს ყველაზე მოხუცი მაგნოლიის ხე ვარ. მრავალი წლის განმავლობაში ქალაქის მთავარ ბაზარზე ვდგავარ და იმ დროსაც მოვესწარი, როდესაც ჯერ კიდევ ფული არ არსებობდა. ალბათ, ისიც გაინტერესებს, რატომ ჰქვია „თეთრი სამეფო“ და რატომ არის გამოსახული მონეტებზე ფუტკარი, თაფლის ქილა და მაგნოლიის ყვავილი? ეს დიდი ისტორიაა, ეხლა გაფრინდი, არ დაგიღამდეს და დანარჩენს ხვალ გიამბობ.

მაგნოლიის ყვავილის მტვერით და ნექტარით კარგად დავიტვირთე და სკისკენ გავეშურე. გზად სამხრეთ კარიბჭეს გადავუფრინე და ქალაქის კედლის გარეთ თვალუწვდენელი ზღვა და ყვავილებით გადაჭედილი მინდორი დავინახე. სხვადასხვა მინდვრის ყვავილის ნექტარისა და მტვრის დამატებაში ვიყავი გართული, რომ ზღვაზე უზარმაზარი გემი გამოჩნდა, კარიბჭეს მიადგა. მეზღვაურებმა გემის კიდე კარიბჭის შესასვლელის გადმოსაკიდ ხიდს მიამაგრეს და ტვირთის დაცლა დაიწყეს. დამაინტერესა რას ცლიდნენ და გემბანისკენ გავფრინდი. ერთ დიდ კასრზე დავჯექი, რომლის სახურავიც წითელი სითხით იყო დასვრილი. გემო გავუსინჯე თუ არა, კასრი ორად მომეჩვენა. შემეშინდა და იქვე დიდ ტომარაზე გადავფრინდი. მერე კი გავიგე კასრების გაორების მიზეზი, ამ კასრებით ხომ უცხო ქვეყნიდან წითელი ღვინო შემოჰქონდათ. გემიდან გადმოსაკიდი ხიდისკენ გავემართე. კარიბჭის შესასვლელში გალავნის მცველები იდგნენ და შემოსულ საქონელს ამოწმებდნენ, უცხოელი ვაჭრები კი ადგილობრივებს ყიდვა-გაყიდვაზე ურიგდებოდნენ. შებინდდა და სკისკენ გავფრინდი. ნექტარი და ყვავილების მტვერი თაფლის დასამზადებლად უმცროს მუშა ფუტკარს გადავაბარე და დასასვენებლად ერთ ცარიელ უჯრაში ჩავძვერი. გვერდით უჯრაში ერთი ასაკოვანი მუშა ფუტკარი ისვენებდა, რომელსაც ჩვენი და ადამიანის მეგობრობის შესახებ კითხვები მივაყარე.

- მრავალი წლის წინათ, ფუტკრების ოჯახი „თეთრი სამეფოს“ ტყეში, ხის ფუღუროებში ცხოვრობდა. ეს ის დრო იყო, ადამიანი ნატურალური მეურნეობით* რომ იყო დაკავებული. იგი მიწის დამუშავებით, შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენდა თავს. ცალკე ადამი­ანი, ცალკე დათვი მოსვენებას არ გვაძლევდა და თუკი სადმე მი­გვაგნებდნენ, პირწმინდად ანადგურებდნენ მთელი წლის ნაშრომს. ფუტკრებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ და მუდმივად ახალი თავშესაფარის ძებნაში უხდებოდათ ცხოვრება. ადამიანმა შენიშნა, რომ თაფლის ამოღების შემდეგ ფუტკრები ფუღუროს ისევ უბრუნდებოდნენ და მიხვდა, რომ იქ, სადაც ხის ფუღურო და ფუტკარი იყო, სარგებლის მიღება შეიძლებოდა. მან დაიწყო ტყეში იმ გამოფუღუროებული ხის კუნძების მოძიება, რომელშიც ფუტკარი ცხოვრობდა. კუნძებს საცხოვრებელი სახლ­ის სიახლოვეს ალაგებდა და მოთმინებით ელოდა, როდის შე­ა­ვსებდა ფუტკარი თაფლით ფიჭებს. წლების განმავლო­ბაში აკვი­რდე­ბოდა და სწავლობდა ადამიანი ჩვენს ცხოვრებას, ისწავლა მოვლა, თაფლისა და სანთლის დამზადება და მრავალი წლის დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდა. შემდეგ თვითონ დაგვიმზადა საცხოვრებელი, რომელსაც სკა დაარქვა. - დაასრულა თხრობა მოხუცმა ფუტკარმა და ხვრინვა ამოუშვა.

დილით, როგორც კი ფუტკრები აბზუილდნენ, მეც სხვებთან ერთად სამუშაოდ გამოვფრინდი. სანამ მოხუც მაგნოლიასთან მოვხვდებოდი თეთრი მთისკენ გავფრინდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მთას, მით უფრო მეტი სიცივე მოდიოდა მისგან. ორ მთას შუა ისეთი ნისლი იდგა, რომ მთის იქით საერთოდ არაფერი არ ჩანდა. ნისლში დაკარგვის შემეშინდა, უკან გამოვბრუნდი. გზად წვიმა წამოვიდა, ისევ მაგნოლიის ხესთან მივფრინდი, ორ ფოთოლქვეშ შევძვერი, წვიმის გადაღებას დაველოდე და მაგნოლიას თეთრი მთისკენ ჩემი მოგზაურობის ამბავი მოვუყევი. მოხუცმა ხემაც წინა დღის დანაპირები ისტორიის მოყოლა დაიწყო:

- არსებობს ლეგენდა, რომ თაფლით სახელგანთქმულ „თეთრ სამეფოს“ მუდმივად მტრობდნენ მეზობელი სამეფოები, რომლებსაც თაფლის მარაგის ხელში ჩაგდება უნდოდათ. ჩრდილოეთით, მთებს იქით „შავი სამეფოა“. „შავი სამეფოს“ ჯარი დასავლეთიდან ზღვით და ჩრდილოეთიდან მთებს შუა უღელტეხილით, მდინარე სანტიდრეზე გადმოდიოდა და თავს ესხმოდა „თეთრ სამეფოს“. ერთხელ, „შავი სამეფოს“ ჯარი კვლავ გამოჩნდა. მოსახლეობამ თაფლის მარაგი საგულდაგულოდ გადამალა, მეფემ კი შეკრიბა თავისი მეომრები მტრის დასახვედრად. ხელჩართული ბრძოლა ზამთრამდე გაგრძელდა. წლის ბოლო დღის ადრიან დილით სამეფო უცნაურმა სიჩუმემ მოიცვა. ხალხი იმ მთას გაჰყურებდა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ციდან თოვლის ფანტელები ცვიოდა, მთა მთლიანად გადა­თეთრებულიყო. სამეფოს დამცველებს „შავი სამეფოს“ ჯარი მთლიანად გაენადგურებინათ, მაგრამ ამ ბრძოლას „თეთრი სამეფოს“ თითოეული მებრძოლი შეეწირა და უღელტეხილზე ყინულებად იქცნენ. ლეგენდის მიხედვით, გაყინული თეთრი ჯარისკაცები არასდროს ტოვებენ უღელტეხილს. გაზაფხულიდან ზამთრამდე ამ ადგილს თეთრი ნისლი ფარავს, ნისლში მოხვედრილი მტერი ძნელად თუ გაიკვლევს სამეფოსკენ მიმავალ გზას. ზამთარში კი უღელტეხილი ისეთი მრისხანე და შეუვა­ლია, რომ ვერავინ ბედავს მასთან მიახლოვებას. სამეფოში გაქრა მტრის შიში, მათ იციან, რომ სამეფოს თეთრი, ყინულადქცეული ჯარისკაცები იცავენ.

მალე წვიმამაც გადაიღო, ფოთლებიდან გამოვძვერი და მაგნოლიის ხის კენწეროსკენ გავემართე, ერთ დიდ ყვავილში შევძვერი და ნექტარის შეგროვებას შევუდექი. ხის წვეროდან კარგად მოჩანდა ქალაქის გალავანი. გალავნის გასა­სვლელში ისევ მცველები იდგნენ და საქონლით დატვირთულ შემომსვლელ და გამსვლელ ურმებს ამოწმებდნენ. შემდეგ საქონლის პატრონი გადასახადს იხდიდა და გალავნიდან მხოლოდ მას შემდეგ გადიოდა ან შემოდიოდა. კარიბჭესთან გრძელი რიგი იდგა, სწორედ ისეთი, შებინდებისას ჩვენი სკის შესასვლელში სამუშაოდან დაბრუნებული ფუტკრები რომ ელოდებიან ხო­ლმე. დამაინტერესა რა ხდებოდა და ისევ მრავლისმომსწრე მაგ­ნოლიას ვკითხე. მაგნოლიამ ფოთლებიდან წვიმის წვეთები ჩა­მოიფერთხა და ჩემი გაუთავებელი კითხვებისგან თავი რომ დაეღწია ამბის თხრო­ბა უძველესი დროიდან დაიწყო:

- დიდი ხნის წინ ადამიანები ნატურალური მეურნეობიდან ნატურალურ გაცვლაზე* გადავიდნენ. ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეეძლო იმ პროდუქტის სანაცვლოდ, რომელიც მას უხვად ჰქონდა, მიეღო სხვა  პროდუქტიც, რომელიც ასევე საჭირო იყო მისი არსებობისთვის. ეს ის დრო იყო, როდესაც  ქვეყანაზე ჯერ კიდევ არ არსებობდა ფული. ადრიან დილით, `თეთრი სამეფოს~ ბაზრისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთის კარიბჭიდან ხილითა და ხორბლით დატვირთული ურმები, სხვადასხვა მსხვილფეხა საქონელი, ნანადირევი და ტყის ნობათი შემოდიოდა. სამეფოს სამხრეთ კარიბჭეს კი თევზით, მარილით, სხვა­და­სხვა ნაკეთობებით, ტანსაცმლითა და ღვინით სავსე კასრებით დატვირთული გემები ადგებოდნენ. გემებს უცხოელი ვაჭრები მოჰყვებოდნენ და ქალაქის ბაზარში ადგილობრივ ვაჭრებთან საქონლის გაცვლას აწარმოებდნენ. სამეფოს მეფუტკრეებს საუკეთესო ხარისხის თაფლის წარმოებით ჰქონდათ განთქ­მული სახელი და უცხოელი ვაჭრებიც ძირითადად თაფლით იყვნენ დაინტერესებულები. დიდი მოთხოვნილების გამო, თაფლი უფრო დაფასებული პროდუქტი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვაჭრებისთვის თაფლი შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მეფუტკრეობა უფრო მეტად განვითარდა.

წლების წინაც, სამეფოს სამხრეთ და აღმოსავლეთ გალავნის ორივე კარიბჭესთან მეგალავნე ჯარისკაცები იდგნენ. ისინი ქალაქის ბაზრისკენ მიმავალთ გადასახადს - ბაჟს* ახდევინებდნენ. სამეფოს გალავანში ისე ვერავინ შევიდოდა და ვერც გარეთ გავიდოდა თუ საქონლის მეხუთედს, ბაჟს, თაფლის ან სხვა საქონლის სახით მებაჟეს არ დაუტოვებდა. გალავნის ყველა მხრიდან შემოსული ბაჟი სასახლის ხაზინაში შედიოდა. სამეფოში თაფლი თითქმის ყველა ოჯახში საკმარისი იყო, ამიტომ ხაზინაში შეგროვებულ სხვადასხვა საქონელსა და პროდუქტს, მეფის ბრძანებით, ვეზირები მოსახლეობას თაფლის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. ისინი, საჭიროების მიხედვით, თაფლში სხვადასხვა საქონელსა თუ პროდუქტს ცვლიდნენ. თაფლი ყველაფერში იცვლებოდა და დიდხანს ინახებოდა, ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, რომ თაფლი სამეფოს მთავარი სიმდიდრე ყოფილიყო.

სამეფოს ბაზარში საქონელს ერთმანეთში ცვლიდნენ - ერთი ძროხა ორ ცხვარში იცვლებოდა, ორ ბატს ოთხ ქილა თაფლში ცვლიდნენ, ოთხი ბატი ერთ ცხვარში, ერთი წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი ერთ ქილა თაფლში და ხანდახან კარგად შეკერილი ტანსაცმელი ერთ ძროხაშიც კი გაუცვლიათ. მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც წვიმებისა და გვალვის გამო სამეფოში პრობლემები ჩნდებოდა. ყველასგან მოულოდნელად უჩინარი მისტერ დეფიციტო შემოიპარებოდა ხოლმე. უჩინარი იმიტომ იყო, რომ მას ადამიანები ვერ ხედავდნენ. დეფიციტო წვიმას და გვალვას იწვევდა, ღრუბლებს ისე გადაფანტავდა ან შეაჯახებდა ერთმანეთს, რომ ხან ნიაღვარს მიჰქონდა სამეფო, ხანაც გვალვისგან მთელი მოსავალი ნადგურდებოდა.

სხვა სახელმწიფოდან გადმოსული ფუტკრების ნაამბობიდან ვიცი, რომ მრავალი წლის წინ უჩინარი მისტერ დეფიციტო, ერთ ცხელ ზაფხულს, მეზობელ სახელმწიფოში წითელ თხუნელად გადაიქცა, ხეხილის ბაღებში შეიპარა და მიწაში ჩაძვრა. ხეებს ფესვები შემოუხრა, უკვე გაზრდილ ფოთლებს დასუსტებული ხეები ვეღარ იმაგრებდნენ და ძირს ცვიოდნენ. ზაფხულიდან ზამთრის დასაწყისამდე ახალმა ფოთლებმა ვეღარ მოასწრეს გაზრდა და ჯუჯა ფოთლებად დარჩნენ. მეორე წლის გაზაფხუ­ლზე კი, ჯუჯა ფოთლებთან ერთად, ხეებმა ჯუჯა ხეხილი მოისხა. სახელმწიფოში ჯუჯა ხილის ბაღები გაჩნდა. პატარა ზომის ნაყო­ფი მოსახლეობას აღარ ყოფნიდა, გასაცვლელად არავის უნ­დოდა. სამეფო შიმშილმა და გაჭირვებამ მოიცვა. ამ ამბის გამო სამეფოს ჯუჯა ხეების სამეფოსაც ეძახდნენ.

იმ წელსაც, დეფიციტო ჩემს ხეზე შემოჯდა, შემდეგ ცისკენ გაექანა და ორი დიდი ღრუბელი ერთმანეთს ისე დააჯახა, რომ სამეფოში მთელი ზაფხული წვიმდა. ფუტკარი სკიდან გარეთ ვერ გამოდიოდა და ქვეყანაში თაფლის დეფიციტი* შეიქმნა. მა­ღალმა მოთხოვნილებამ თაფლზე ფასი ასწია. დეფიციტოს შე­მოპარვა პირველი არ იყო სამეფოსთვის, ამიტომ მეფე ყო­ველ­თვის მზად იყო არსებულ დეფიციტს გამკლავებოდა. მან, სასწრაფოდ დაავა­ლა ვეზირებს, მოსახლეობაში თაფლის მარაგი აღეწერათ. ხაზინის თაფლის რეზერვები გახსნა და მსურველებს სახაზინო თაფლის მარაგი ოქროსა და ვერცხლის სანაცვლოდ შესთავაზა. მთავარ მინისტრს კი დაავალა, ქალაქის გასასვლელში, საბაჟოზე, მეხუთედი გადასახადი მეოთხედზე გაეზარდათ, რომ ხაზინაში მეტი თაფლი შემოსულიყო.

მეფე ფიქრობდა, რომ ასე დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ყოველთვის შეიძლებოდა, რომ ძირითადი პროდუქტის დეფიციტი შექმნილიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, მინისტრებმა მეფეს ურჩიეს, ფულის ემისია* ჩაეტარებინა ანუ მოეჭრათ ვერცხლის და ოქროს მონეტები. მეფის ბრძანებით ხაზინის გვერდით შენობის კედელზე ახალი წარწერა ჩამოკიდეს - `ქვეყნის მთავარი ბანკი~*, სასწრაფოდ ბანკის მინისტრი დაინიშნა და დაევალა, რომ ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობაში აღწერა ჩაეტარებინა და დაედგინა, რა რაოდენობის თაფლს აწარმოებდნენ და ცვლიდნენ მეფუტკრეები ქვეყანაში მთელი წელი. აღწერის შემდეგ მეფემ ბრძანება გამოსცა, რომ ერთი ქილა თაფლი - ერთი ვერცხლის მონეტა, ხოლო ერთი ოქროს მონეტა - ხუთი ქილა თაფლი ეღირებოდა, ამიტომ ქვეყანაში ზუსტად იმ რაოდენობის ფული უნდა მოეჭრათ, რა რაოდენობის თაფლსაც აწარმოებდნენ და ცვლიდნენ მეფუტკრეები წლის განმავლობაში. ზუსტად ფულის ეს რაოდენობა იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ მოსახლეობა არ გაღარიბებულიყო და სამეფოს ხაზი­ნაც გაძლიერებულიყო.

სამეფოში მეფის ყველა ბრძანება ჩემი ხის ძირში ცხადდება. კარგად მახსოვს, მეფის ვეზირმა თავისი ამალით, როგორ დასცა საყვირი და როგორ წაუკითხა აქ შეკრებილ ხალხს მეფის ბძანება ფულის მოჭრის შესახებ. რომ ვერცხლის მონეტაზე ქვეყნის სიმდიდრის სიმბოლო თაფლის ქილა და ფუტკარი, ხოლო ოქროს მონეტაზე ქვეყნის სიმდიდრის შემქმნელი - დედა ფუტკარი და ჩემი მაგნოლიის ყვავილი იქნებოდა გამოსახული. და როგორც ყოველ­თვის, აქ წაკითხული ყველა ბრძანების დასარულს წერია, რომ - ბრძანება წაკითხულია მაგნოლიის ხესთან.

მაგნოლიის ხეს ხშირად ვსტუმრობდი, მე კი მის მონაყოლ ისტორიებს უმცროს მუშა ფუტკრებს ვუამბობდი, ფულის მოჭრის შემდეგ მისტერ დეფიციტო ისევ გამოჩენილა სამეფოში, ოღონდ მარტო არ იყო, მას თავისი ახალი მეგობარი მისტერ ინფლაციო ახლდა თან. თურმე, რამდენიმე დღე და ღამე `ქვეყნის მთავარი ბანკის~ დიდ კარს უტრიალებდნენ, მაგრამ მცველები ფხიზლად დარაჯობდნენ სამეფოს ხაზინას. მალე ისინი სამეფოდან გაქრნენ და დღემდე არავის უნახავს.

სამეფოში ყველაფერს ფასი დაედო, სამეფოს ხაზინაში საბაჟოს და კიდევ სხვადასხვა გადასახადებს თაფლის ნაცვლად ვერცხლისა და ოქროს მონეტებით იხდიან. ვაჭრობა განვითარდა და ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო გაადვილდა.

მე, ისევ მაგნოლიის ყვავილის მტვერსა და ნექტარს ვაგროვებ, რადგან თაფლი და სანთელი ისევ სამეფოს ძირითად პროდუქტად ითვლება და ვამაყობ, რომ მეფემ დააფასა ჩვენი შრომა, ოქროს მონეტაზე ხომ დედა ფუტკარი და მაგნოლიის ყვავილი, ხოლო ვერცხლის მონეტაზე მუშა ფუტკარი და თაფლის ქილა გამოსახა.



განმარტებითი ლექსიკონი

ნატურალური მეურნეობა - კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების პირველი ეპოქა, როდესაც ადამიანი ამუშავებს მიწას, ნადირობს, ეწევა შემგროვებლობას და ამ გზით მოიპოვებს იმ პროდუქტს, რომელიც საჭი­როა მისი არსებობისთვის.

ნატურალური გაცვლა - კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების მეორე ეპოქა, როდესაც ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ მას შეუძლია იმ პროდუქტის სანაცვლოდ, რომელიც უხვად აქვს, მიიღოს სხვა პროდუქტი, რომელიც საჭიროა მისი არსებობისთვის. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ვაჭრობა და აქედან იწყება გაყიდვების ისტორია.

მანუფაქტურა - ევროპაში მანუფაქტურული წარმოება პირველად XVI საუკუნეში იტალიაში გაჩნდა, მოგვიანებით კი ინგლისში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში მატყლისა და ბამბის საქსოვი მანუფაქტურები, ვენეციასა და გენუაში - გემთსაშენი ვერფები (ნიდერ. წერფ - გემების ასაშენებელი და შესაკეთებელი ადგილი) არსებობდა. მანუფაქტურა იყო წარმოების ფორმა, დამყარებული შრომის დანაწილებასა და ხელოსნურ ტექნიკაზე, რომელიც წინ უსწრებდა მსხვილ მექანიკურ ინდუსტრიას.

მონეტა - (ლათ. მონეტა) - ლითონის ფულის ერთეული. მონეტის სამშობლოდ მიჩნეულია ლიდია. ლიდიაზე გადიოდა სავაჭრო გზები საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ქვეყნებში. დროთა განმავლობაში მოძველებულმა ურთიერთობებმა (ნატურალურმა გაცვლამ) სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება მოითხოვა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გაცვლაში საქონლის ახალი ეკვივალენტის - ფულის შექმნა, რომელიც ყველა სხვა საქონელზე გაიცვლებოდა. თავდაპირველად მონეტა ლითონის სხვადასხვა ფორმის ზოდების სახით არსებობდა. ძვ.წ. VII საუკუნიდან მონეტამ მრგვალი ფორმა მიიღო, მის გარანტიას კი სახელმწიფო იძლეოდა. 

ემისია - ბრუნვაში ფულის ან ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცენტრალური ბანკი ან ხაზინა ახორციელებს.

ხაზინა - (თურქ. ჰაზინე-ფულის საცავი) ხაზინის, როგორც საცავის შესახებ საკმაოდ საინტერესო ისტორია არსებობს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძველი წელთაღრიცხვით 64-63 - ახალი წელთაღრიცხვით - 23-24 წელი) თავის ნაშრომებში აღწერს ტოლოსის (ამჟამად ტულუზის) ტბებსა და მასში არსებულ საგანძურს. განსხვავბით სხვა უფრო თანამედროვე ეპოქის მეცნიერებისგან სტრაბონი არასდროს არ მოიხსენიებს ტბებს წმინდა ადგილებად. ის ასაბუთებს ტბებში არსებული ოქროსა და ვერცხლის ზოდების სინამდვილეს, რომ ტბები ქურდებისგან საუკეთესო სამალავია. ამასთანავე, არ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ტულუზის ტბები სახელმწიფო ხაზინის როლსა და თავისებური ქვეყნის ფინანსური რეზერვის როლს ასრულებდნენ. ხაზინა - სახელმწიფო ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობების მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას, მის შემოსავლებსა და გასავლებს.

დეფიციტი - (ლათ. დეფიციტ) რაიმეს უკმარისობა. საქონლის დეფიციტის დროს მოთხოვნილება აჭარბებს მიწოდებას. საქონლის დეფიციტი თავისუფალი ბაზრის პირობებში იწვევს ფასის ზრდას.

ბაჟი (საბაჟო გადასახადი) - საგარეო ვაჭრობასა და საბაჟო ურთიერთობების შესახებ პირველყოფილი ინფორმაცია, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით, III ათასწლეულის დასაწყისში, ძველ ეგვიპტეში გვხვდება. დროთა განმავლობაში საბაჟო ურთიერთობებმა ტრანსფორმაცია განიცადა და შემოსავლებს უკვე ხაზინის ჩინოვნიკები აკონტროლებდნენ. ისინი აკონტროლებდნენ საზღვარზე შემოსული და გასული გემების მოძრაობასა და ტვირთბრუნვას. უკვე ამ პერიოდში საბაჟო წესების დამრღვევებს (ვისაც დამალულ საქონელს აღმოუჩენდნენ) სხვადასხვა წესებით აჯარიმებდნენ. ამასთანავე, მოწმდებოდა საქონლის ხარისხი. საბაჟო გადასახადი - სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი მოსაკრებელი. ბაჟი წესდება განსაზღვრული საქონლის საზღვრის გარეთ გატანის ან შემოტანისათვის. შემოსული ფულადი სახსრები კი სხვა სახელმწიფო შემოსავლებთან ერთად თავს იყრის სახელმწიფო ხაზინაში.

ქვეყნის მთავარი ბანკი (ეროვნული ბანკი (საქართველოში)) -  უზრუნველყოფს სახელმწიფოს ფინანსური სისტემის სტაბილურობას. მართავს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს, ახორციელებს გაცვლითი კურსისა და გადასახადების სისტემის პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკას უზრუნველყოფს ფულის ნიშნებით და სხვა.


Tuesday, 11 October 2022

✅ 4. ნატურალური გაცვლა, გარიგება, მიზანი შედეგი (რწყილი და ჭიანჭველა)

 

 ✅ მეოთხეე გაკვეთილი

როგორც ვიცით ნატურალურმა მეურნეობამ, კაცობრიობის ეკონო­მი­კური განვითარების პირველმა საფეხურმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის განვითარებაში. ცივილიზაციის ამ პერიოდმა ადამიანს ასწავლა საკვების მოპოვება, შემდგომში კი მისი წარმოება, რათა საკუთარი თავი და გარემოცვა გამოეკვება.

ახალი ქვის ხანის - ნეოლითის პერიოდში, ადამიანის ცხოვრების წესი იცვლება. იქმნე­ბა ადამიანთა უფრო მყარი გაერთიანებები, ეს არის სისხლით ნათესაობა. ერთიანდებიან ნა­თე­სავები, ერთი გვარის წარმომადგენლები. პირველყოფილი ჯოგი ანუ პარათემი ადგილს უთმობს ახალ საზოგადოებრივ წყობას - გვაროვნულ თემს. წარმოებით ეკონომიკის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების, შრომის იარაღების განვითარებამ, ადამიანს შესაძლებლობა მისცა, მეტი პროდუქტი ეწარმოებინა. ადამიანს გაუ­ჩი­ნა ჭარბი პროდუქტი, იგი უკვე ახერხებს იმაზე მეტი პროდუქტის წარმოებასა და მოპოვებას, რაც მის საჭირობას წარმოადგენდა და იწყება კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების მეორე საფეხური ნატურალური გაცვლა* - კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების მეორე ეპოქა, როდესაც ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ მას შეუძლია იმ პროდუქტის სანაცვლოდ, რომელიც უხვად აქვს, მიიღოს სხვა პროდუქტი, რომელიც საჭიროა მისი არსებობისთვის.

ნატურალურ გაცვლას სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძვლად მიიჩნევენ.

რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნატურალური გაცვლა?

პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, გაჩნდა ჭარბი პროდუქტი. ადამიანებს გაუჩნდათ ახალი მოთხოვნილებები. ადრე თუ ადამიანის მოთხოვნილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ მის მიერ  მოპოვებული ან ნაწარმოები პროდუქტით, გაჩნდა მოთხოვნილება სხვა პროდუქტებზე, ჩასაცმელზე, თავშესაფარზე, უსაფრთხოებაზე და ა.შ. ამიტომ ადამიანი თავის ჭარბ პროდუქტს, რომელიც მას არ სჭირდებოდა, გასაცვლელად სთავაზობდა სხვა ადამიანს იმ პროდუქტში, რომელიც მას სჭირდებოდა და ორი­ვე მხარისთვის სარგებელს წარმოადგენდა.

ზღაპარში „თაფლის ფული თეთრი სამეფოს ამბავი“, სადაც ნაწარმოების მთავარი გმირი მუშა ფუტკარი ნატურალური გაცვლის შესახებ, ყვება, ვკი­თ­ხულობთ: “...ხის წვეროდან კარგად მოს­ჩანდა ქალაქის გალავანი. გალავნის გასა­სვლელში ისევ მცველები იდგნენ და საქონლით დატვირ­თულ შემომსვლელ და გამსვლელ ურმებს ამოწმებდნენ. შემდეგ საქონლის პატრონი გადასახადს იხდიდა და გალავნიდან მხოლოდ მას შემდეგ გადიოდა ან შემოდიოდა. კარიბჭესთან გრძელი რიგი იდგა, სწორედ ისეთი, შებინდებისას ჩვენი სკის შესასვლელში სამუშაოდან დაბრუნებული ფუტკრები რომ ელოდებიან ხო­ლმე...

...ეს ის დრო იყო, როდესაც  ქვეყანაზე ჯერ კიდევ არ არსებობდა ფული. ადრიან დილით, “თეთრი სამეფოს” ბაზრისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთის კარიბჭიდან ხილითა და ხორბლით დატვირთული ურმები, სხვადასხვა მსხვილფეხა საქონელი, ნანადირევი და ტყის ნობათი შემოდიოდა. სამეფოს სამხრეთ კარიბჭეს კი თევზით, მარილით, სხვა­და­სხვა ნაკეთობებით, ტანსაცმლითა და ღვინით სავსე კასრებით დატვირთული გემები ადგებოდნენ. გემებს უცხოელი ვაჭრები მოჰყვებოდნენ და ქალაქის ბაზარში ადგილობრივ ვაჭრებთან საქონლის გაცვლას აწარმოებდნენ. სამეფოს მეფუტკრეებს საუკეთესო ხარისხის თაფლის წარმოებით ჰქონდათ განთქ­მული სახელი და უცხოელი ვაჭრებიც ძირითადად თაფლით იყვნენ დაინტერესებულები. დიდი მოთხოვნილების გამო, თაფლი უფრო დაფასებული პროდუქტი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვაჭრებისთვის თაფლი შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მეფუტკრეობა უფრო მეტად განვითარდა....”.

ნატურალური გაცვლის განვითარებას მოჰყვა ისეთი ახალი ეკონომიკური ურთიერთო­ბების ჩამოყალიბება, როგორიცაა გარიგება.

სურათი 1.

დავუბრუნდეთ ისევ ნატურალურ გაცვლას და მოვიყვანოთ მაგალითი ხალხური ზღაპრიდან „რწყილი და ჭიანჭველა“. როგორც ვიცით ზღაპრის ძირითადი თემაა მეგობრობა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ზღაპარი ეფუძნება წმინდა ეკონომიკურ ურთიერთობას გაცვლას, გარიგებას, წარმოებასა და მომსახურებას. რწყილი, მეგობარი ჭიანჭველას გადასარჩენად ანუ საჭირო მიზ­ნის მისაღწევად რამდენიმე გარიგებას დებს. გარიგების მიზანი არის, ღორმა მისცეს ჯაგარი, დაგრი­ხ­ოს თოკი-ბაწარი, ჩაუგდოს და ამოიყვანოს ძმობილი ჭიანჭველა. ამ მიზნის მისაღწევად რწყილს რვა საფეხურიანი გარიგების გავლა უწევს, სადაც თითოეული გარიგების შესასრულებლად, ყო­ველ ახალ საფეხურზე, გარკვეული მომსახურების განხორციელება უხდება. მომსახურება კი, თავის მხრივ, თავისებური პროდუქტია. როგორც ვიცით ყველანაირ მომსახურებას გააჩნია თავისი ღირებულება. ამ შემთხვევაში, რწყილი მომსახურების შესახებ გარიგებას დებს რვავე საფეხურზე და შესაბამისად, ყოველ საფეხურზე იღებს დაპირებას რომ, თუ იგი გარკვეულ მომსახურებას გაწევს, მიიღებს პროდუქტს რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც რწყილმა შეასრულა სამუშაო, დაგლიჯა ბალახი და ძროხას მიუტანა, მან შექმნა პროდუქტი . ბალახი თა­ვის მხრივ, სანამ მასზე სამუშაო არ შესრულდა (რწყილმა შეასრულა სამუშაო, დაგლიჯა ძროხის საკვები-ბალახი) და ვიდრე ბალახმა ძროხის საკვების ფუნქცია არ შეიძინა, ის არ წარმოადგენდა პროდუქტს. - „რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა. ძროხამ მისცა რძე, რძე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსა: თაგვი მოშორდა ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილი მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამ მისცა რკო, რკო მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწარი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა. ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა ნაპირს გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.“

როგორც სურათზე ვხედავთ ოთხი ქილა თაფლი იცვლებოდა ოთხ კალათა ხილში. აქედან გა­მომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ქილა თაფლსა და ერთ კალათა ხილს თანაბარი ღირებუ­­ლება* აქვს. ასევე, შეიძლება შევადაროთ სხვა საქონელი. ვხედავთ, რომ ორი თხა ერთ ძროხაში იცვ­ლე­ბა. ესეიგი თხას ძროხის ნახევარი ღირებულება აქვს და ა.შ. (ღირებულება ეკონომიკური ტერმი­ნია, რომლის გამოთვლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტისა და ფულის შემოღების შემდეგ).

ასეთ ეკონომიკურ ურთიერთობას, უფრო შემდგომ პერიოდში, უწოდებდნენ ბარტერს.

ბარტერი* - განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გაცვლა შესაბამისი ღირებულების საქონელ­ზე, ისეთი დამატებითი გაცვლითი საშუალების გარეშე, როგორიცაა ფული.

სურათი 2.

                         

დროთა განმავლობაში გაცვლით ურთიერთობებს პრობლემები ექმნებოდა. ადამიანს გარ­კვეული საქონლის მოსაპოვებლად რამდენიმე გაცვლა უნდა განეხორციელებინა და ხშირად ამ შემ­თხვე­ვაშიც საჭირო მიზანს ვერ აღწევდა. გაცვლის პროცესში თანდათანობით იკვეთება გამორჩეული პრო­დუქტი, რომელიც ბევრი ადგილობრივი თუ შემოსული სტუმრისთვის სასურველი ხდება და მზადაა ნებისმიერი პროდუქტი გაცვალოს მასში. აქედან გამომდინარე განსაზღვრული პროდუქტი გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას იძენს. გაჩნდა ახალი ეკონომიკური მოვლენა, გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტი.


დღეს გავეცანით ეკონომიკურ ტერმინებს:

1. გარიგება;

2. პროდუქტი (საქონელი);

3. მომსახურება;

4. გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტი.


კითხვები

*რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნატურალური გაცვლა?

*რა გარიგებები შეასრულა რწყილმა?

*რა პროდუქტი აწარმოა რწყილმა?

*შეიძლებოდა თუ არა გარიგების ნაკლები საფეხურები გაევლო რწყილს და ჭიანჭველას უფრო დროულად დახმარებოდა?

*რა პრობლემები შეიქმნა ნატურალურ გაცვლაში და რამ გამოიწვია გაცვლის საყოველთაო ეკვივალენტის გაჩენა?

*გამოვთვალეთ რამდენ ქილა თაფლში შეიძლება გაიცვალოს თხა (სურათი 1)


დავალება:

*გაიხსენეთ მაგალითი, თქვენი მიზნის მისაღწევად, ნატურალური გაცვლის რა ეტაპების გავლა მოგიწიათ?

Friday, 7 October 2022

✅3. ქაღალდის წარმოება (ფილმის ჩვენება)

(მესამე გაკვეთილი - ფილმის ჩვენება)

ქაღალდი ჩვენი ცხოვრების ჩვეული და აუცილებელი კომპონენტია. მას ვიყენებთ სხვადასხვა დანიშნულებით: ინფორმაციის შენახვისა და კომუნიკაციისთვის (წიგნები, პერიოდული გამოცემები, საქმიანი დოკუმენტები, წერილები), საკვების შეფუთვისა და დაცვის მიზნით (შესაფუთი მასალა), პირადი ჰიგიენისთვის (ცვირსახოცი, საფენები, და სხვა) და ასევე მედიცინაში (ტამპონი, სხვა).

იყო მოლოდინი, რომ კომპიუტერული ინდუსტრიის განვითარება შეამცირებდა ქაღალდის მოხმარებას. თუმცა პირიქით, პრინტერისა და კოპირებადი აპარატების გამვითარებამ ხელი შეუწყო ქაღალდის მოხმარების ზრდას.

* ქაღალდის წარმოებისთვის მსოფლიოში ყოველწლიურად იჭრება 500,000,000 კუბამეტრი ტყე.

* ერთი ტონა ქაღალდის დამზადებას სჭირდება 25-70 კუბამეტრი წყალი

*ერთი ტონა ქაღალდის დამზადებს სჭირდება დაახლოებით 9,100 კილოვატ საათი ენეგია, რაც დაახლოებით შეესაბამება საშუალო მაცხოვრებლის ორითვის მანძილზე მოხმარებულ ელექტროენერგიას.

ქაღალდის წარმოების ძირითადი მასალა ხის მერქანია, ხის ჭრა კი იწვევს ტყის განადგურებას. ხის მჭრელი კომპანიები, რომლებიც გამოიყენებენ ტყის პირწმინდა ჭრის მეთოდს დიდ ზიანს აყენებენ ტყეს. რიგ შემთხვევებში ტყის ჭრა არალეგელურად, კანონის დარღვევით ხდება, ეს კი იწვევს როგორც ტყის ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას.

ამიტომ მაქსიმალურად ყაირათიანად უნდა ვხარჯოთ ქაღალდი და ვეცადოთ ის არასაჭირო ქაღალდი რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა, რვეულების ჟურნალების ან სხვა დაზიანებული წიგნების სახით ჩავაბაროთ ქაღალდის ჩამბარებელ პუნქტებში. ქაღალდის მეორადი გადამუშავებით იზოგება ქაღალდის წარმოებაზე დასახარჯი ენერგია, დაიზოგება ხე-ტყე.








 

✅ 2. ნატურალური მეურნეობა - შემგროვებლობა, ნადირობა, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა

(მეორე გაკვეთილი)

ნატურალური მეურნეობა, არის კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების პირველი ეტაპი, რო­დესაც ადამიანი ეწევა შემგროვებლობასა და ნადირობას. უფრო შემდგომ ამუშავებს მიწას, ახ­დენს ცხოველისა და ფრინველის მოშენებას და ამ გზით მოიპოვებს იმ პროდუქტს, რომელიც საჭიროა მისი არსებობისთვის. ამ პერიოდში ადამიანებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არ არსებობს, რადგან მათ მიერ მოპოვებული პროდუქტი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

კაცობრიობის ეკონომიკური განვითარება იწყება შორეულ წარსულში და სათავეს იღებს ქვის ხანის პერიოდში. მეცნიერები ქვის ხანას სამ ეტაპად ყოფენ: გვიანი ქვის ხანა (პალეოლითი), შუა ქვის ხანა (მეზოლითი) და ახალი ქვის ხანა (ნეოლითი). რატომ უწოდეს ამ ყველაზე ხანგრძლივ ეკონომიკურ პერიოდს ქვის ხანა? ეს არის კაცობრიობის განვითარების კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან.


პალეოლითი ეპოქა გაგრძელდა ადამიანის წარმოშობიდან დაახლოვებით 12 000 წლის წინანდელ პერიოდამდე. იგი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც გაგრძელდა დაახლოვებით 2-2,5 მილიონი წელი. ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდნენ უძველესი და ძველი ადამიანები: კერძოდ - პითეკანტროპი, სინანტროპი, ჰაიდელბერგელი, დმანისელი, ნეანდერტალელები და სხვა.

იმ პერიოდის ადამიანი აგროვებდა მცენარეთა ნაყოფს და ფესვებს, ნადირობდა, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც. მეურნეობის სახეობის მიხედვით, რომელსაც ის მისდევდა, იმ ხანის ადამიანს ველურ ან პირველყოფილ მონადირესა და შემგროვებელსაც (მიმთვისებელსაც) უწოდებენ. 

პირველყოფილი ადამიანი დასახლებისათვის ხელსაყრელ პირობებს ეძებდა - შედარებით თბილი კლიმატი, საკვებად გამოსადდეგი მრავალფეროვანი მცენარეები და ცხოველები, ბუნებრივი თავშესაფრები და ქვის იარაღის დასამზადებლად საჭირო ნედლეული. ასეთი პირობები საქართველოშიც არსებობდა და ალბათ ამიტომაც შესაძლებელი გახდა პირველყოფილი ადამიანი დასახლებულიყო.

ქვედა პალეოლითის ხანის ადამიანი იერით და ცხოვრების წესით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანისაგან. ბუნებრივია, ქვის მარტივი იარაღით აღჭურვილი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა არსებობას. ამიტომ აუცილებელი იყო ადამიანებთან გაერთიანება. პირველყოფილი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც 20-30 კაცისგან შედგებოდა. ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯოგი ანუ პარათემი, სწორედ ადამიანთა კოლექტიურმა თანაცხოვრებამ შეუწყო ხელი ადამიანებს შორის ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო. პარათემის წევრებს შორის გაჩნდა იერარქია (ე.წ. უფროს-უმცროსობა) და თემის წევრებს შორის ფუნქციები დანაწილდა.

1999 წლის 24 ივლისს ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა დმანისის ნაქალაქარში აღმოაჩინეს ადამიანის შორეული წინაპრის 2 თავის ქალა (ზეზვა და მზია), რომელთა ასაკი დაახლოებით 1,7-1,8 მლნ წლით თარიღდება. ამ აღმოჩენით დამტკიცდა, რომ ადამიანის წინაპარი, აფრიკიდან წამოვიდა და დაიკავა ახალი საცხოვრებელი ადგილი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო შემდეგ გადავიდა ევროპასა და აზიაში. 

ქვედა პალეოლითის პერიოდში ადამიანის მიერ ცეცხლის აღმოჩენა და მართვა ითვლება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. ადამიანმა ისწავლა ბუნებრივად გაჩენილი ცეცხლის გამოყენება და შენახვა, მაგრამ ჯერ არ იცოდა მისი მიღება. აფრიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. აშელის (Acheaulean) კულტურის წარმომადგენელი პირველყოფილი ადამიანები კი საკმარისად ჭკვიანები აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ ცეცხლის დანთება, მართვა და გამოყენება ესწავლათ. ანთებული ჩირაღდნებით ისინი აშინებდნენ და ამგვარად თავს იცავდნენ ცხოველთა თავდასხმისგან. ცეცხლი იყო სითბოს წყარო ცივი კლიმატის დროს, ცეცხლზე მომზადებულმა მრავალფეროვანმა საკვებმა გააუმჯობესა მათი ჯანმრთელობა. ცეცხლის „ტრანსპორტირებამ“ შესაძლებელი გახადა ჩვეული, ძველი სამოსახლოების მიტოვება და ახალ ტერიტორიებზე გადასახლება. ცეცხლის საშუალებით მოხდა შემდგომ მეტალურგიის განვითარებაც. თანამედროვე მეცნიერების აზრით ცეცხლმა ისევე დააჩქარა პრათემიდან  გვაროვნულ საზოგადოებაზე გადასვლა, როგორც რკინის მეტალურგიამ პირველყოფილი თემური წყობილებიდან კლასობრივ საზოგადოებაზე გადასვლა. ცეცხლის დამორჩილება იმდენად დიდი და შთამბეჭდავი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომ ეს ფაქტი მრავალი ხალხების თქმულებებში და ლეგენდებში აისახა. ამ მითებს შორის ყველაზე ცნობილი პრომეთეს შესახებ ძველბერძნული თქმულებაა.

ზედა პალეოლითი 40-35 ათასი წლის წინათ დაიწყო. მისი დადგომა დაემთხვა დედამიწაზე ერთ-ერთ ძლიერ გამყინვარებას, როდესაც მუდმივი თოვლის და ყინულის საფარი ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. გამყინვარების ხანაში, ჰავის გამკაცრებასთან დაკავშირებით ადამიანი ეძებს ახალ თავშესაფრებს და მიილტვის მღვიმეებისაკენ. მღვიმეში ადამიანთა ცხოვრებამ კი ხელი შეუწყო კოლექტიური თანაცხოვრების გამტკიცებას და გვარების წარმოქმნას. ეს იყო ქვედა პალეოლითიდან გვაროვნულ წყობილებაზე გადასვლის ხანა. ადამიანებმს გამოქვაბულებიდან ხშირად ძლიერი მტაცებელი ცხოველების გამოძევება ბრძოლით უხდებოდათ. გამყინვარების გადატანა ადამიანებს, ბუნებრივია ცეცხლის დაუფლებამ გაუადვილა.

ზედა პალეოლითის ხელოვნების რამდენიმე ნიმუში აღმოჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, დაბა წალკის ახლოს არქეოლოგებმა კლდეზე ამოკაწრული ირმები, ცხენები, აქლემები, გველები, ფრინველები და  მშვილდისრიანი კაცუნები აღმოაჩინეს. კლდის მხატვრობა შემქმნელთა ეკონომიკური საქმიანობისა და რელიგიური რიტუალების სხვადასხვა დეტალს გვაცნობს. ნახატებში ყველაზე გავრცელებული თემა ნადირობაა; ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებაზე მეტად ნადირობის სცენის გამოხატვას მაგიური დატვირთვა ჰქონდა და ფრიად პრაგმატულ მიზანს ემსახურებოდა: რომელიმე განსაკუთრებულად წარმატებული ნადირობის აღბეჭვდით მაგიური ზემოქმედება, რათა მომავალ ნადირობაშიც მსგავსი წარმატებისათვის მიეღწიათ.

ქვის ხანის მეორე ეტაპია შუა ქვის ხანა (მეზოლითი). შუა ქვის ხანა გარდამავალი პერიოდია ძველი ქვის ხანასა და ახალ ქვის ხანას შორის. ამ პერიოდში გაჩნდა ძვლის ნაკეთობები, შრომისა და საბრძოლო იარაღები. ახალ და შუა ქვის ხანას შორის საერთო დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ორივე პერიოდში იარაღი ქვისა და ძვლისგან მზადდებოდა.

ახალი ქვის ხანა (ძვ.წ. VIII-V ათასწლეულები, დაახლოებით ძვ.წ. 7000-4500 წწ.) - ამ პერიოდის უმთავრესი სიახლე ისაა, რომ ახალი ქვის ხანაში ადამიანებმა შეწყვიტეს მომთაბარეობა, დაიწყეს სადგომების, საცხოვრებ­ლ­ის შენება, მარცვლეული მცენარეების მოყვანა, გარეული ფუტკრი­სა და ცხოველების მოშენება-მოშინაურება. ამ დროისთვის ჩნდება მნიშვნელოვანი იარაღები: გახეხილ-გაპრიალებული ცუ­ლი, ნა­ჯახი (მათ ხეების საჭრელად იყენებდნენ), პატარა წალდები, ნამგალი მარცვლეულის მოსამკელად. საფუძველი ეყრება მე­თუ­­ნეობას, რაც თიხის ჭურჭლის ფართო გამოყენე­ბ­ით დას­ტუ­რ­დება.

ზღაპარში „თაფლის ფული თეთრი სამეფოს ამბავი“ ნატურა­ლუ­რი მეურნეობის შესახებ ვკი­თ­ხულობთ:

...- მრავალი წლის წინათ, ფუტკრების ოჯახი „თეთრი სამეფოს“ ტყეში, ხის ფუღუროებში ცხოვრობდა. ეს ის დრო იყო, ადამიანი ნატურალური მეურნეობით რომ იყო დაკავებული. იგი შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენდა თავს. ცალკე ადამიანი, ცალკე დათვი მოსვენებას არ გვაძლევდა და თუკი სადმე მიგვაგნებდნენ, პირწმინდად ანადგურებდნენ მთელი წლის ნაშრომს. ფუტკრებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ და მუდმივად ახალი თავშესაფარის ძებნაში უხდებოდათ ცხოვრება. ადამიანმა შენიშნა, რომ თაფლის ამოღების შემდეგ ფუტკრები ფუღუროს ისევ უბრუნდებოდნენ და მიხვდა, რომ იქ, სადაც ხის ფუღურო და ფუტკარი იყო, სარგებლის მიღება შეიძლებოდა. მან დაიწყო ტყეში იმ გამოფუღურებული ხის კუნძების მოძი­ება, რომელშიც ფუტკარი ცხოვრობდა. კუნძებს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ალაგებდა და მოთმინებით ელოდა, როდის შეავსებდა ფუტკარი თაფლით ფიჭებს. წლების განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა ადამიანი ჩვენს ცხოვრებას, ისწავლა მოვლა, თაფლისა და სანთ­ლის დამზადება და მრავალი წლის დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდა. შემდეგ თვითონ დაგვიმზადა საცხოვრებელი, რომელსაც სკა დაარქვა...“

ზღაპრის ნაწყვეტიდან კარგად ჩანს, რომ ადამიანი შემგროვებლობიდან დაწყებული, წლე­ბის განმავლობაში, აკვირდებოდა და სწავლობდა მეფუტკრეობას და იგი უკვე შემგრო­ვე­ბ­ლობიდან წარმოების პროცესზე გადავიდა.

ფუტკრის მოშინაურებას საქართველოში უხსოვარი დროიდან მისდევდნენ. ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღ­მო­ა­ჩინეს 8 000 წლის წი­ნან­დე­ლი თაფ­ლი. მეცნიერები გვიდასტურებენ, რომ თაფლი ნამდვილად არის მოშინაურებული ფუტკრის მიერ დამზადებული და არა ველურის.

აქამდე, თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლებოდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩინეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.

ახალი ქვის ხანის პერიოდში კარდინალურად იცვ­ლება ადა­მიანის ცხოვრების წესი. საფუძველი ეყრება წარმოებით ეკონომიკას, მესაქონლეობასა და მი­წათ­მო­ქ­მე­დებას. ადამიანი სულ უფრო და უფრო აკვირდება ბუნებას, მისი აზროვნება რადიკალურად შეიცვალა. ეკონომიკის ახალმა ფორმებმა მოსახლეობის რიცხვის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი, რამაც საკვებზე პრობლემები შექმნა. საჭირო გახდა ახალი ტერიტორიების ათ­ვისება. წარმოებით ეკონომიკაზე გადასვლამ საზოგადოების ცხოვრების საფუძვლიანი შეც­ვლა გამოიწვია. ადამიანთა ჯგუფები ერთიანდებოდნენ სხვადასხვა ტომებად და თემებად. გარ­კ­ვეული ჯგუფები ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე სპეციალდებოდნენ კონკრეტული მი­მა­რთულებებით. თემების ერთი ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევდა, მეორე მეც­ხოველეობას, რაღაც ნაწილი ხელოსნობით იყო დაკავებული.

ახალმა ურთი­ერთობებმა ადამიანი ახალი პრობლემების წინაშე დააყენა. იგი ქმნიდა პროდუქტს, რომელსაც თვითონ მოიხმარდა, მაგრამ მას უკვე უჩნდება ახალი მოთხოვნილებები იმ პრო­დუ­ქტზე, რომელსაც სხვა აწამოებს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ურთიერთობები ცვლილე­ბებს ითხოვდა, რამაც საფუძველი მისცა ახალი ნატურალური გაცვლითი ურთიერთობების ჩამო­ყა­ლიბებას. ნატურალურ გაცვლას სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძვლად მიიჩნევენ.


კითხვები:

*ქვის ხანის ადამიანის საქმიანობას რატომ ეწოდა ნატურალური მეურნეობა? 

*რას საქმიანობდა ადამიანი ნატურალური მეურნეობის დროს?

*რა პრობლემების წინაშე დააყენა ნატურალურმა მეურნეობამ ადამიანი და რა ახალ ცვლილებას ითხოვდა ეკონოიკური ურთიერთობები?


დავალება:

*ნატურალური მეურნეობის რომელი საქმიანობებია შემორჩენილი თანამედროვე სამყაროში?


✅ 1. რატომ უნდა ვისწავლოთ ეკონომიკა?


(პირველი გაკვეთილი)

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიური განვითარების გასაოცარი სიჩქარით ხასიათდება. ძნელია იმის თქმა, თუ რა იქნება 10 ან 20 წლის შემდეგ.

მოდი მშობლებს, ბებიებ და ბაბუებს დაუსვაათ კითხვა - თუ წარმოიდგენდნენ სულ რაღაც 20-30 წლის წინ, რომ დღეს ტექნოლოგიების აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოუწევდათ ცხოვრება? 

მათგან საკმაოდ საინტერსო უახლესი წარსულის ისტორიას მოისმენთ.

ეს ისე შესავლისთვის თორემ ალბად უკვე მოგბეზრდათ და იფიქრეთ, რომ აღარ გინდათ გაიგოთ რატომ უნდა ვისწავლოთ ეკონომიკა?

პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ სწორი გადწყვეტილების მიღება.

დავსვათ ყველასთვის ნაცნობი კითხვა:

ვინ გინდა გამოხვიდე და რატომ?

დაფიქრებით და ხანაც დაუფიქრებლად პასუხობთ - პოლიციელი, მეხანძრე, მხატვარი, მფრინავი და ა.შ. უფრო შემდგომ კი, როდესაც ასაკი მოგემატა, ახალმა ინფორმაციამ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან ურთიერთობამ საშუალება მოგცა, სხვადასხვა ინფორმაციას გაცნობოდი და ამით, შენი შეხედულებები სამყაროს მიმართ შეიცვალა. ზოგიერთ თქვენგანს ისევ მეხანძრეობა, პოლიციელობა ან მფრინაობა უნდა, მაგრამ გაგიჩნდა ახალი ინტერესები, მსახიობი, პროგრამისტი, ბიზნესმენი, მშენებელი, ბანკირი, იურისტი და ა.შ.

პროფესიის შერჩევის დროს, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა გაიაზრო, რა არჩევანი არსებობს და რატომ ირჩევ მრავალგვარი პროფესიიდან ერთს? შეიძლება საკმაოდ კარგი უნარი გაქვს ხატვის, მაგრამ გინდა, რომ გამოხვიდე ბიოლოგი. ერთი შეხედვით, იყო ბიოლოგი და პარალელურად ხატავდე, ერთმანეთს ხელს არ უშლის, მაგრამ ადამიანისთვის არსებობს ძირითადი პროფესია, რომელიც რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს, თუ შენს თავს სხვა მიმართულებით, უფრო წარმატებულს ხედავ.

ხშირად დგას საკითხი, ვერ წყვეტ პრობლემას, სად უნდა ისწავლო და რა პროფესიას დაეუფლო, მაგრამ ეს საკითხი შენს მაგივრად შეიძლება შენს მშობლებს ან ახლობლებს ჰქონდეთ გადაწყვეტილი. დედას უნდა, რომ ექიმი გამოხვიდე, მამას პროგრამისტი, იმიტომ, რომ თვითონ ოცნებობდა ამაზე. ის მათემატიკოსია და ვერ შედგა როგორც პროგრამისტი. ბებია და ბაბუა დარწმუნებულია, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის იქნები, რაგან მისი შვილიშვლი ნებისმიერ შემთხვევეაში წარმატებული იქნება. მათი გაგებით შენთვის კარგი უნდათ. რჩევების გათვალისწინება, თუ რა თქმა უნდა მოგწონს, კარგია, მაგრამ ეს არის შენი არჩევანი და შენი მომავალი ცხოვრება.

როგორც ვხედავთ, ყველას გვაქვს გარკვეული მიზანი. მიზნის მისაღწევად კი საჭიროა იყო წარმატებული და იყოს წარმატებული შენს გარდა უნდა უამრავ ადამიანს.

იცი რა არის კონკურენცია?

კონკურენცია არის შეჯიბრი, სადაც იმარჯვებს წარმატებული.

დღეს რთულია გარკვეული ცოდნის გარეშე გახდე წარმატებული. პირველ რიგში, როდესაც ნებისმიერ საქმეს აკეთებ უნდა იცოდე, რომ შენ ყველა შემთხვევაში ქმნი პროდუქტს, რომელიც უნდა გაიყიდოს.

ეს პროდუქტი შეიძლება იყოს:

* შენი განათლება, რომელსაც სხვას უზიარებ და ამაში იღებ ანაზღაურებას;

* ქმნი ნახატს, რომელიც უნდა გაყიდო, ან გაიტანო გამოფენაზე - ორივე შემთხვევაში ხდება შენი შრომის  ანაზღაურება;

* ქმნი სხვადასხვა მომსახურებას (სტილისტი, ტაქსით მომსახურება, საკურიერო მომსახურება);

* ქმნი ნებისმიერ სხვა საქონელს, რომელიც შეიძლება გაყიდო....


„ეკონომიკა“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საოჯახო მეურნეობის მართვას.

ოჯახი მრავალი გადაწყვეტილების წინაშე დგას, მან უნდა გაითვალისწინოს თითოეული ოჯახის წევრის უნარი, შესაძლებლობა და სურვილი, რომ სწორად მართოს თავისი შეზღუდული რესურსები.

რატომ შეზღუდული რესურსები?

რესურსების მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეზღუდულობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყოველთვის იმაზე მეტი უნდა, ვიდრე მას საოჯახო მეურნეობა მისცემს.

როგორ წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს რესუსი და არის თუ არა ეს რესურსები შეზღუდული?

* ფინანსური რესურსი;

* ადამიანური შესაძლებლობის რესურსი;

* ტექნიკური შესაძლებლობის რესურსი და ა.შ.

ასე, რომ არ არსებობს სამყაროში ამოუწურავი რესურსი, ყველა რესურსი ამოწურვადია.

ოჯახის მსგავსად საზოგადოებაც მრავალი არჩევანის წინაშე დგას, რადგან საზოგადიება მრავალი საოჯახო მეურნეობისგან შედგება. საზოგადოებას სჭირდება ადამიანები რომლებიც დაამზადებენ კვების პროდუქტებს, შეკერავენ ტანსაცმელს, დაწერენ კომპიუტერულ პროგრამებს და ა.შ. მაგრამ როგორც საოჯახო მეურნეობა, საზოგადობისთვისაც ზუსტად იგივე შეზღუდული რესურსები არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებასაც იმაზე ნაკლების შეთავაზება შეუძლია ვიდრე ადამიანებს უნდათ.

სწორედ ამ საკითხებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერსო საკითხს სწავლობს ეკონომიკა.

ყავა „კაპუჩინო“

ჩემს მაგიდაზე დევს პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ყავა „კაპუჩინო“.

თქვენ უკვე ახალგაზრდა ეკონომისტები ხართ და მაინტერესებს თქვენი აზრით - როგორია თქვენი, ეკო­ნო­მისტის თვალით დანახული, პაკეტში მოთავსებული ყავა და რა გზა გაიარა სანამ ის ჩემს მაგიდაზე მოხვდებოდა?

პირველ რიგში საინტერესოა, ვისი სამუშაო ანაზღაურდა იმ ფუ­ლ­ით რო­მელიც მე ყავაში გადავიხადე?

ყავას სანამ პაკეტში მო­ხვ­დებოდა ყავის პლან­ტაციაში უამრავმა ადამიანმა იმუშავა, ყავა დაიკრიფა, მოიხალა და დაიფქვა.

მე­ორე კონ­ტინენტზე კი ფერმერი, რომელიც მსხვილ­ფეხა საქონელს უვლის და კვებავს აწარმოა რძე, რო­მე­ლიც ყავის მწარმოებელ ქარხანაში ყავასთან ერთად გადაამუშავეს და მიიღეს ყავა „კაპუჩინო“.

ყავა კი მაღაზიაში ვიყიდე.

ვისი სამუშაო ანაზღაურდა იმ ფუ­ლ­ით რო­მელიც ყავაში გადაიხადეს?

პლანტაციის მფლობელი - პლანტაციაში მომუშავე ადამიანები

- ყავის მომხალავი - ყავის დამფქველი - რძის მწარმოებელი 

- „კაპუჩინოს“ დამამზადებელი - ყველაფერ ამის გადამზიდავი მძღოლები 

- მაღაზიის მფლობელი - მაღაზიის გამყიდველი

აქ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა რომელთა შესრულებული სამუშაოს წყალობით ჩემს მაგიდაზე დევს ყავა „კაპუჩინო“. ეს არის მაგალითი, როდესაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უამრავმა ადამიანმა იშრომა იმისთვის, რომ ყავა „კაპუჩინო“ ჩემს მაგიდაზე მოხვედრილიყო იმ ფასად რა ფასიც მე მაღაზიაში გადავიხადე.

არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, რომელიც მარტო ყველაფერ ამას შესძლებს, იმი­ტომ რომ საბოლოოდ ერთი ფინჯანი ყავა „კაპუჩინო“ დალიოს.



კითხვები:

*რა არის ეკონომიკა?

*რა არის კონკურენცია?

*რატომ არის შეზღუდული რესურსები?

*როგორ უნდა ვისწვლოთ შეზღუდული რესურსების მართვა?


დავალება:

*ავიღოთ ნებისმირი პროდუქტი და გავიაროთ (ჩამოვწეროთ) ის გზა, რაც მან გაიარა  იმისთვის, რომ ის თქვენს ხელში მოხვედროდა?


ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...