✅(მეათე გაკვეთილი)
ბანკის საცავში დასჯილი ფულებიც იყვნენ, რომლებიც ზედმეტად თავისუფლების
მოყვარულები აღმოჩნდნენ. რამდენიმე წლის წინ, საცავში ფულების "განმანთავისუფლებელი"
მისტერ ინფლაციო შემოპარულა, მას გამოჩენისთანავე აედევნენ ქერქეტა ფულები. არ ვიცი,
მე მაშინ დაბადებული არც ვიყავი და ვერ გეტყვით თავისუფლების სანახავად მეც გავყვებოდი
თუ არა მისტერ ინფლაციოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბანკის მინისტრის ნებართვის გარეშე (რადგან
ბანკის მინისტრმა იცის, რა რაოდენობის ფული უნდა გავიდეს საცავიდან სამუშაოდ) ამ ადგილის
დატოვება სასტიკად ისჯება და მას შემდეგ რამდენი წელი, ახალ ფულებს მათი საქციელის
გამო გარეთ ცხვირსაც არ გვაყოფინებდნენ.
იძებნება
სახელი-ინფლაციო;
დაბადების თარიღი-ფულის შექმნის თანატოლი;
ჩადენილი დანაშაული-მთავარი ბანკიდან დაუდგენელი რაოდენობის ფულის
კუპიურების გათავისუფლება;
ჩადენილი დანაშაული იწვევს-ქვეყანაში ქაოსისა და ფასების ზრდას.
სპეციალისტები ამ ქაოსს უწოდებენ ინფლაციას.
როგორც ამბობდნენ, ინფლაციოს გამოჩენას მარტო ფულები ვიგებდით, მარტო ჩვენ შეგვეძლო დაგვენახა როგორ შემოიპარებოდა ბანკის საცავში ინფლაციო და როგორ ათავისუფლებდა დამწყვდეულ ფულებს. მისტერ ინფლაციოს ბანკის ჯადოსნური გასაღები ჰქონდა. რამდენჯერაც შეცვალეს დიდი ბოქლომი, ინფლაციო ჯადოსნური გასაღების წყალობით მაინც აღწევდა ბანკის საცავში, ჩაკეტილ ფულებს ათავისუფლებდა და ისევ უკვალოდ ქრებოდა. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ქვეყანაში მინისტრებს ეძინათ, ან სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები.
ვერავინ იგებდა როდის შემოიპარებოდა ინფლაციო საცავში. ბანკის მინისტრს
კი ისღა დარჩენოდა, რომ მცველებისთვის ებრძანებინა დროულად ჩაერაზათ საცავის კარი და
ქვეყანაში გაფანტული ზედმეტი ფული უკან დაებრუნებინათ.
ინფლაციო მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემდა. ბანკიდან მის მიერ გათავისუფლებული
ქაღალდის ბანკნოტები და რკინის მონეტები ისე შეერეოდნენ ხოლმე მუშა ფულებში, რომ ძნელი
გასარჩევი იყო, რომელი იყო მუშა ფული და რომელი ქაოსის გამომწვევი. როდესაც მუშა ფულებსა
და გამოქცეულებს შორის ბძოლა ატყდებოდა, მხოლოდ მაშინ იგებდა ბანკის მინისტრი, რომ
ბანკიდან ინფლაციოს ფულები ჰყავდა გათავისუფლებული და ქვეყანაში ფინანსური ქაოსი და
არეულობა იწყებოდა, რომელსაც ის ინფლაციას* ეძახდა. მინისტრის ბრძანებით გადიოდნენ
საცავის მცველები და პეპლების საჭერით დასდევდნენ გაქცეულებს. ინფლაციო კი ბანკის სახურავზე
შემომჯდარი უყურებდა ბრიყვ მცველებს, მხოლოდ მან იცოდა დაჭერილ ფულებში რომელი იყო
გაქცეული და რომელი მუშა. როდესაც მცველები ბანკში ზუსტად იმდენ ფულს დააბრუნებდნენ
რამდენიც ინფლაციოს ჰყავდა გათავისუფლებული, ბანკის კარს ახალი დიდი ბოქლომით ჩარაზავდნენ
და ინფლაციური ბრძოლებიც მთავრდებოდა.
უცხო მონეტები თურმე პირველად არ იყვნენ სახანძრო ონკანის ბარის
სტუმრები, ისინი ცუდად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ჩვენ-სანტიდრეს ენაზე საუბარს. თან
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნიდან იყვნენ, როგორც მათი ნაამბობიდან გავიგე, ჩვენ
ყველას დაბადება, თავგადასავლები და სამუშაო თავისებურად განსხვავებული, მაგარამ ერთმანეთის
მსგავსი გვქონდა. ყვითელი მონეტებისაგან გავიგეთ, რომ მათ ქვეყანაშიც ბანკის საცავში
ინფლაციო შეპარულა და ფულების განთავისუფლების შემდეგ ინფლაციური ომები მიმდინარეობდა.
*როგორ ფიქრობ, იყო თუ არა ინფლაციო დამნაშავე?
*რატომ იყო ინფლაცოი ფულის შექმნის თანატოლი?
დავალება:
*გააფერადე;
*დაწერე როგორ წარმოგიდგენია ინფლაციოს ახალი თავგადასავალი?
*დახატე ზღაპრიდან ნაწყვეტი, რომელიც ილუსტრირებული არ არის.
***
სტუმართაგან ერთ ყვითელ მონეტას დავუმეგობრდი და მისი ნაამბობის
შემდეგ, ჩემი თავგადასავალიც მოუყევი.
- მე, ისე როგორც ქალაქ სანტიდრეს ყველა ლითონის მონეტა, ბანკის
ქვედა ოთახში მომჭრეს. რამდენიმე დღეში ბანკის საცავის ზედა სართულზე სხვა მონეტებთან
ერთად დიდი შეკვრით გადმოგვიყვანეს. საცავში თავისუფლების ლოდინში სამი წელიწადი გავატარე.
სამი წლის შემდეგ კი ერთ დღესაც, საცავში ბანკის მინისტრი და რამდენიმე მცველი შემოვიდა,
დახეული ფულები და დაჩხაპნილი მონეტები შემოიტანეს, ფული გადათვალეს და შავ ყუთში ჩაყარეს,
ყველა შეშინებული ვუყურებდით, ეს ის შავი ყუთი იყო, საიდანაც ფულებს უკან აღარ აბრუნებდნენ.
შემეშინდა, ქაღალდის ფულებს უკან ამოვეფარე, არჩევანის წინ დავდექი, რომელი ჯობდა თავისუფლებაზე
გასვლა და წლების შემდეგ შავ ყუთში აღმოჩენა, თუ საცავში დარჩენა. მაგრამ თავისუფლების
და სამყაროს გაცნობის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თანახმა ვიყავი ყველაფერზე, ოღონდ
საცავიდან თავი დამეღწია. ბანკის მინისტრმა მცველებთან ერთად გადაგვთვალა და ზუსტად
იმდენი გაგვათავისუფლა, რამდენი ქაღალდის ფული და მონეტაც ჩაყარეს შავ ყუთში.
- ეს ვინღა ჩამოაგდეს, ესღა გვაკლდა, რამდენი უნდა ავიტანოთ, ტყვეობა
თუ ამ ლითონის მონეტების გვერდზე ყოფნა - ცხარობდა აქცია.
- შენ რაღა გაქვს სათქმელი?! - შეუტია ოქროს მონეტამ. - ჩვენ, ოქროს
მონეტებმა ჩვენი ფასი ვიცით, აბა თქვენ იკითხეთ, საკუთარი თავის ფასიც კი არ იცით,
ხანდახან რა ფასიც გაწერიათ იმაზე იაფი ღირხართ. შემდეგ ქაღალდის ფულებს შეუტია - რატომ
გაჩუმებულხართ, ერთი თქვენ ხართ, კიდევ ორი-სამი წელი იმუშავებთ და ისე დაიხევით და
დაიქექებით, რომ ადამიანმა შეიძლება ჩვეულებრივი ქაღალდისგან ვერც კი გაგარჩიოთ.
მე ჩუმად ვიჯექი და ოქროს მონეტის ტრაბახს ვუსმენდი. რკინის მონეტა
კი ვიყავი, მაგრამ მათ შორის, ვინც ხის ყუთში ვისხედით ყველაზე მეტს მე ვშრომობდი.
კარგად ვიცოდი ჩემი შრომის ფასი, ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანის ხელში ვხვდებოდი.
რამდენი ადამიანის ხელშიც აღმოვჩნდებოდი გასაცვლელად, იმდენჯერ იზრდებოდა ჩემი ფასი.
ოქროს მონეტას კი ეგონა, რომ ჩემზე მეტი ფასი ჰქონდა, მაგრამ იმას ვერ ხვდებოდა, რომ
საფუნთუშის ძუნწი მეპატრონის გამომწყვდეული ოქროს ლითონი იყო და მეტი არაფერი, ხის
ყუთში იყო გამოკეტილი და კიდევ ვინ იცის რამდენი წელი მოუწევდა აქ ყოფნა.
ყუთში ყოფნის დროს დამსკდარი ნაპრალიდან საცხობის ყოველდღიურ საქმიანობას ვაკვირდებოდი. საცხობის მეპატრონეს გამოცდილი ხაბაზი ჰყავდა. ხაბაზს დილაადრიან მეორე ოთახიდან ტომრით ფქვილი გამოჰქონდა და გაცრას იწყებდა. გაცრილ ფქვილს საფუარს და წყალს შეურევდა, ცომს კარგად მოზელდა, ღუმელის თავზე შემოდგამდა და მის აფუებას ელოდებიდა. ამოფუების შემდეგ ცომს თანაბარ ნაჭრებად დაანაწილებდა, დაამრგვალებდა და ხის დაფაზე დაალაგებდა, შემდეგ ღუმელში შესადგამ ფირფიტაზე დააწყობდა და გახურებულ ღუმელში დგამდა. ღუმელთან ყოველთვის საცხობის მეპატრონე იჯდა და ხაბაზს მითითებებს აძლევდა. საჭირო დროის გასვლის შემდეგ ხაბაზი ღუმელიდან გამომცხვარ პურსა და ფუნთუშებს იღებდა და მაღაზიის ხის თაროებზე გასაყიდად ალაგებდა.
*რატომ ფიქრობდა ლითონის მონეტა, რომ მისი შესრულებული სამუშაო უფრო ღირებული იყო ვიდრე ხის ყუთში გამომწყვდეული ოქროს მონეტის?
დავალება:
*გააფერადე;
*დაწერე სხვა ადამიანის ხელში, რომ მოხვედრილიყო ლითონის მონეტა ხის ყუთიდან რა შეიძლება დაენახა ან თავს გადახდენოდა (სხვა წარმოების პროცესი ან სხვა საინტერესო თავგადასვალი)?.
***
დილით, საფუნთუშეს მეპატრონემ ბაზარში ფქვილის საყიდლად დამხმარე გააზავნა და მეც გამაყოლა. მან, ბაღის ხიდზე ჯიბიდან ხელი ამოიღო, პერანგის ღილმა გვერდი ამომკრა და ამომისროლა. ჰაერში ორჯერ ამოვტრიალდი და პატარა რუში, იქვე ქვასთან მოვადინე ტყაპანი. წყლიდან შეშინებული გომბეშო ამოხტა, ცოტახანს მიყურა და ისევ რუში ისკუპა.
-რა გაკვირვებული მიყურებ, მითხრა მან, ამოიხვნეშა და თავისი ამბის
მოყოლა დაიწყო, რომ ერთ დროს, ისიც ლითონის მონეტა იყო, ოღონდ ჩემგან განსხვავებით
სამუშაო დაკარგა და ბავშვების სათამაშოდ იქცა. ახლა კი, უკვე დიდი ხანია, წყლის ფსკერზე
ცხოვრობს და აღარავის სჭირდება. მონეტამ მომიყვა, რომ ისიც იგივე ბანკში დაიბადა სადაც
მე, მაგრამ დიდი ხნის წინ. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც სამუშაოდ იყო, ქალაქში მაღალი
შენობის თავზე შემომჯდარი ინფლაციო დაინახა. რადგან ინფლაციო გამოჩნდა ყველანი დარწმუნებული
იყვნენ, რომ ქვეყანაში ინფლაციური ბრძოლები ატყდებოდა. ღამით, როდესაც ბანკის მცველებს
ეძინათ, ინფლაციომ თავისი ჯადოსნური გასაღებით საცავის კარი გააღო და უამრავი ფული
გაათავისუფლა. ქვეყანაში ინფლაციის რამდენიმე წლიან ომს დასასრული არ უჩანდა. ისეთი
ქაოსი იყო, რომ ქვყნის მთავარმა, ბანკის მინისტრს მინისტრობა ჩამოართვა და ახალ მინისტრს
უბრძანა ფულის რეფორმა* ჩაეტარებინა, ახალი ქაღალდის ბანკნოტები და რკინის მონეტები
მოეჭრა და ბრუნვაში გაეშვა. ყველა ძველი ფული კი გაეუქმებინა, დაეპატიმრებინა და სამუდამოდ
შავ ყუთში ჩაეკეტა. ამ დღიდან ფული გაუფასურდა და მონეტამ სამუშაო დაკარგა. ამ დროს
მეგობრებთან ერთად ქალაქის მაღაზიაში ყოფილა და როგორც გაუფასურებული მონეტები მაღაზიის
მეპატრონემ შვილებს სათამაშოების ყუთში ჩაუყარა. იმდენად უსარგებლოები გხდნენ, რომ
ძველ მონეტებს ბავშვები რუში ქვის მაგივრად ისროდენო. ასე მოხვდა წყლის ფკერზე ლითონის
მონეტა და ჟანგმა ისე შეჭამა, რომ რამდენიმე წელიწადში ალბათ მიწად იქცეოდა.
ყვითელი მონეტა თვალებდაჭყეტილი, გაოცებული მიყურებდა და ყველა
ამბის მოყოლის შემდეგ მეკითხებოდა - მერე რა მოხდა?.
-მერე ის, რომ ჟანგიანი მონეტის თავგადასავლის მოსმენამ შემაშინა,
მივხვდი, რომ თუ ისევ ადამიანის ხელში არ მოვხვდებოდი, სამუდამოდ წყლის ფკერზე დავიჟანგებოდი.
წარმოიდგინეთ, რა ფასი ექნებოდა იმ მონეტას, რომელსაც არაფერში ცვლიან.
წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოვხვდი ტყვეობაში, უამრავი თავგადასავალი
გადამხდა, სახანძრო ონკანის ბარშიც დავდივარ საღამოობით, ბევრი რამე ვნახე და ბევრი
ვისწავლე. ერთხელ, ისევ ბანკის საცავში მოვხვდი და იცი რატომ? ქვეყანაში ისევ მისტერ
ინფლაციო გამოჩნდა და ბანკის საცავიდან ფულები კიდევ ერთხელ გაათავისუფლა. მაშინ ვნახე
პირველად, სახლის სახურავზე შემომჯდარი ინფლაციო, როგორი ინტერესით აკვირდებოდა ინფლაციურ
ბრძოლებს. ბანკის მინისტრის ბრძანებით სხვა ფულებთან ერთად მცველებმა პეპლების საჭერით
მეც დამიჭირეს და ისევ საცავში დამაბრუნეს, სადაც ორ წელზე მეტ ხანს ვიყავი ჩაკეტილი.
ორი წლის შემდეგ ისევ ინფლაციოს წყალობით მოვხვდი თავისუფლებაზე.
ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე იყო უჩინარ ინფლაციოზე ძებნა
გამოცხადებული, იცოდნენ, რომ ინფლაციოს ვერ მოძებნიდნენ და ამიტომ ქვეყანაში ნებისმიერ
ფინანსურ ქაოსს მას აბრალებდნენ. ინფლაციო კი სახანძრო ონკანის ბარში იჯდა როიალთან
და უდარდელად დილამდე უკრავდა, რადგან მან იცოდა, რომ უჩინარებს პასუხს არავინ სთხოვს.
განმარტებითი ლექსიკონი
მონღოლთა
ბატონობის დროს ხალხი ქაღალდის ფულის ხმარებას რომ შეჩვეოდა
ყუბილაი ყაენმა გარკვეული პერიოდის მანძილზე მთლიანად აკრძალა ლითონის ფულის მოხმარება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქაღალდის ფული სახელმწიფოში ლითონის მარაგით იყო უზრუველყოფილი,
როდესაც მარაგი იწურებოდა ფულს ყოველგვარი გარანტიების გარეშე უშვებდნენ. ეს კი
ქაღალდის ფულის გაუფასურებას და ქვეყანაში
ინფლაციურ პროცესებს იწვევდა. ევროპაში პირველი ბანკნოტები 1661 წელს სტოკჰოლმში კერძო საემისიო ბანკმა დაბეჭდა, მანამდე კი ევროპელები
თამასუქს (ვექსილს) იყენებდნენ.
ინფლაცია -
ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითება. ინფლაცია, როგორც ეკონომიკური მოვლენა ფულის წარმოშობასთან ერთად გაჩნდა. ტერმინი "ინფლაცია" პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში 1861-1665 წლებში და ნიშნავდა
ფულადი მიმოქცევის პროცესის გაბერვას - ანუ ქვეყანაში
ბრუნავს მეტი ფული, რომელიც არ არის
უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლით. ეკონომიკურ ლიტერატურაში ინფლაციამ, როგოც პროცესმა, გავრცელება ჰპოვა XX საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. როგორც ვხედავთ, თავდაპირველად
ინფლაცია ჩნდება სახელმწიფოთაშორის ომების დროს. ქვეყნებში, ხშირ შემთხვევებში, დიდი რაოდენობით ქაღალდის ფულს უშვებდნენ ბრუნვაში, რათა საომარი ხარჯები დაეფარათ. ომების გარდა ინფლაციური პროცესები ქვეყანაში არასწორი ფინანსური პოლიტიკის ბრალიც შეიძლება იყოს.
ანაბარი
- ადამიანების
მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ
განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება პროცენტი სარგებლის სახით. ანაბრის საშუალებით ადამიანი აკეთებს დანაზოგს*, მას უსაფრთხოდ
ინახავს ბანკი და როგორც
აღვნიშნეთ, იღებს სარგებელს პროცენტის სახით.
დანაზოგი
არის ადამიანის შემოსავლის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დაგროვებისთვის. დანაზოგის კულტურის განვითარება სასურველია ბავშვს ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდეს. მშობლებმა კი ლოგიკური
გადაწყვეტილებისკენ უნდა უბიძგოს და შეძლებისდაგვარად
ასწავლოს ფულის სწორად ხარჯვა.
თამასუქი
(იგივე ვექსილი არაბ. Tamassuk) - მოკლე ან გძელვადიანი
საკრედიტო ხელშეკრულება ორ მხარეს
შორის. თამასუქი წარმოადგენს ფასიანი ქაღალდის სახეობას, რომლის (თამასუქის) გამცემი კისრულობს უპირობო ვალდებულებას, დათქმულ დროში გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა. ძველ ქართულ სამართალში ტერმინი თამასუქი დაახლოებით XVII საუკუნიდან იხმარება. უფრო ძველად ასეთ საბუთს “ვალის წიგნსაც” უწოდებდნენ.
აქცია
- ფასიანი ქაღალდის სახეობა, რომლის საშუალებითაც, მისი მფლობელი (აქციონერი) ფლობს წილს კომპანიაში. აქცია არსებობს ორი ტიპის:
ჩვეულებრივი და პრივილეგირებული.
ჩვეულებრივი აქციის მფლობელი ითვლება კომპანიის წილის სრულუფლებიან მფლობელად და კომპანიის
მართვაში სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში აქვს ხმის მიცემისა და კენჭისყრაში
მონაწილეობის უფლება. პრივილეგირებული აქცია არ იძლევა
ხმის მიცემის უფლებას საერთო კრებაზე, მაგრამ მოგების (დივიდენტის) განაწილების დროს იგი ფლობს
პრივილეგირებულ უფლებას სხვა ტიპის აქციებთან შედარებით.
აქციის,
როგორც ფასიანი ქაღალდის წარმოშობის ისტორიას საკმაოდ ღრმა ფესვები გააჩნია.
აქციები ცნობილი იყო ჯერ კიდევ მონათმფლობელური ეპოქის პერიოდში, როდესაც ძველ-ეგვიპტურ
და შუმერულ სახელმწიფოებში დამწერლობის შექმნამ ცივილიზაციის ახალი ფორმები
შექმნა. ეს ეპოქა მთელი ოთხი ათასწლეული გაგრძელდა. ფასიანი ქაღალდების
განვითარებას საფონდო ბირჟების ჩამოყალიბებამ შეუწყო ხელი. საფონდო ბირჟის
სამშობლოდ ანტვერპენის პორტი ითვლება. სწორედ ანტვერპენში 1592 წელს გაიმართა
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით პირველი საბირჟო ვაჭრობა. რაც შეეხება პირველ
დოკუმენტს, რომელსაც სახელი „აქცია“ დაერქვა ეკუთვნოდა მსოფლიოში პირველ სააქციო
საზოგადოებას - ჰოლანდიის დასავლეთ-ინდოეთის კომპანია (ჰოლ. Geoctroyeerde
West-Indische Compagnie)
ობლიგაცია
- ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს ობლიგაციის გამომშვების (ემიტენტი - ფასინი ქაღალდების ემისიის განმხორციელებელი მხარე, რომელიც კისრულობს ამ ფასიანი
ქაღალდების მფლობელების მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს) სასესხო ვალდებულებას და ადასტურებს
მისი მფლობელის უფლებას, მიიღოს ობლიგაციაზე მითითებული ნომინალური ღირებულება (ღირებულება, რომელიც მითითებულია ფასიან ქაღალდზე, ქაღალდის ფულზე და მონეტაზე)
წინასწარ დადგენილ ვადაში და სარგებელი,
დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციები არსებობს ორი სახეობის
- სახელმწიფო და კორპორაციული.
სახელმწიფო
ობლიგაციების გაყიდვით მოიზიდავს, ანუ იღებს
სესხად ფულად სახსრებს თავისი პროგრამების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ობლიგაციების კატეგორიას განეკუთვნება აგრთვე, მუნიციპალური ობლიგაციებიც, რომლებიც ობლიგაციებს ყიდიან მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად.
კორპორაციული
ობლიგაციების გაყიდვით ხორციელდება კომპანიების მიერ დასახული პროგრამების განხორციელება. აქციისგან განსხვავებით, ობლიგაციის მფლობელს არა აქვს
უფლება, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მართვაში, მაგრამ კომპანიის გაკოტრების დროს, მისი ქონების გაყიდვის შემთხვევაში თანხის განაღდებაზე ობლიგაციის მფლობელს უპირატესი უფლება გააჩნია.