Sunday, 9 September 2018

ინფლაციოსა და ლუკას - მორალი



ა, რეიზა აკითხებენ ბავშვობაში უბრალო წიგნებსო და
იმიზა, რომე შეგხვდება ვინცხა, იცნო წიგნიდან...
„კუპიდონი კრემლის კედელთან“
აკა მორჩილაძე



...„მისტერ ინფლაციო, ერთი შეხედვით, ფულების განმანთავისუფლებელი იყო, მაგრამ იგი ქვეყანაში „ფულის შესახებ კანონს“ არღვევდა და ფინანსურ ქაოსს იწვევდა“...
როდესაც ეს ზღაპარი ლუკამ (9 წლის) წაიკითხა, მისთვის რამდენიმე პერსონაჟისგან ყველაზე მისაბაძი ინფლაციო გამოდგა, რადგან იგი ბანკის საცავში ჩაკეტილი „ფულების განმანთავისუფლებელი“ იყო.
რათქმაუნდა ბავშვებს, ვინც ეს ზღაპარი წაიკითხა, ერთმანეთისგან განსხვავებული კითხვები და შთაბეჭდილებები გაუჩნდათ. მათი მორალური რწმენა ინფლაციოს მიმართ განსხვავებული იყო. ბავშვის მორალური რწმენების უმრავლესობა ფორმირდება იმ ადამიანების გავლენით, ვინც მის გარშემოა. იგი მათგან იგებს რა არის ეთიკური და რა-არა. დროთა განმავლობაში კი მორალი არეგულირებს მათ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან.
რატომ გახდა კანონის დამრღვევი, არაეთიკური ქცევისა და მორალის მატარებელი ინფლაციო ლუკას მისაბაძი?, რა დაინახა ლუკამ ინფლაციოს ქცევაში?, და რითი ამართლებს მის ქცევას?
პირველი - ბავშვების ზღაპრული კუმირები, ხშირ შემთხვევაში, არიან ის ადამიანები, რომლებიც ზეადამიანურ უნარებს ფლობენ: დაფრინავენ, კედლებზე დაცოცავენ, უჩინარდებიან, ცეცხლში გადიან და ა.შ. ბავშვები ოცნებობენ სხვადასხვა პროფესიებზე: ექიმი - გადაარჩინოს ავადმყოფი, მეხანძრე - ცეცხლიდან გამოიყვანოს მოხუცი ან ბავშვი, პოლიციელი - შეაჩეროს დანაშაული. როგორც ვხედავთ ყველა ბავშვი ოცნებობს ისეთ პროფესიებზე, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულია საგმირო საქმეებთან. ინფლაციო კი უჩინარი და ყოვლისშემძლეა. იგი მიუხედავად ბანკის მცველებისა და ბანკის კარზე ჩამოკიდებული დიდი ბოქლომისა მაინც აღწევს საცავში და ათავისუფლებს დატყვევებულ ფულის კუპიურებს. შემდგომში კი შენობის სახურავზე შემომჯდარი ბრიყვ მცველებს დასცინის, როდესაც ისინი ქალაქის მოედანზე ინფლაციური ქაოსის ჩასახშობად, პეპლების საჭერით ფულის კუპიურებს დაზდევენ ბანკის საცავში დასაბრუნებლად.
მეორე - ინფლაციო საცავში მხოლოდ ფულის კუპიურების ტყვეობიდან განთავისუფლების მიზნით შედის, იგი ბანკიდან ფულს არ იპარავს. თავისუფლების ინსტიქტი კი იმდენად თანმდევია ადამიანის ცნობიერში, რომ მისთვის „განმანთავისუფლებელი“ ყოველთვის დადებითი მორალის მქონე შეიძლება იყოს.
მესამე - როგორც ვიცით, ინფლაციო ფულების განთავისუფლებას ახერხებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მცველებს სძინავთ ან მინისტრები სხვა საქმით არიან დაკავებულები. როგორც ვხედავთ, მარტო ინფლაციო არ არღვევს კანონს. ინფლაციოს, ბანკის მცველებისა და სახელმწიფო მოხელეების ბრიყვული საქციელიდან გამომდინარე ეძლევა შესაძლებლობა, თავისუფლად შეაღწიოს ბანკის საცავში, გაანთავისუფლოს ფულები და ამით ქვეყანაში ფინანსური ქაოსი გამოიწვიოს.
რა მოხდებოდა თუ ბანკის მცველები ღრმა ძილს არ მიეცემოდნენ და მინისტრები სახელმწიფო საქმეს პირადი საქმიანობით არ ჩაანაცვლებდნენ? - ინფლაციო ვერ შეაღწევდა ბანკის საცავში და ქვეყანა ინფლაციურ ქაოსს აცდებოდა.
შეიძლება ინფლაციოს მორალი ერთი შეხედვით დადებითი და სუფთაა, მაგრამ ინფლაციო ნიღაბამოფარებული განმანთავისუფლებელის როლს ირგებს და კანონის დამრღვევია. კანონის დარღვევა კი, რომელმაც ქვეყანაში ფინანსური ქაოსი გამოიწვია არასწორი საქციელია. ინფლაციოს ქცევა არც განთავისუფლებული ფულის კუპიურებისთვის და არც სახელმწიფოში არსებული ადამიანებისთვის სიკეთის მომტანი არ არის, რადგან ქაოტურად მოსიარულე ფული თავის ფუნქციას კარგავს და კვდება.
მაგრამ ინფლაციო ხომ ჩვენი ზღაპრის უხილავი გმირია. რეალურ სამყაროში კი სწორედ ინფლაციოა სახელმწიფოში, სახელმწიფო მოხელეების მიერ შექმნილი პერსონაჟი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მათი ბრიყვობის, უცოდინრობისა და დანაშაულის შედეგია. ლუკამ კი იცის, რომ თუ ბანკის მცველები არ დაიძინებენ და მინისტრები სახელმწიფო საქმეებით იქნებიან დაკავებული, ინფლაციო ბანკის საცავიდან ფულის კუპიურებს ვერ გაანთავისუფლებს. 
სახელმწიფო მინისტრებმა კი ერთი იციან, რომ უჩინრებს პასუხს არავინ მოსთხოვს.


ზაზა მინდიაშვილი



ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...