წიგნის გამოცემა დაფინანსებულია “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” მიერ,
გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის პროექტის
„ფინანსური წიგნიერება ბავშვებში და ახალგაზრდებში“ ფარგლებში.
„ეკონომიკა ბავშვებისთვის“ არის საბავშვო წიგნების სერია ეკონომიკაზე. ეკონომიკა ბერძნული სიტყვაა და საოჯახო მეურნეობის მართვას ნიშნავს (οίκος-სახლი და νομος-ვმართავ). არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარი ოჯახის მეურნეობას ვმართავთ, თუ სახელმწიფოს. წარმატებული შედეგის მიღწევა ყოველთვის დამოკიდებულია ჭკვიანურ და სწორ მართვაზე.
სერიის პირველი სეზონის პირველი წიგნი `თაფლის ფული ანუ თეთრი სამეფოს ამბავი~, მოგვითხრობს კაცობრიობის ეკონომიკური ისტორიის განვითარების პირველ ეტაპს, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ფული და ნატურალური მეურნეობა, შემდგომში კი ნატურალური გაცვლა იყო ადამიანებს შორის კომუნიკაციის ერთადერთი ეკონომიკური პროცესი.
თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ასაკის ადამიანი ჩართულია ეკონომიკურ ურთიერთობებში, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების სწორი ცოდნა აუცილებელია, როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. ჩემი სურვილია, რომ ამ ზღაპრების წაკითხვის შემდეგ მეტი კითხვა გაგიჩნდეთ ეკონომიკის შესახებ.
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ეკონომიკის სამყაროში!
© ზაზა მინდიაშვილი, 2019
ISBN 978-9941-8-0976-7
თაფლის ფული ანუ
თეთრი სამეფოს ამბავი
ჩემი თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როდესაც დაუსრულებელი ხმაურისგან გაბეზრებულმა ფიჭის უჯრიდან თავი ამოვყავი და ბზუილა ფუტკრების მრავალრიცხოვან სახელმწიფოში აღმოვჩნდი. მაშინვე მუშა ფუტკრების გარემოცვაში მოვხვდი, პირი დიდზე გამაღებინეს და რძე ჩამასხეს. ასე მასმევდნენ რძეს სამი დღის განმავლობაში. შემდეგ, როგორც იქნა, ამოვძვერი უჯრიდან და პირველად გავსინჯე გემრიელი თაფლი, რომელიც როგორც გავიგე, მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ერთადერთი საკვები იქნებოდა.
ჩვენს მრავალრიცხვოვან ოჯახში ერთი განსაკუთრებულად ლამაზი და განსხვავებული ზომის დიდი ფუტკარი დადიოდა. სულ საქმის კეთებაში იყო, მისი ბრძანების გარეშე სახლიდან გარეთ ვერავინ ვერ გადიოდა. ფერიც უფრო წითელი ჰქონდა, იმდენი მცველი ჰყავდა, რომ ახლოს ვერავინ ეკარებოდა, განსაკუთრებულად უვლიდნენ და საკვებს არ აკლებდნენ. ვუყურებდი და მაინტერესებდა ვინ იყო და შეიძლებოდა თუ არა, რომ მეც ოდესმე მის გვერდით მემუშავა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც მუშა ფუტკარმა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში რძეს მასმევდა და სულ გვერდში დამყვებოდა გვერდით ჩამიბზუილა:
- აბა წამომყევი, დედა ფუტკარმა ახალი დავალება უნდა მოგვცეს. - და იმ დიდ მოწითალო ფერის ფუტკართან მიმიყვანა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ გაშტერებული ვუყურებდი.
პირველად ვნახე ასე ახლოს დედა ფუტკარი, ის ჩვენი ოჯახის ნამდვილი დედოფალი იყო. როგორც გავიგე, ჩვენ ყველა დედა ფუტკარის შვილები ვიყავით და მის გარეშე ფუტკრის ოჯახი ვერ გამრავლდებოდა, მასზე იყო დამოკიდებული თუ რამდენად ძლიერი იქნებოდა ოჯახი. დედა ფუტკარი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ თუ გამოდის სკიდან და სწრაფადვე უბრუნდება ოჯახს. იგი მთელი დღე-ღამის მანძილზე ათასობით კვერცხს დებს ფიჭის უჯრებში, საიდანაც ფუტკრის ბარტყები იჩეკებიან.
დიდ ფუტკართან ერთ დღეს დაბადებულ ყველა ჩემს თანატოლს მოგვიყარეს თავი. ყველანი პირდაღებულები ვუყურებდით დედა ფუტკარს. ჩვენს იქ ყოფნაში მან ცარიელ უჯრებში რამდენიმე ასეული კვერცხი ჩაალაგა, მერე მოგვიბრუნდა და გვითხრა:
- ფუტკრებო, თქვენი ნაწილი ჩემთან დარჩება და მომეხმარება, ხოლო დანარჩენებმა სანთლის ახალი უჯრები დამიმზადეთ, რომ კვერცხის ჩასალაგებელი ადგილები არ გამოილიოს.
დედოფალთან გვერდით ყოფნა რამდენიმე წუთის წინ ხომ ჩემი ოცნება იყო, თვალები დავხუჭე და ველოდებოდი მის გადაწყვეტილებას, დამტოვებდა თუ არა თავისთან. უცებ ფუტკრები აბზუილდნენ, ჯგუფის ერთმა ნაწილმა დაგვტოვა და სანთლის ფიჭების დასამზადებლად გასწია. ახდა ჩემი ნატვრა და დავრჩი დედა ფუტკრის მსახურად. გარდა იმისა, რომ დედა ფუტკარს ვიცავდით, ამასთან ერთად ვკვებავდით კიდეც. აქ ყველას თავისი კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა, ამიტომაც ეძახდნენ ადამიანები თაფლის წარმოებას ფუტკრების მანუფაქტურას*. მე და ჩემი ასაკის მუშა ფუტკრებს უკვე შეგვეძლო სანთლის გამოყოფა, ფიჭის დამზადება, სკაში მოტანილი ნექტარის მიღება და თაფლად გადამუშავება. დედა ფუტკარი მუდმივად ახალ საქმეს გვასწავლიდა და საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ სკის გარეთ არ ვიყავით გასული, გვაინტერესებდა რა ხდებოდა იქ, რატომ გვივლიდა ადამიანი. დედა ფუტკრის ნაამბობიდან გავიგეთ, რომ სკის გარეთ იყო „თეთრი სამეფო“, თეთრი გალავნით, ბევრი ყვავილებითა და თეთრი მთებით.

დედა ფუტკართან რამდენიმე დღე გავატარე. ოცი დღის გავხდი და უკვე მეორე დღეს, როგორც ყველა მუშა ფუტკარი მეც გავალ სკის გარეთ, რადგან ოცდაერთი დღის შემდეგ ყველა მუშა ფუტკარი სიცოცხლის ბოლომდე ნექტრისა და ყვავილების მტვრის შეგროვებით არის დაკავებული.
დილით, როგორც კი მზემ გამოანათა, მეც სხვებთან ერთად სამუშაოდ გამოვფრინდი. გამოცდილ ფუტკარს ავედევნე და ყვავილების საძებნად გავეშურეთ. ვცდილობდი მაღლა ავსულიყავი, რომ ზევიდან დამეთვალიერებინა `თეთრი სამეფო~ თავისი უზარმაზარი თეთრი გალავნით. სკის გარეთ სულ სხვა სამყარო დამხვდა, პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც როგორც გამოცდილი ფუტკრები მიყვებოდნენ, არც ისეთი საშიში ყოფილა. სამეფოს მთავარ მოედანზე ათასფერად მორთული ქალაქის მთავარი ბაზარი გადაშლილიყო, მთებიდან კი, როგორც მითხრეს, მდინარე სანტიდრე მოედინებოდა. აქ, ვაჭრობის გარდა სხვავდასხვა სანახაობები იმართებოდა. კარგად ვხედავდი მოხეტიალე მუსიკოსებს, მსახიობებსა და ჯამბაზებს. მთავარი მოედნის გარშემო განლაგებულ სახელოსნოებს ჩავუფრინე. დუქნებში მჭედლები, თერძები, მეთუნეები, მედუქნეები მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. `თეთრი სამეფოს~ თითქმის ყველა სახლის ეზოში შეამჩნევდით ათეულობით და ზოგან ასეულობით სკას. ფუტკრები თაფლის დასამზადებლად სამეფოს გარშემო ტყეებიდან და მთის ფერდობებიდან საკუთარ სკებში ეზიდებოდნენ ყვავილის მტვერსა და ნექტარს.

ფუკრები სხვადასხვა მხარეს გაფრინდნენ. ქალაქის მთავარი ბაზრისკენ ერთი დიდი ყვავილებით სავსე ბუჩქი დავინახე და დაბლა დავეშვი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, ბუჩქი დიდდებოდა და ბოლოს უზარმაზარი ყვავილებით სავსე ხეზე აღვმოვჩნდი. ერთ ყვავილში შევძვერი, ისეთი სუნი მეცა, რომ თავბრუ დამეხვა და იქვე პრიალა დიდი ფოთოლი რომ არ ყოფილიყო მიწაზე მოვადენდი ზღართანს. უცებ ხმა მომესმა:
- აბა, ადექი და შეძვერი ყვავილში!
ვერ მივხვდი ვინ მელაპარაკებოდა და დაბნეულმა დავიწყე აქეთ-იქით ყურება.
- მაგნოლიის ხე ვარ, - შემომძახა მოხუცმა ხემ, შემათვალიერა და განაგრძო, - წლების განმავლობაში ჩემი ყვავილებიდან იმდენი ნექტარი და მტვერი აქვთ ფუტკრებს წაღებული თაფლის დასამზადებლად, რომ მეფემ სამეფოში ფუტკრის და მაგნოლიის ყვავილის გამოსახულებიანი ოქროს მონეტა* მოაჭრევინა.
- მეფე ვინ არის? - ვიკითხე გაოცებულმა.
- „თეთრ სამეფოს“ ჰყავს მეფე, მეფეს კი მინისტრები, რომლებიც მას ქვეყნის მართვაში ეხმარებიან, ჯარი, რომელიც სამეფოს მტრის შემოსევისგან იცავს, პოლიცია და მოსამართლე, რომლებიც სამეფოში წესრიგსა და კანონს იცავენ. ისინი ყველანი მეფის სამსახურში არიან და ხელფასს სამეფოს ხაზინიდან* იღებენ. სამეფო საკუთარ ვერცხლისა და ოქროს მონეტას ჭრის, რომლებზეც ფუტკარი, თაფლის ქილა და მაგნოლიის ყვავილია გამოსახული.
- და ეს ყველაფერი შენ საიდან იცი? - ვიკითხე.
- მე, სამეფოს ყველაზე მოხუცი მაგნოლიის ხე ვარ. მრავალი წლის განმავლობაში ქალაქის მთავარ ბაზარზე ვდგავარ და იმ დროსაც მოვესწარი, როდესაც ჯერ კიდევ ფული არ არსებობდა. ალბათ, ისიც გაინტერესებს, რატომ ჰქვია „თეთრი სამეფო“ და რატომ არის გამოსახული მონეტებზე ფუტკარი, თაფლის ქილა და მაგნოლიის ყვავილი? ეს დიდი ისტორიაა, ეხლა გაფრინდი, არ დაგიღამდეს და დანარჩენს ხვალ გიამბობ.
მაგნოლიის ყვავილის მტვერით და ნექტარით კარგად დავიტვირთე და სკისკენ გავეშურე. გზად სამხრეთ კარიბჭეს გადავუფრინე და ქალაქის კედლის გარეთ თვალუწვდენელი ზღვა და ყვავილებით გადაჭედილი მინდორი დავინახე. სხვადასხვა მინდვრის ყვავილის ნექტარისა და მტვრის დამატებაში ვიყავი გართული, რომ ზღვაზე უზარმაზარი გემი გამოჩნდა, კარიბჭეს მიადგა. მეზღვაურებმა გემის კიდე კარიბჭის შესასვლელის გადმოსაკიდ ხიდს მიამაგრეს და ტვირთის დაცლა დაიწყეს. დამაინტერესა რას ცლიდნენ და გემბანისკენ გავფრინდი. ერთ დიდ კასრზე დავჯექი, რომლის სახურავიც წითელი სითხით იყო დასვრილი. გემო გავუსინჯე თუ არა, კასრი ორად მომეჩვენა. შემეშინდა და იქვე დიდ ტომარაზე გადავფრინდი. მერე კი გავიგე კასრების გაორების მიზეზი, ამ კასრებით ხომ უცხო ქვეყნიდან წითელი ღვინო შემოჰქონდათ. გემიდან გადმოსაკიდი ხიდისკენ გავემართე. კარიბჭის შესასვლელში გალავნის მცველები იდგნენ და შემოსულ საქონელს ამოწმებდნენ, უცხოელი ვაჭრები კი ადგილობრივებს ყიდვა-გაყიდვაზე ურიგდებოდნენ. შებინდდა და სკისკენ გავფრინდი. ნექტარი და ყვავილების მტვერი თაფლის დასამზადებლად უმცროს მუშა ფუტკარს გადავაბარე და დასასვენებლად ერთ ცარიელ უჯრაში ჩავძვერი. გვერდით უჯრაში ერთი ასაკოვანი მუშა ფუტკარი ისვენებდა, რომელსაც ჩვენი და ადამიანის მეგობრობის შესახებ კითხვები მივაყარე.

- მრავალი წლის წინათ, ფუტკრების ოჯახი „თეთრი სამეფოს“ ტყეში, ხის ფუღუროებში ცხოვრობდა. ეს ის დრო იყო, ადამიანი ნატურალური მეურნეობით* რომ იყო დაკავებული. იგი მიწის დამუშავებით, შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენდა თავს. ცალკე ადამიანი, ცალკე დათვი მოსვენებას არ გვაძლევდა და თუკი სადმე მიგვაგნებდნენ, პირწმინდად ანადგურებდნენ მთელი წლის ნაშრომს. ფუტკრებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ და მუდმივად ახალი თავშესაფარის ძებნაში უხდებოდათ ცხოვრება. ადამიანმა შენიშნა, რომ თაფლის ამოღების შემდეგ ფუტკრები ფუღუროს ისევ უბრუნდებოდნენ და მიხვდა, რომ იქ, სადაც ხის ფუღურო და ფუტკარი იყო, სარგებლის მიღება შეიძლებოდა. მან დაიწყო ტყეში იმ გამოფუღუროებული ხის კუნძების მოძიება, რომელშიც ფუტკარი ცხოვრობდა. კუნძებს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ალაგებდა და მოთმინებით ელოდა, როდის შეავსებდა ფუტკარი თაფლით ფიჭებს. წლების განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა ადამიანი ჩვენს ცხოვრებას, ისწავლა მოვლა, თაფლისა და სანთლის დამზადება და მრავალი წლის დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდა. შემდეგ თვითონ დაგვიმზადა საცხოვრებელი, რომელსაც სკა დაარქვა. - დაასრულა თხრობა მოხუცმა ფუტკარმა და ხვრინვა ამოუშვა.
დილით, როგორც კი ფუტკრები აბზუილდნენ, მეც სხვებთან ერთად სამუშაოდ გამოვფრინდი. სანამ მოხუც მაგნოლიასთან მოვხვდებოდი თეთრი მთისკენ გავფრინდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მთას, მით უფრო მეტი სიცივე მოდიოდა მისგან. ორ მთას შუა ისეთი ნისლი იდგა, რომ მთის იქით საერთოდ არაფერი არ ჩანდა. ნისლში დაკარგვის შემეშინდა, უკან გამოვბრუნდი. გზად წვიმა წამოვიდა, ისევ მაგნოლიის ხესთან მივფრინდი, ორ ფოთოლქვეშ შევძვერი, წვიმის გადაღებას დაველოდე და მაგნოლიას თეთრი მთისკენ ჩემი მოგზაურობის ამბავი მოვუყევი. მოხუცმა ხემაც წინა დღის დანაპირები ისტორიის მოყოლა დაიწყო:

- არსებობს ლეგენდა, რომ თაფლით სახელგანთქმულ „თეთრ სამეფოს“ მუდმივად მტრობდნენ მეზობელი სამეფოები, რომლებსაც თაფლის მარაგის ხელში ჩაგდება უნდოდათ. ჩრდილოეთით, მთებს იქით „შავი სამეფოა“. „შავი სამეფოს“ ჯარი დასავლეთიდან ზღვით და ჩრდილოეთიდან მთებს შუა უღელტეხილით, მდინარე სანტიდრეზე გადმოდიოდა და თავს ესხმოდა „თეთრ სამეფოს“. ერთხელ, „შავი სამეფოს“ ჯარი კვლავ გამოჩნდა. მოსახლეობამ თაფლის მარაგი საგულდაგულოდ გადამალა, მეფემ კი შეკრიბა თავისი მეომრები მტრის დასახვედრად. ხელჩართული ბრძოლა ზამთრამდე გაგრძელდა. წლის ბოლო დღის ადრიან დილით სამეფო უცნაურმა სიჩუმემ მოიცვა. ხალხი იმ მთას გაჰყურებდა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ციდან თოვლის ფანტელები ცვიოდა, მთა მთლიანად გადათეთრებულიყო. სამეფოს დამცველებს „შავი სამეფოს“ ჯარი მთლიანად გაენადგურებინათ, მაგრამ ამ ბრძოლას „თეთრი სამეფოს“ თითოეული მებრძოლი შეეწირა და უღელტეხილზე ყინულებად იქცნენ. ლეგენდის მიხედვით, გაყინული თეთრი ჯარისკაცები არასდროს ტოვებენ უღელტეხილს. გაზაფხულიდან ზამთრამდე ამ ადგილს თეთრი ნისლი ფარავს, ნისლში მოხვედრილი მტერი ძნელად თუ გაიკვლევს სამეფოსკენ მიმავალ გზას. ზამთარში კი უღელტეხილი ისეთი მრისხანე და შეუვალია, რომ ვერავინ ბედავს მასთან მიახლოვებას. სამეფოში გაქრა მტრის შიში, მათ იციან, რომ სამეფოს თეთრი, ყინულადქცეული ჯარისკაცები იცავენ.
მალე წვიმამაც გადაიღო, ფოთლებიდან გამოვძვერი და მაგნოლიის ხის კენწეროსკენ გავემართე, ერთ დიდ ყვავილში შევძვერი და ნექტარის შეგროვებას შევუდექი. ხის წვეროდან კარგად მოჩანდა ქალაქის გალავანი. გალავნის გასასვლელში ისევ მცველები იდგნენ და საქონლით დატვირთულ შემომსვლელ და გამსვლელ ურმებს ამოწმებდნენ. შემდეგ საქონლის პატრონი გადასახადს იხდიდა და გალავნიდან მხოლოდ მას შემდეგ გადიოდა ან შემოდიოდა. კარიბჭესთან გრძელი რიგი იდგა, სწორედ ისეთი, შებინდებისას ჩვენი სკის შესასვლელში სამუშაოდან დაბრუნებული ფუტკრები რომ ელოდებიან ხოლმე. დამაინტერესა რა ხდებოდა და ისევ მრავლისმომსწრე მაგნოლიას ვკითხე. მაგნოლიამ ფოთლებიდან წვიმის წვეთები ჩამოიფერთხა და ჩემი გაუთავებელი კითხვებისგან თავი რომ დაეღწია ამბის თხრობა უძველესი დროიდან დაიწყო:

- დიდი ხნის წინ ადამიანები ნატურალური მეურნეობიდან ნატურალურ გაცვლაზე* გადავიდნენ. ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეეძლო იმ პროდუქტის სანაცვლოდ, რომელიც მას უხვად ჰქონდა, მიეღო სხვა პროდუქტიც, რომელიც ასევე საჭირო იყო მისი არსებობისთვის. ეს ის დრო იყო, როდესაც ქვეყანაზე ჯერ კიდევ არ არსებობდა ფული. ადრიან დილით, `თეთრი სამეფოს~ ბაზრისკენ ჩრდილო-აღმოსავლეთის კარიბჭიდან ხილითა და ხორბლით დატვირთული ურმები, სხვადასხვა მსხვილფეხა საქონელი, ნანადირევი და ტყის ნობათი შემოდიოდა. სამეფოს სამხრეთ კარიბჭეს კი თევზით, მარილით, სხვადასხვა ნაკეთობებით, ტანსაცმლითა და ღვინით სავსე კასრებით დატვირთული გემები ადგებოდნენ. გემებს უცხოელი ვაჭრები მოჰყვებოდნენ და ქალაქის ბაზარში ადგილობრივ ვაჭრებთან საქონლის გაცვლას აწარმოებდნენ. სამეფოს მეფუტკრეებს საუკეთესო ხარისხის თაფლის წარმოებით ჰქონდათ განთქმული სახელი და უცხოელი ვაჭრებიც ძირითადად თაფლით იყვნენ დაინტერესებულები. დიდი მოთხოვნილების გამო, თაფლი უფრო დაფასებული პროდუქტი გახდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვაჭრებისთვის თაფლი შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მეფუტკრეობა უფრო მეტად განვითარდა.
წლების წინაც, სამეფოს სამხრეთ და აღმოსავლეთ გალავნის ორივე კარიბჭესთან მეგალავნე ჯარისკაცები იდგნენ. ისინი ქალაქის ბაზრისკენ მიმავალთ გადასახადს - ბაჟს* ახდევინებდნენ. სამეფოს გალავანში ისე ვერავინ შევიდოდა და ვერც გარეთ გავიდოდა თუ საქონლის მეხუთედს, ბაჟს, თაფლის ან სხვა საქონლის სახით მებაჟეს არ დაუტოვებდა. გალავნის ყველა მხრიდან შემოსული ბაჟი სასახლის ხაზინაში შედიოდა. სამეფოში თაფლი თითქმის ყველა ოჯახში საკმარისი იყო, ამიტომ ხაზინაში შეგროვებულ სხვადასხვა საქონელსა და პროდუქტს, მეფის ბრძანებით, ვეზირები მოსახლეობას თაფლის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. ისინი, საჭიროების მიხედვით, თაფლში სხვადასხვა საქონელსა თუ პროდუქტს ცვლიდნენ. თაფლი ყველაფერში იცვლებოდა და დიდხანს ინახებოდა, ამიტომ მეფემ გადაწყვიტა, რომ თაფლი სამეფოს მთავარი სიმდიდრე ყოფილიყო.

სამეფოს ბაზარში საქონელს ერთმანეთში ცვლიდნენ - ერთი ძროხა ორ ცხვარში იცვლებოდა, ორ ბატს ოთხ ქილა თაფლში ცვლიდნენ, ოთხი ბატი ერთ ცხვარში, ერთი წყვილი ბავშვის ფეხსაცმელი ერთ ქილა თაფლში და ხანდახან კარგად შეკერილი ტანსაცმელი ერთ ძროხაშიც კი გაუცვლიათ. მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც წვიმებისა და გვალვის გამო სამეფოში პრობლემები ჩნდებოდა. ყველასგან მოულოდნელად უჩინარი მისტერ დეფიციტო შემოიპარებოდა ხოლმე. უჩინარი იმიტომ იყო, რომ მას ადამიანები ვერ ხედავდნენ. დეფიციტო წვიმას და გვალვას იწვევდა, ღრუბლებს ისე გადაფანტავდა ან შეაჯახებდა ერთმანეთს, რომ ხან ნიაღვარს მიჰქონდა სამეფო, ხანაც გვალვისგან მთელი მოსავალი ნადგურდებოდა.სხვა სახელმწიფოდან გადმოსული ფუტკრების ნაამბობიდან ვიცი, რომ მრავალი წლის წინ უჩინარი მისტერ დეფიციტო, ერთ ცხელ ზაფხულს, მეზობელ სახელმწიფოში წითელ თხუნელად გადაიქცა, ხეხილის ბაღებში შეიპარა და მიწაში ჩაძვრა. ხეებს ფესვები შემოუხრა, უკვე გაზრდილ ფოთლებს დასუსტებული ხეები ვეღარ იმაგრებდნენ და ძირს ცვიოდნენ. ზაფხულიდან ზამთრის დასაწყისამდე ახალმა ფოთლებმა ვეღარ მოასწრეს გაზრდა და ჯუჯა ფოთლებად დარჩნენ. მეორე წლის გაზაფხულზე კი, ჯუჯა ფოთლებთან ერთად, ხეებმა ჯუჯა ხეხილი მოისხა. სახელმწიფოში ჯუჯა ხილის ბაღები გაჩნდა. პატარა ზომის ნაყოფი მოსახლეობას აღარ ყოფნიდა, გასაცვლელად არავის უნდოდა. სამეფო შიმშილმა და გაჭირვებამ მოიცვა. ამ ამბის გამო სამეფოს ჯუჯა ხეების სამეფოსაც ეძახდნენ.

იმ წელსაც, დეფიციტო ჩემს ხეზე შემოჯდა, შემდეგ ცისკენ გაექანა და ორი დიდი ღრუბელი ერთმანეთს ისე დააჯახა, რომ სამეფოში მთელი ზაფხული წვიმდა. ფუტკარი სკიდან გარეთ ვერ გამოდიოდა და ქვეყანაში თაფლის დეფიციტი* შეიქმნა. მაღალმა მოთხოვნილებამ თაფლზე ფასი ასწია. დეფიციტოს შემოპარვა პირველი არ იყო სამეფოსთვის, ამიტომ მეფე ყოველთვის მზად იყო არსებულ დეფიციტს გამკლავებოდა. მან, სასწრაფოდ დაავალა ვეზირებს, მოსახლეობაში თაფლის მარაგი აღეწერათ. ხაზინის თაფლის რეზერვები გახსნა და მსურველებს სახაზინო თაფლის მარაგი ოქროსა და ვერცხლის სანაცვლოდ შესთავაზა. მთავარ მინისტრს კი დაავალა, ქალაქის გასასვლელში, საბაჟოზე, მეხუთედი გადასახადი მეოთხედზე გაეზარდათ, რომ ხაზინაში მეტი თაფლი შემოსულიყო.
მეფე ფიქრობდა, რომ ასე დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ყოველთვის შეიძლებოდა, რომ ძირითადი პროდუქტის დეფიციტი შექმნილიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, მინისტრებმა მეფეს ურჩიეს, ფულის ემისია* ჩაეტარებინა ანუ მოეჭრათ ვერცხლის და ოქროს მონეტები. მეფის ბრძანებით ხაზინის გვერდით შენობის კედელზე ახალი წარწერა ჩამოკიდეს - `ქვეყნის მთავარი ბანკი~*, სასწრაფოდ ბანკის მინისტრი დაინიშნა და დაევალა, რომ ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობაში აღწერა ჩაეტარებინა და დაედგინა, რა რაოდენობის თაფლს აწარმოებდნენ და ცვლიდნენ მეფუტკრეები ქვეყანაში მთელი წელი. აღწერის შემდეგ მეფემ ბრძანება გამოსცა, რომ ერთი ქილა თაფლი - ერთი ვერცხლის მონეტა, ხოლო ერთი ოქროს მონეტა - ხუთი ქილა თაფლი ეღირებოდა, ამიტომ ქვეყანაში ზუსტად იმ რაოდენობის ფული უნდა მოეჭრათ, რა რაოდენობის თაფლსაც აწარმოებდნენ და ცვლიდნენ მეფუტკრეები წლის განმავლობაში. ზუსტად ფულის ეს რაოდენობა იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ მოსახლეობა არ გაღარიბებულიყო და სამეფოს ხაზინაც გაძლიერებულიყო.სამეფოში მეფის ყველა ბრძანება ჩემი ხის ძირში ცხადდება. კარგად მახსოვს, მეფის ვეზირმა თავისი ამალით, როგორ დასცა საყვირი და როგორ წაუკითხა აქ შეკრებილ ხალხს მეფის ბძანება ფულის მოჭრის შესახებ. რომ ვერცხლის მონეტაზე ქვეყნის სიმდიდრის სიმბოლო თაფლის ქილა და ფუტკარი, ხოლო ოქროს მონეტაზე ქვეყნის სიმდიდრის შემქმნელი - დედა ფუტკარი და ჩემი მაგნოლიის ყვავილი იქნებოდა გამოსახული. და როგორც ყოველთვის, აქ წაკითხული ყველა ბრძანების დასარულს წერია, რომ - ბრძანება წაკითხულია მაგნოლიის ხესთან.
მაგნოლიის ხეს ხშირად ვსტუმრობდი, მე კი მის მონაყოლ ისტორიებს უმცროს მუშა ფუტკრებს ვუამბობდი, ფულის მოჭრის შემდეგ მისტერ დეფიციტო ისევ გამოჩენილა სამეფოში, ოღონდ მარტო არ იყო, მას თავისი ახალი მეგობარი მისტერ ინფლაციო ახლდა თან. თურმე, რამდენიმე დღე და ღამე `ქვეყნის მთავარი ბანკის~ დიდ კარს უტრიალებდნენ, მაგრამ მცველები ფხიზლად დარაჯობდნენ სამეფოს ხაზინას. მალე ისინი სამეფოდან გაქრნენ და დღემდე არავის უნახავს.
სამეფოში ყველაფერს ფასი დაედო, სამეფოს ხაზინაში საბაჟოს და კიდევ სხვადასხვა გადასახადებს თაფლის ნაცვლად ვერცხლისა და ოქროს მონეტებით იხდიან. ვაჭრობა განვითარდა და ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო გაადვილდა.
მე, ისევ მაგნოლიის ყვავილის მტვერსა და ნექტარს ვაგროვებ, რადგან თაფლი და სანთელი ისევ სამეფოს ძირითად პროდუქტად ითვლება და ვამაყობ, რომ მეფემ დააფასა ჩვენი შრომა, ოქროს მონეტაზე ხომ დედა ფუტკარი და მაგნოლიის ყვავილი, ხოლო ვერცხლის მონეტაზე მუშა ფუტკარი და თაფლის ქილა გამოსახა.
განმარტებითი ლექსიკონი
ნატურალური მეურნეობა - კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების პირველი ეპოქა, როდესაც ადამიანი ამუშავებს მიწას, ნადირობს, ეწევა შემგროვებლობას და ამ გზით მოიპოვებს იმ პროდუქტს, რომელიც საჭიროა მისი არსებობისთვის.
ნატურალური გაცვლა - კაცობრიობის ეკონომიკური განვითარების მეორე ეპოქა, როდესაც ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ მას შეუძლია იმ პროდუქტის სანაცვლოდ, რომელიც უხვად აქვს, მიიღოს სხვა პროდუქტი, რომელიც საჭიროა მისი არსებობისთვის. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ვაჭრობა და აქედან იწყება გაყიდვების ისტორია.
მანუფაქტურა - ევროპაში მანუფაქტურული წარმოება პირველად XVI საუკუნეში იტალიაში გაჩნდა, მოგვიანებით კი ინგლისში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში მატყლისა და ბამბის საქსოვი მანუფაქტურები, ვენეციასა და გენუაში - გემთსაშენი ვერფები (ნიდერ. წერფ - გემების ასაშენებელი და შესაკეთებელი ადგილი) არსებობდა. მანუფაქტურა იყო წარმოების ფორმა, დამყარებული შრომის დანაწილებასა და ხელოსნურ ტექნიკაზე, რომელიც წინ უსწრებდა მსხვილ მექანიკურ ინდუსტრიას.
მონეტა - (ლათ. მონეტა) - ლითონის ფულის ერთეული. მონეტის სამშობლოდ მიჩნეულია ლიდია. ლიდიაზე გადიოდა სავაჭრო გზები საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ქვეყნებში. დროთა განმავლობაში მოძველებულმა ურთიერთობებმა (ნატურალურმა გაცვლამ) სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება მოითხოვა. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გაცვლაში საქონლის ახალი ეკვივალენტის - ფულის შექმნა, რომელიც ყველა სხვა საქონელზე გაიცვლებოდა. თავდაპირველად მონეტა ლითონის სხვადასხვა ფორმის ზოდების სახით არსებობდა. ძვ.წ. VII საუკუნიდან მონეტამ მრგვალი ფორმა მიიღო, მის გარანტიას კი სახელმწიფო იძლეოდა.
ემისია - ბრუნვაში ფულის ან ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცენტრალური ბანკი ან ხაზინა ახორციელებს.
ხაზინა - (თურქ. ჰაზინე-ფულის საცავი) ხაზინის, როგორც საცავის შესახებ საკმაოდ საინტერესო ისტორია არსებობს. ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძველი წელთაღრიცხვით 64-63 - ახალი წელთაღრიცხვით - 23-24 წელი) თავის ნაშრომებში აღწერს ტოლოსის (ამჟამად ტულუზის) ტბებსა და მასში არსებულ საგანძურს. განსხვავბით სხვა უფრო თანამედროვე ეპოქის მეცნიერებისგან სტრაბონი არასდროს არ მოიხსენიებს ტბებს წმინდა ადგილებად. ის ასაბუთებს ტბებში არსებული ოქროსა და ვერცხლის ზოდების სინამდვილეს, რომ ტბები ქურდებისგან საუკეთესო სამალავია. ამასთანავე, არ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ტულუზის ტბები სახელმწიფო ხაზინის როლსა და თავისებური ქვეყნის ფინანსური რეზერვის როლს ასრულებდნენ. ხაზინა - სახელმწიფო ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობების მართვის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას, მის შემოსავლებსა და გასავლებს.
დეფიციტი - (ლათ. დეფიციტ) რაიმეს უკმარისობა. საქონლის დეფიციტის დროს მოთხოვნილება აჭარბებს მიწოდებას. საქონლის დეფიციტი თავისუფალი ბაზრის პირობებში იწვევს ფასის ზრდას.
ბაჟი (საბაჟო გადასახადი) - საგარეო ვაჭრობასა და საბაჟო ურთიერთობების შესახებ პირველყოფილი ინფორმაცია, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით, III ათასწლეულის დასაწყისში, ძველ ეგვიპტეში გვხვდება. დროთა განმავლობაში საბაჟო ურთიერთობებმა ტრანსფორმაცია განიცადა და შემოსავლებს უკვე ხაზინის ჩინოვნიკები აკონტროლებდნენ. ისინი აკონტროლებდნენ საზღვარზე შემოსული და გასული გემების მოძრაობასა და ტვირთბრუნვას. უკვე ამ პერიოდში საბაჟო წესების დამრღვევებს (ვისაც დამალულ საქონელს აღმოუჩენდნენ) სხვადასხვა წესებით აჯარიმებდნენ. ამასთანავე, მოწმდებოდა საქონლის ხარისხი. საბაჟო გადასახადი - სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი მოსაკრებელი. ბაჟი წესდება განსაზღვრული საქონლის საზღვრის გარეთ გატანის ან შემოტანისათვის. შემოსული ფულადი სახსრები კი სხვა სახელმწიფო შემოსავლებთან ერთად თავს იყრის სახელმწიფო ხაზინაში.
ქვეყნის მთავარი ბანკი (ეროვნული ბანკი (საქართველოში)) - უზრუნველყოფს სახელმწიფოს ფინანსური სისტემის სტაბილურობას. მართავს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს, ახორციელებს გაცვლითი კურსისა და გადასახადების სისტემის პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკას უზრუნველყოფს ფულის ნიშნებით და სხვა.