Wednesday, 14 June 2023

ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი










უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბები მზადდებოდა და ირთვებოდა ბეწვეულით, სხვადასხვა ნაჭრით, ძვირფასი ქვებითა და ბუმბულებით.
ვენეციური ნიღბები იტალიაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. თანამედროვე ევროპული ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ვენეციაში ყოველთვის მაღალი იყო ცხოვრების დონე. მაღალი სოციალური დონის დამსახურებით, ვენეციის მცხოვრებლებმა უნიკალური კულტურა შექმნეს, რომელშიც ადამიანის პიროვნების დაფარვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, საწყის ეტაპზე იდგა. შენიღბვა პრაგმატულ ხასიათს ატარებდა: ადამიანებს არ სურდათ, რომ სხვებს დაენახათ, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი სინამდვილეში.

ნიღბებს წელიწადის უმეტეს თვეებში მოუხსნელად ატარებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ?!

ვენეციური ნიღაბი ნაწილი პირველი

                                                          ვენეციური ნიღაბი ნაწილი მეორე



Monday, 5 June 2023

კერამიკა (ფილმის ჩვენება)

კერამიკა ბერძნ. keramios თიხა

თიხის ან თიხის შენაერთებისაგან (გამოწვის შედეგად) დამზადებული ნაწარმი. კერამიკა ხელოვნების უძველესი სახეა. თიხისაგან ადამიანების, ცხოველების ნაძერწი გამოსახულებები ჯერ კიდევ შორეულ წასრულში იქმნებოდა. მოგვიანებით, ადამიანებმა ისწავლეს მათი გამოწვა, აგრეთვე სასმისების, სათამაშოების, სამკაულებისა და სხვა ყოფითი ნივთების, აგრეთვე რელიეფებისა და არქიტექტურული დეტალების დამზადება.








Monday, 29 May 2023

კროსვორდი N1

 


1. პროდუქტი, რომელზეც ადამიანს გარკვეული სამუშაოები აქვს განხორციელებული, მაგრამ სრულყოფილი პროდუქტის შესაქმნელად საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას.

 2. ის არ არის ახალი მეცნიერება, მას საკმაოდ ძველი ისტორია აქვს და 6-7 ათასი წლის წინ ბაზრის წარმოქმნასთან ერთად გაჩნდა. როგორც აღვნიშნეთ ზეპირი სახით ის პირველად ჩაისახა მონათა ბაზარზე. მონის ყიდვას თან ახლდა მისი ღირსების თავისებური ანოტაცია: „მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის, თვალებით კარგად ხედავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, რომლებიც კარგად დარბიან“... თანამედროვე ინდუსტრია სრულიად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან. ის კარგი საშუალებაა ინფორმაციის მიწოდებისა და დარწმუნებისათვის.

 3. ქონების, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა ქონების საჯარო გაყიდვის პროცესი, სადაც გასაყიდ ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს.

 4. ის მარკეტინგის კომპლექსის პირველი და ყველაზე მთავარი ელემენტია. პროდუქტს აქვს სახელი, ტერმინი, ნიშანი, სიმბოლო, ნახატი ან წარწერა. ესაა სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი კომპანიის პროდუქციას სხვა კომპანიების პრო­დუქ­ციის­გან. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ წარმოადგენს მას, რადგან ის როგორც თავისებური კონსტრუქცია გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფთან ურთიერთობაში იქმნება. ის მასთან დაკავშირებული ადამიანების (საზოგადოების) ჯგუფის შთაბეჭდილებების კრებულს წარმოადგენს.

 5. უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ხელისუფლებას ამ კანონის უფლებებით შეზღუდული აქვს პიროვნებასთან თვითნებობის შესაძლებლობა.

 6. პირი, რომელიც დაკავებულია საკუთარი სამეურნეო საქმიანობით ფინანსური შემოსავლის ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით.

7.  საბანკო ეკონომიკური ურთიერთობა, რომლის დროსაც მხოლოდ საბანკო დაწესებულება, მეორე მხარესთან კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს შეთანხმებულ თანხას. მის ისტორიას საკმაოდ ღრმა ფესვები გააჩნია. როგორც მეცნიერები თვლიან ის ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ასირიასა და ბაბილონში არსებობდა. ესე იგი 3000 წლის წინ უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასესხებდნენ და რომლებიც სესხულობდნენ ფულს (უფრო ადრეულ პერიოდში საქონელს). იმდროინდელი მოქმედი კანონის მიხედვით მევალე, რომელიც ვერ გადაიხდიდა ვალს, მონა უნდა გამხდარიყო. ძველ საბერძნეთში ძირითადი მსესხებლები მონასტრები იყვნენ, რომლებიც მოუსავლიანობის პერიოდში სარეზერვო ფონდების როლს ასრულებდნენ. სწორედ ამ ეპოქაში გაჩნდნენ პროფესიონალი ფულის გამსესხებლები. შუა საუკუნეებში ეკლესია სესხზე პროცენტის დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდა, თვლიდნენ, რომ ასეთი სახის შემოსავალი ცოდვა იყო, რადგან პროცენტის გადასახადით იხდებოდა დროის საფასური, დროს კი მხოლოდ ღმერთი განაგებსო. მაგრამ ეკონომიკური პროცესების შეჩერება შეუძლებელი იყო და პროგრესულად მოაზროვნე ჯგუფებმა შეძლეს ეკლესიის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა - სესხმა სახეცვლილება განიცადა და დოკუმენტური ფორმით თამასუქების (ვექსილების) სახით შეიცვალა. თამასუქის წარმოშობამ კი როგორც ვიცით ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას დაუდო საფუძველი. XVI საუკუნეში კი ევროპაში პირველი კომერციული ბანკები გაჩნდა, რამაც საკრედიტო ურთიერთობების ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი.

 8. საწარმოს (ორგანიზაციის) სოციალური მართვის პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ბაზარზე ადამიანების მოთხოვნილებასა და მისი დაკმაყოფილების მეთოდებს. როგორც მეცნიერება, საზოგადოების განვითარებასთან ერთად განვითარდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაჭრობის განვითარებამ გარდამტეხი როლი ითამაშა უძველესი ცივილიზაციების განვითარებაზე. ბაზრის წარმოშობა თარიღდება 6-7 ათასი წლით ადრე, სადაც უკვე ჩამოყალიბებული იყო პირველადი ფორმები - ფასწარმოქმნა და რეკლამა. თანდათან საზოგადოებრივმა პროგრესმა მოითხოვა ახალი ტექნოლოგიების განვითარება და დღეს უკვე თანამედროვე კვლევები რადიკალურად განსხვავებული ტექნოლოგიების საშუალებით ხდება.

9.  ბერძნული სიტყვისგან oikos-გან არის წარმოქმნილი და საცხოვრებელს (სახლს), ხოლო logos მოძღვრებას ნიშნავს. ტერმინი გერმანელმა ზოოლოგმა ჰეკელმა 1866 წელს შეიმუშავა და სათავე დაუდო მეცნირების ახალ დარგს. მეცნიერები მას ბუნების ეკონომიკასაც უწოდებენ. თანამედროვე სამყაროში ამ პროცესების მიმართ საკმაოდ დიდ ყურადღებას იჩენენ მთელი რიგი ბუნების დამცველი ორგანიზაციები, რადგან პროცესების დარღვევამ შესაძლოა დედამიწაზე ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს, ამიტომ ადამიანმა უნდა შეძლოს დაიცვას პლანეტა დაბინძურებისგან და გონივრულად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები.


პასუხები

1. ნედლეული;
2. რეკლამა;
3. აუქციონი;
4. ბრენდი;
5. კონსტიტუცია;
6. ბიზნესმენი;
7. კრედიტი;
8. მარკეტინგი;
9. ეკოლოგია.

Tuesday, 16 May 2023

ზღაპარი


ზღაპრის წაიკითხვის შემდეგ ბავშვებს, ერთმანეთისგან განსხვავებული კითხვები და შთაბეჭდილებები უჩნდებათ. მკითხველის დამოკიდებულება ზღაპრის სხვადასხვა გმირთან შეიძლება განსხვავებული იყოს. ბავშვის დამოკიდებულება ზღაპრის გმირთან ფორმირდება იმ ადამიანების გავლენით, ვინც მის გარშემოა. იგი მათგან იგებს რა არის სწორი (ეთიკური) და რა არა.

რატომ ხდება ზღაპრის გმირი, რომლის ქმედებები რეალობას მოწყვეტილია საინტერესო პერსონაჟი? ყველამ ვიცით, რომ ხალიჩა არ დაფრინავს და ან როდესაც დევს თავს მოაჭრიან, თავი ისევ არ ამოდის. არც ქაღალდის ფურცლებს შეუძლიათ ერთმანეთში საუბარი და არც კონსტიტუცია არის მოლაპარაკე წიგნი. მაშინ რა არის ზღაპრის თვისება რაც ასე გვიზიდავს და ზრდასრულ ასაკშიც კი შეიძლება საინტერესო იყოს მისი წაკითხვა.

ბავშვების ზღაპრული კუმირები, ხშირ შემთხვევაში, არიან ის ადამიანები, რომლებიც ზეადამიანურ უნარებს ფლობენ: დაფრინავენ, კედლებზე დაცოცავენ, უჩინარდებიან, ცეცხლში გადიან და ა.შ. ბავშვები ოცნებობენ სხვადასხვა პროფესიებზე: ექიმი - გადაარჩინოს ავადმყოფი, მეხანძრე - ცეცხლიდან გამოიყვანოს მოხუცი ან ბავშვი, პოლიციელი - შეაჩეროს დანაშაული. როგორც ვხედავთ ყველა ბავშვი ოცნებობს ისეთ პროფესიებზე, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულია საგმირო საქმეებთან.

უფროსები გვიკითხავენ ზღაპრებს, ან უკვე თვითონ კითხულობ რომლის გმირებსაც ბაძავ მაგრამ არ იმჩნევ რადგან იცი, რომ უკვე დიდი ხარ და ისინი, ხშირ შემთხვევაში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენში ცხოვრობენ. ფიქრობ, რომ ბავშვობაში ზღაპრებში ჭეშმარიტებად მიჩნეული ბევრი რამე მცდარი გამოდგა და მცდარი იყო ის ყველაფერი, რაც ამის გაგრძელება იყო. შენ კი გინდა, რომ ყოველივე დაანგრიო და თავიდან დაიწყო. იმიტომ, რომ თითქოს გრცხვენია ზღაპრის არარეალური გმირის მიბაძვის, გგონია რომ ჭეშმარიტება და ზღაპარი განსხვავებული პოლუსებია. მაგრამ მაინც ბაძავ, გინდა, რომ ზღაპრის გმირი რეალობად აქციო შენში.

თითქოს უკვე გაცნობიერებულ ასაკში იწყებ კარგისა და ცუდის, ცოდნისა და უცოდინრობის, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის განსხვავებას და უფრო შემდეგ ხვდები, რომ ზღაპარი არაფერია, თუ არა რეალური ცხოვრება გადმოცემული ბავშვისთვის გასაგები ენით. უბრალოდ მაშინ, ბავშვობაში, ვერ ხვდები რამდენად რთულია გაუმკლავდე წინააღმდეგობებს - უცოდინრობას, სიძულვილსა და ბოროტებას. ზოგადად ზღაპრის იდეაც არის ის, რომ მას გააჩნია განსაკუთრებული ძალა ასწავლოს ბავშვებს ისეთი გზები, რომლებიც მათთვის დამარწმუნებელი და გასაგებია, თან ზღაპარში ამ ყველაფერს ზრაპრულად უმკლავდები იმიტომ, რომ ზღაპარი გეუბნება, რომ მიზნის მისაღწევად მთავარია იცოდე რა გინდა.


დავალება:

* რა როლი შეასრულა ზღაპარმა შენს ცხოვრებაში?

*გხვდება თუ არა რეალურ ცხოვრებაში ზღაპრის გმირების მსგავსი ადამიანები?


Friday, 28 April 2023

ტიტოს ქაღალდის ქარხანა



ინფლაციური ომებისგან გადაღლილი ქაღალდის ბანკნოტი, ქალაქის მთავარ მოედანზე გაცრეცილი და ღონემიხდილი დავდიოდი. ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. მთავარი მინისტრის ბრძანებით ქვეყნის მთავარი ბანკის მცველებმა, სხვა ქაღალდის ბანკნოტებთან ერთად პეპლების საჭერით დამიჭირეს და ბანკის საცავში მიმიყვანეს. უზარმაზარი ბეჭდით მელნის ანაბეჭდი გამიკეთეს - “ბრუნვიდან ამოღებულია” და იმ დიდ შავ ყუთში მომათავსეს, საიდანაც ფულებს სამუშაოდ უკან აღარ აბრუნებენ.

შავ ყუთში უამრავი ქაღალდის ფული ეყარა. ისინი აქ უკვე მრავალი წელი იყვნენ გამომწყვდეული. როგორც გავიგე, როდესაც “ბრუნვიდან ამოღებული” ფულით ყუთი გაივსებოდა, ბანკის მცველები მათ უზარმაზარ აგიზგიზებულ ღუმელში უკრავდნენ თავს. ქაღალდის ბანკნოტები მთელი ორი დღის განმავლობაში იწვოდნენ. არ ვიცი, რამდენი წელი მომიწია შავ ყუთში ყოფნა და ცეცხლში დაწვის ლოდინი, მაგრამ ერთ დღესაც, დაზიანებული ბანკნოტები შავი ყუთიდან ამოგვალაგეს, უზარმაზარ ფუთებად შეგვკრეს, სატვირთო მანქანაზე დაგვტვირთეს და ბანკიდან ქაღალდის ქარ­ხანაში გადაგვიტანეს.

ქაღალდის ქარხანა ქალაქის განაპირა რაიონში იდგა. ქარხნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში, ქაღალდის უზარმაზარ საწყობში დაგვაბინავეს, დიდი ურდულით ჩაგვკეტეს და ბანკის საცავიდან წამოღებულ ქაღალდის ფულის უზარმაზარ ფუთას საგულდაგულო დაცვა მიგვიჩინეს.

საწყობში, გადასამუშავებელი ქაღალდის ფუთების გარდა, ხის უზარმაზარი მორებიც ინახებოდა. ისინი, ჩვენს მიყვანამდე იქ იყვნენ. გვერდულად წამოწოლილ ფიჭვის მორს ეძინა. ხმაურზე თვალები დააჭყიტა, გაოცებული გვიყურებდა და უცებ სიხარულისგან დაიყვირა - ვაშა, მე მგონი, გადარჩა ტყე! თუ მეორადი ქაღალდის გადამუშავებას დაიწყებენ, ტყიდან მხო­ლოდ გამხმარ და წაქცეულ ხეებს გამოიტანენ და ჩემს მოჭრილ კუნძზე ამოსულ ახალ ფიჭვს აღარ მოჭრიან.

თავიდან ვერ მივხვდი ფიჭვის სიხარულის მიზეზს, მაგრამ შემდეგ მისი ნაამბობიდან გავიგე, რომ თურმე მრავალი წელია ქარხანა ქაღა­ლდის დასამზადებელ ნედლეულად* ხის მორებს იყენებდა. ტყეში უზარმაზარი ხეები იჭრება, ხეს აქუცმაცებენ ან ნახერხად აქცევენ, დაქუცმაცებულ ხეს დიდ ქვაბში ყრიან, წყლის დამატების შემდეგ ხარშავენ და ცელულოზას ფაფას იღებენ.

-ცელულოზა? გავიკვირვე მე.

-ცელულოზა* ქაღალდის შემკვრელი ნივთიერებაა, რომელიც ხის ხარშვის პროცესში მიიღება. ქაღალდი ასეთი ფარფატა და ელასტიური რომ არის, სწორედ ცელულოზას დამსახურებაა. ცელულოზის ფაფა იგივე თხევადი ქაღალდია. სწორედ ამ მასის გაშრობის შემდეგ მიიღება ქაღალდი, რომელსაც შემდგომში საჭირო ზომის ფურცლებად ჭრიან.

როგორც მივხვდი, ქარხანაში ხის ქაღალდად გადამუშავება მხო­ლოდ გამხმარი და წაქცეული ხეებისგან მოხდებოდა, დანარჩენ საჭირო ქაღალდის წარმოებას კი მეორადი ქაღალდის გადამუშავებით შეავსებდნენ. თურმე ფული მაღალი ხარისხის ქაღალდისგან იყო დამზადებული და ჩვენ, ქაღალდის მეორადი გადამუშავებისთვის, მაღალი ხარისხის სახელმწიფო დოკუმენტების დასამზადებლად გვამზადებდნენ.

ფიჭვის მორთან რამდენიმე თვე გავატარე და ყოველ საღამოს ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენ-ჩვენს თავგადასავლებს.

-შუაგულ ტყეში ფიჭვნარში ვცხოვრობდი - ხელი თავქვეშ ამოიდო და თავისი ამბის მოყოლას შეუდგა ფიჭვის მორი. - დაახლოებით ოთხმოცი წლის წინ ქარმა ფიჭვის გირჩიდან პატარა მარცვალი ამოაგდო და რამდენიმე ასეულ მეტრში დააგდო. შემდეგ მთელი ერთი კვირა წვიმდა, გირჩის მარცვალი გაღვივდა, ზევიდან წვიმამ მიწის თხელი ფენა გადააფარა და რამდენიმე თვეში მეც ამოვყავი თავი. პირველი სამი წელი შიშში გავატარე. ხან დათვი დამადგამდა ფეხს და გადამტეხავდა, ხან მელა გადამირბენდა თავზე. რამდენიმე წელიწადში იმხელა გავხდი, რომ პატარაობაში დაზიანებულ ერთ ადგილზე პატარა ფუღურო გაჩნდა. თავიდან ფუღუროში ქარისა და წვიმისგან შეშინებული ფრინველები აფარებდნენ თავს. ოც წელიწადში კარგად გავიზარდე, ფუღურო კი უკვე იმხელა გახდა, რომ მთელ ციყვების ოჯახს უწევდა მასპინძლობას. წლების განმავლობაში ციყვების მთელმა შთამომავლობამ იცხოვრა ჩემს ფუღუროში. ისინი ჩემი გირჩის

მარცვლებითა და ახლომახლო თხილის ხის ნაყოფით იკვებებოდნენ და საკვების მოსაპოვებლად შორს წასვლა არ უხდებოდათ. რაც უფრო გადიოდა დრო, ტყეში ხის ჭრა უფრო მატულობდა. უსახლკაროდ დარჩენილი ციყვები ცარიელ ფუღუროებს ეძებდნენ ან ადამიანებით დასახლებულ ადგილებში გადიოდნენ. იგივე პრობლემები შეექმნათ სხვა ცხოველებსაც. ადამიანებმა მეც მომძებნეს, მომჭრეს, ციყვები უსახლკაროდ დატოვეს და დღეს საწყობში გამოკეტილი ხის მორი ვარ, რომელიც ყოველდღე ველოდები,

დამაქუცმაცონ და ქაღალდად მაქციონ. მართალია, ქაღალდის წარმოების საქმე ქვეყანაში კარგად მიდის, მაგრამ ტყე ნადგურდება, ახალი ხის გაზრდას კი ათეული წლები სჭირდება. ამბობენ, რომ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ხეების ჭრის გამო. ტყის ფართობი დღითი­დღე მცირდება და ტყეების მინისტრთან უკმაყოფილო ადამიანების საჩივრები დაგროვდა, თურმე ტყეების მინისტრმა ტყის განადგურების საფრთხის შესახებ მთავარ მინისტრს შეატყობინა. ის ხედავდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ქვეყანას ეკოლოგიური* საფრთხე ემუქრებოდა.


ვუყვებოდით ერთმანეთს გაგონილ და ჩვენს თავზე გადახდენილ სხვა­დასხვა ამბებს მე და ფიჭვის მორი, მანამდე, სანამ ერთ დღეს, ჩვენ, დაქექილი ქაღალდის ფულის ბანკნოტები, მთლიანი შეკვრით სხვა ოთახში არ გადაგვიყვანეს. ეს იყო ტიტოს ქაღალდის ქარხნის საამქრო, სადაც ქაღალდის მეორადი გადამუშავება ხდებოდა. იღბლიანები აღმოვჩნდით ტიტოს ქაღალდის ქარხანაში მოხვედრილი დაქექილი ქაღალდის ბანკნოტები. იმედი მოგვეცა, რომ  ქაღალდის მეორადი გადამუშავებით, მისტერ ტიტო ახალ სიცოცხლეს დაგვიბრუნებდა.

ქაღალდის ქარხანა მაგნოლიის ხესთან, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ერთსართულიანი, ერთმანეთზე გვერდულად გადაბმული ორი შენობისგან შედგებოდა. იქვე რამდენიმე ასეთივე, შედარებით პატარა ნაგებობა იდგა. ყველა შენობის კართან წყლით სავსე დიდი კასრი იდგა, კედელზე კი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები იყო ჩამოკიდებული, ვინაიდან ქარხანა ქაღალდს ამზადებდა, ქაღალდს კი როგორც ვიცით, სწრაფად ეკიდება ცეცხლი და თავდაცვის მიზნით, სახანძრო უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცეოდა.

გადასამუშავებელი ქაღალდის ფუთები დაშალეს, წვრილ ნაჭრებად დაგვაქუცმაცეს და დიდ, წყლით სავსე სახარშ ქვაბში ჩაგვყარეს. გამახსენდა ფიჭვის მორის ნაამბობი, თუ როგორ მზადდებოდა ქაღალდი.

მთელი დღის განმავლობაში იმდენი გვხარშეს, სანამ თხელი ერთგვაროვანი ფაფა არ მიიღეს. ფაფას მზა ცელულოზა და წებო შეურიეს, ვინაიდან ქაღალდი უფრო შეკრული ყოფილიყო. შემდეგ თეთრი საღებავი და ცარციც დაუმატეს, თეთრი და პრიალა ზედაპირი რომ ჰქონოდა. მომზადებული ქაღალდის ფაფა სპეციალურ დაფაზე დაასხეს, ფაფის მასიდან წყალი დაიწურა, შემდეგ ორ ცილინდრს შორის გაგვატარეს. უკვე ქაღალდის თხელი ფენა ისევ ცხელი ცილინდრების საშუალებით დაგვაუთოვეს და საჭირო ზომის

ფურცლებად დაგვჭრეს, შეგვფუთეს და დააწერეს - “განკუთვნილია განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო დოკუმენტებისთვის”. შეფუთული ქაღალდის პაკეტები სპეციალური დაცვის თანხლებით მთავარი ბანკის სტამბაში გადაგვიყვანეს და უკვე მეორედ, იმ ოთახში მოვხვდი, სადაც ფულებს ბეჭდავენ. რამდენიმე დღეში საბეჭდ მანქანაში გაგვატარეს და ახლა უკვე სრულფასოვანი სახელმწიფო გერბიანი ფურცელი* გავხდი. სხვა გერბიან ფურცლებთან ერთად ისევ დაცვის თანხლებით, პირდაპირ ქვეყნის მთავარი მინისტრის სამუშაო მაგიდაზე აღმოვჩნდი.

შემდეგ რაც მოხდა, უკვე ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. შეიძლება ვთქვათ, რომ თითოეული გერბიანი ფურცელი და მათ შორის მეც, ველოდით იმ დღეს, როდესაც მთავარი მინისტრი თავის ხელმოწერით მოგვხატავდა.

როდესაც მინისტრი თავის სამუშაო დღეს ასრულებდა და ოთახს კეტავდა, მის წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს შორის, მაგიდაზე, ნამდვილი პაექრობა მიდიოდა. რამდენიმე თვეში ბლანკიანი ქაღალდების პირველ ფურცლად აღმოვჩნდი და იმ საღამოს პაექრობაში მეც ჩავები.

- მალე, ჩემს ბლანკიან ქაღალდზე, მთავარი მინისტრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წარწერას გააკეთებს - დავიკვეხნე.

- ძალიან ადრე ხომ არ ჩათვალე თავი მნიშვნელოვნად?! მინისტრი უკვე მერამდენე წელია ჩემით სარგებლობს და სახელმწიფოს მართავს - გაცხარდა მოხუცი კონსტიტუცია*.

- წიგნში ახალს ვერაფერს ჩაწერენ, ჩემთან კი ბევრი თავისუფალი ადგილია და შეიძლება ისეთი რამეც დამაწერონ, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები შევიდეს.

- მე, ყოველდღე მინისტრის ხელში ვარ და საერთოდ არაფერს არ ვამბობ, თუ არ გაჩერდები, მაგიდაზე რომ გათხაპნილი ფურცელია მაგას დაგამსგავსებ - დამემუქრა საწერკალამი.



- შენი მელნით ვერ შემაშინებ, მე გერბიანი ქაღალდი ვარ, მალე მნიშვნელოვანი წარწერით კედელზე ჩარჩოში ჩასმულს ჩამომკიდებენ. ისე,  მინდა გითხრა, რომ მინისტრიც კი მოწიწებით მეპყრობა.

-შენ იცი, რომ სანამ შენ მოგიყვანდნენ, მთავარმა მინისტრმა ქაღალდის სახარში ქარხნის მეპატრონეს, მისტერ ტიტოს, წერილი მისწერა, რომ სასწრაფოდ შეეწყვიტა ხის ჭრა და მეორადი ქაღალდის გადამუშავება დაეწყო. მეორე დღეს, მთავარი მინისტრის ბრძანება გამოვიდა. ბრძანების მიხედვით, აიკრძალა უნებართვო ტყის ჭრა, მოსახლეობას კი მოუწოდა, რომ ქაღალდის ნარჩენები და წიგნები, რომლებიც აღარ სჭირდებოდათ ქაღალდის სახარში ქარხანაში ჩაებარებინათ. ერთი ტონა ჩაბარებული ქაღალდი, ტყეში ათეულობით ხეს გადაარჩენდა. სწორედ მინისტრის ბრძანებამ მოგისწრო, თორემ ახლა, უკვე ბანკის საცავის ღუმელში ნაცრად იქნებოდი ქცეული - არ ცხრებოდა საწერკალამი.

საწერკალამმა ისიც მიამბო, რომ თურმე - მინისტრის ბრძანებამ მისტერ ტიტო საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი უკან დახევას არ  აპირებდა. ტიტო საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი ბიზნესმენი* იყო. მან იცოდა, საჭირო იყო ქარხანაში ახალი მანქანა-დანადგარების ყიდვა, რომ ქაღალდის მეორადი გადამუშავება შესაძლებელი ყოფილიყო.

ტიტომ რჩევისთვის, ცნობილ მეცნიერს, დოქტორ მიმის მიმართა. დოქტორი მიმი, ბაზარზე ადამიანების ურთიერთობას აკვირდებოდა და მათი ქცევებიდან გამომდინარე მარკეტინგულ* კვლევებს აწარმოებდა. აქედან გამომდინარე, შემდგომში რჩევებს აძლევდა ვაჭრებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის სწორად განვითარებისთვის. ქალბატონ მიმის, ბრენდის გალაქტიკის მბრძანებელსაც კი ეძახდნენ. მიმის მარკეტინგის ბიურო, ხაზინის გვერდით, ოთხსართულიანი სახლის მეოთხე სართულს მთლიანად იკავებდა. დოქტორ მიმიმ, ტიტოსთან ერთად შეაფასა ქაღალდის ქარხნის შესაძლებლობები. ახალი წარმოების ასაწყობად, მისტერ ტიტოს საკამრისი საჭირო ფინანსები არ გააჩნდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, ბანკში მისულიყო და ფული ესესხებინა. ბანკმა მას პირობა მისცა, რომ მანქანა-დანადგარების შესაძენად ფულს კრედიტით* 10 წლით, წლიურ 5 პროცენტად ასესხებდა. ტიტო კმაყოფილი დარჩა, ბანკს კრედიტის გირაოს* გარანტად ქაღალდის ქარხანა შესთავაზა და შეთანხმებაც შედგა. მან იცოდა, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქაღალდის სახარში ქარხანა აუქციონის* წესით გაიყიდებოდა, მაგრამ მიმიმ იგი დააიმედა, რომ წარმოების საქმე უკეთესად წავიდოდა, რადგან ქვეყანა ვითარდებოდა, ყოველწლიურად განათლების სურვილი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდებოდა და ამიტომ, უფრო მეტ ქაღალდზე და წიგნზე იქნებოდა მოთხოვნილება. დოქტორ მიმიმ იცოდა, რომ ტიტო ქვეყანაში პატიოსანი ბიზნესმენის სახელით სარგებლობდა და მის მიმართ მოსახლეობას საკმაოდ მაღალი ნდობა გააჩნდა. ურჩია, რომ ტიტოს სახელი ქარხნის ბრენდი* გამხდარიყო და საზოგადოებისთვის ახალი პროდუქციის გასაცნობად სარეკლამო კამპანია* დაეწყო.

ამ პაექრობაში შემოგვათენდა, მინისტრი ოთახში შემოვიდა, სამუშაო მაგიდას მიუჯდა და ცარიელ ფურცელზე წერას შეუდგა. რამდენიმე ხანში მან თანაშემწეს უხმო, მომკიდა ხელი, გაუწოდა და თან დააყოლა, რომ შეცდომა არ დაეშვა, რადგან გერბიანი ქაღალდი მნიშვნელოვან ფურცელს წარმოადგენდა. დაავალა, დაებეჭდათ ბრძანება ტიტოს ქაღალდის ქარხნისთვის ორმოცდაათწლიანი იჯარით*, ახალი საბეჭდი სტამბის ასაშენებლად, მიწის გამოყოფის შესახებ. ცოტა ხანში, როდესაც თანაშემწემ მინისტრის სამუშაო ოთახში, ჩემზე დაბეჭდილი ბრძანება შემოიტანა, მისტერ ტიტო მინისტრთან საუბრობდა, ახალი წარმოების განვითარების შესახებ. მინისტრმა საუბრის დასრულების შემდეგ, მისტერ ტიტოს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ახალი ქარხანა უფრო მეტი ადამიანს დაასაქმებდა და წარმატება უსურვა საქმიანობაში.

ასე მოვხვდი, მისტერ ტიტოს სამუშაო ოთახის კედელზე ჩამოკიდე­ბულ ჩარჩოში, სადაც მოვისმინე ისტორიები, რომელსაც ახლა თქვენ გიამბობთ.

ტიტოს ბიზნესი ყოველდღიურად ახალ წარმატებებს აღწევდა, ამ საქმეში მას, დოქტორ მიმის რჩევები ეხმარებოდა. ახალი მანქანა-დანადგარების შეძენის შემდეგ, მისტერ ტიტომ ქაღალდის მეორადი გადამუშავება უფრო გააფართოვა და საბეჭდი სტამბა დაარსა, სადაც უამრავი წიგნი, რვეული და  ჟურნალ-გაზეთი იბეჭდებოდა. დოქტორ მიმის რჩევით კი ქარხნის შესასვლელში, დიდ სარეკლამო დაფაზე, საწერი ქაღალდის შეკვრებზე, წიგნებზე, რვეულებსა და ჟურნალ-გაზეთებზე წარწერები გაჩნდა:

“ჩვენ არ ვჭრით ხეებს!

პროდუქცია დამზადებულია ქაღალდის მეორადი გადამუშავებით Co. ”ტიტოს” მიერ”.

 


 განმარტებითი ლექსიკონი

ედლეული - პროდუქტი, რომელზეც ადამიანს გარკვეული სამუშაოები აქვს განხორციელებული, მაგრამ სრულყოფილი პროდუქტის შესაქმნელად საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას.

ცელულოზა (ლათ. cellula უჯრედი) - ცელულოზა თეთრი, ბოჭკოვანი  ნივთიერება, რომლისგანაც შედგება მცენარის უჯრედების გარსი. ცელულოზის აღმოჩენა ფრანგი ქიმიკოსის ანსელმ პაიენის (ფრ. Aნსელმე Pაყენ) სახელს უკავშირდება. ცელულოზა გამოიყენება სხვადასხვა სამრეწველო დანიშნულების ნედლეულად - ქაღალდის, ხელოვნური აბრეშუმის, ლაქებისა და სხვადსახვა პროდუქციის დასამზადებლად. ცელულოზის შექმნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქაღალდის მრეწველობის განვითარებაში.

ქაღალდის პირველი წარმოება ჩინეთში, ძვ.წ. 105 წელს გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. ქაღალდი მზადდებოდა თუთის ხის ტოტების ქერქისგან. ნედლი მასალა ნაცრის ან კირის ხსნარში იხარშებოდა, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ნაზი ბოჭკო. ამ ბოჭკოს ქვის როდინებში (სანაყში) აქუცმაცებდნენ ერთგვაროვანი მასის მიEღებამდე. მასას აზავებდნენ წყლით და აბრეშუმის ქსოვილდაკრულ ჩარჩოებზე ასხამდნენ და თანაბრად ანაწილებდნენ. წყლის ჩამოწურვის შემდეგ კი წარმოიქმნებოდა სველი ფურცელი, რომელსაც წნეხავდნენ და შემდგომ აშრობდნენ. VII საუკუნეში არაბეთში ქაღადის წარმოებაში, უკვე ქსოვილისა და ბამბის გამოყენება დაიწყეს. რაც შეეხება პირველ ქაღალდის დამამზადებელ ქარხანას, იგი საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში კი უკვე ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქაღალდის წარმოება მასიური გახადა. 1779 წელს საფრანგეთში ქაღალდის ჩამოსასხმელი პირველი მანქანა შეიქმნა.

ეკოლოგია - ბერძნული სიტყვისგან “oikos”-გან არის წარმოქმნილი და საცხოვრებელს (სახლს), ხოლო “logos” მოძღვრებას ნიშნავს. ტერმინი გერმანელმა ზოოლოგმა ჰეკელმა 1866 წელს შეიმუშავა და სათავე დაუდო მეცნირების ახალ დარგს, რომელსაც ეკოლოგია ეწოდა. მეცნიერების აზრით ეკოლოგია არის მცენარეთა და ცხოველთა ცხოვრების შესწავლა მათ ბუნებრივ ადგილსამყოფელში. `ეკოლოგია~ `გარემოს დაცვის~ ცნების აღსანიშნავადაც გამოიყენება. მეცნიერები ეკოლოგიას ბუნების ეკონომიკასაც უწოდებენ.

თანამედროვე სამყაროში ეკოლოგუირი პროცესების მიმართ საკმაოდ დიდ ყურადღებას იჩენენ მთელი რიგი ბუნების დამცველი ორგანიზაციები, რადგან ეკოლოგიური პროცესების დარღვევამ შესაძლოა დედამიწაზე ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს, ამიტომ ადამიანმა უნდა შეძლოს დაიცვას პლანეტა დაბინძურებისგან და გონივრულად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები,

ბიზნესმენი - პირი, რომელიც დაკავებულია საკუთარი სამეურნეო საქმიანობით ფინანსური შემოსავლის ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით.

მარკეტინგი (ინგ. market-ბაზარი) - საწარმოს (ორგანიზაციის) სოციალური მართვის პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ბაზარზე ადამიანების მოთხოვნილებასა და მისი დაკმაყოფილების მეთოდებს.

მარკეტინგი, როგორც მეცნიერება, საზოგადოების განვითარებასთან ერთად განვითარდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაჭ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ გარ­დამ­ტე­ხი რო­ლი ითა­მა­შა უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ციე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ბაზ­რის წარ­მო­შო­ბა თა­რიღ­დე­ბა 6-7 ათა­სი წლით ად­რე, სა­დაც უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო პირ­ვე­ლა­დი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ფორ­მე­ბი - ფას­წარ­მოქ­მნა და რეკ­ლა­მა. ჩვე­ნამ­დე მოღ­წეუ­ლი პირ­ვე­ლი სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბა ცნო­ბი­ლია მო­ნის გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ. თან­და­თან სა­ზო­გა­დოებ­რივ­მა პროგ­რეს­მა მოით­ხო­ვა მარკეტინგის ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გიე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და დღეს უკვე თანა­მედ­რო­ვე მარ­კე­ტინ­გული კვლევები რადიკალურად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გიე­ბის­ საშუალებით ხდება.

კრედიტი (ლათ. creditum - სესხი, ლათ. credere - ნდობა) - საბანკო ეკონომიკური ურთიერთობა, რომლის დროსაც მხოლოდ საბანკო დაწესებულება (კრედიტორი), მეორე მხარესთან კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე გასცემს შეთანხმებულ თანხას.

კრედიტის ისტორიას საკმაოდ ღრმა ფესვები გააჩნია. როგორც მეცნიერები თვლიან კრედიტი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ასირიასა და ბაბილონში არსებობდა. ესე იგი 3000 წლის წინ უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასესხებდნენ და რომლებიც სესხულობდნენ ფულს (უფრო ადრეულ პერიოდში საქონელს). იმდროინდელი მოქმედი კანონის მიხედვით მევალე, რომელიც ვერ გადაიხდიდა ვალს, კრედიტორის (მსესხებლის) მონა უნდა გამხდარიყო. ძველ საბერძნეთში ძირითადი კრედიტორები მონასტრები იყვნენ, რომლებიც მოუსავლიანობის პერიოდში სარეზერვო ფონდების როლს ასრულებდნენ. სწორედ ამ ეპოქაში გაჩნდნენ პროფესიონალი ფულის გამსესხებლები, კრედიტმა საქონლის ნაცვლად ფულადი მნიშვნელობა შეიძინა. ისინი კრედიტით უკვე არა მარტო პირად საჭიროებას, არამედ ვაჭრობის სფეროსაც აფინანსებდნენ. შუა საუკუნეებში ეკლესია კრედიტზე პროცენტის დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდა, თვლიდნენ, რომ ასეთი სახის შემოსავალი ცოდვა იყო, რადგან პროცენტის გადასახადით იხდებოდა დროის საფასური, დროს კი მხოლოდ ღმერთი განაგებსო. მაგრამ ეკონომიკური პროცესების შეჩერება შეუძლებელი იყო და პროგრესულად მოაზროვნე ჯგუფებმა შეძლეს ეკლესიის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა - სესხმა სახეცვლილება განიცადა და დოკუმენტური ფორმით თამასუქების (ვექსილების) სახით შეიცვალა. თამასუქის წარმოშობამ კი როგორც ვიცით ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას დაუდო საფუძველი. XVI საუკუნეში კი ევროპაში პირველი კომერციული ბანკები გაჩნდა, რამაც საკრედიტო ურთიერთობების ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი.

კრედიტის გირაო (გირავნობა) - საბანკო კრედიტის გირაო ან გირავნობა ნიშნავს მკაცრად განსაზღვრული, კონკრეტული ქონების გამოყოფას, რომელიც წარმოადგენს გირაოს ობიექტს და ვალდებულების შესრულების გარანტს. კონკრეტული ქონების გამოყოფა გულისხმობს დაგირავებული ქონების განცალკევებულად გამოყოფას მთელი ქონების მასიდან. ბანკს (კრედიტორს) შეუსრულებელი პირობის ან დარღვევის შემთხვევაში, მევალის მიმართ გირავნობის შეთანხმებით აქვს უფლება აუქციონის წესით, მხოლოდ მოცემული კონკრეტული ქონების ფარგლებში მოახდინოს გირავნობის ობიექტის რეალიზაცია (გაყიდვა), ამიტომ ხშირ შემთხვევაში გირავნობისა და სესხის ხელშეკრულება ერთდროულად ფორმდება.

საქართველოში საბანკო ურთიერთობები XIX საუკუნის ბოლოს ყალიბდება. ამ პერიოდში სახელმწიფოს ინიციატივით თბილისსა და ქუთაისში საადგილმამულო ბანკები მოქმედებდა. თბილისის საადგილმამულო ბანკი დაარსდა 1875 წელს, რომლის დამფუძნებლადაც მიიჩნევა ილია ჭავჭავაძე. საადგილმამულო ბანკი სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად და მიწის გამოსყიდვისთვის გასცემდა გრძელვადიან სესხებს, ხოლო გირაოდ მიწები იდებოდა. იმ პერიოდისთვის ილია ჭავჭავაძემ საბანკო მომსახურების ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც მაშინდელი სამოქალაქო საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები აღმოჩნდა.

აუქციონი - ქონების, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა ქონების საჯარო გაყი­დვის პროცესი, სადაც გასაყიდ ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს.

ბრენდი - მარკეტინგის კომპლექსის პირველი და ყველაზე მთავარი ელემენტია. პროდუქტს აქვს სახელი, ტერმინი, ნიშანი, სიმბოლო, ნახატი ან წარწერა. ესაა სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი კომპანიის პროდუქციას სხვა კომპანიების პროდუქციისგან. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ წარმოადგენს ბრენდს, რადგან ბრენდი როგორც თავისებური კონსტრუქცია გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფთან ურთიერთობაში იქმნება. ბრენდი მასთან დაკავშირებული ადამიანების (საზოგადოების) ჯგუფის შთაბეჭდილებების კრებულს წარმოადგენს.

რეკლამა (ლათ. Reclamare - ხმამაღლა შეტყობინება) - რეკლამა არ არის ახალი მეცნიერება, რეკლამას საკმაოდ ძველი ისტორია აქვს და 6-7 ათასი წლის წინ ბაზრის წარმოქმნასთან ერთად გაჩნდა. როგორც აღვნიშნეთ ზეპირი რეკლამა პირველად ჩაისახა მონათმფლობელურ ბაზარზე. მონის ყიდვას თან ახლდა მისი ღირსების თავისებური ანოტაცია: “მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის, თვალებით კარგად ხე­დავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, რომლებიც კარგად დარბიან~... შუა საუკუნეების ევროპის რეკლამის მძაფრ განვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი “Acta Diuznu” (ყოველდღიური ამბები). ერთერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასშიც მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.

ჩვენთვის ცნობილი პირველი ბეჭდური რეკლამა დათარიღებულია 1473 წელს, რეკლამა დაიბეჭდა “პარიზის ფრაგულ გაზეთში”, რომლის დამაარსებელია რენოდო ტეოფრასტი (1586-1653), რომელიც ფრანგული ჟურნალისტიკის დამაარსებლად არის მიჩნეული. 1473 წელს კი ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამომცემელმა ა. მანუციმ მომხმარებლის მოზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას, ხოლო უკე 1611 წელს ლონდონში შეიქმნა ა. გორაჯისა და უ. კოპის პირველი სარეკლამო ბიურო. ამავე პერიოდში შეიქმნა საინფორმაციო ფოსტა, რომელიც მოიცავდა კომერციულ შეტყობინებებს. XIX საუკუნის მეორე ნახე­ვრიდან რეკლამამ ამერიკაშიც შეაღწია. ამ პერიოდიდან ჩნდება პირველი სარეკლამო სააგენტოები. პირველი სარეკლამო სააგენტო აშშ-ში ფილადელფიაში 1841 წელს ვინმე ვ. ჰალმერეს მიერ ჩამოყალიბდა. სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა კი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისისათვის დაეკისრათ სარეკლამო კომპანიებს.

თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრია სრულიად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან. რეკლამა კარგი საშუალებაა ინფორმაციის მიწოდებისა და დარწმუნებისათვის.

სახელმწიფო გერბიანი ფურცელი - სახელმწიფო გერბიანი ფურცელი სახელმწიფოს მეთაურის განკარგულების საფუძველზე მზადდება. გერბიანი ფურცლის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს და იგი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს განეკუთვნება.

კონსტიტუცია (ლათ. constitution - დაწესება, დადგენა) - უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ხელისუფლებას კონსტიტუციური უფლებებით შეზღუდული აქვს პიროვნებასთან თვითნებობის შესაძლებლობა.

იჯარა - სხვისი ქონების დროებით გამოყენებისა და სარგებლობის უფლება საზღაურის (ქირის) გადახდით, სადაც ხელშეკრულებით მეიჯარე (იჯარის გამცემი) გასცემს მოიჯარეზე (იჯარის მიმღები) განსაზღვრულ ქონებას დროებით სარგებლობაში.

ტესტის შედეგები




 ჩატარდა მეორე ტესტი, რომელიც სამ ვარიანტად იყო მომზადებული. ტესტამდე ერთი გაკვეთილი დაუთმეთ მასალის გამეორებას და შედეგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.

 

V ა კლასში ტესტი დაწერა ცამეტმა (13) მოსწავლემ

უმაღლესი შეფასება 10 მიიღო ხუთმა (5) მოსწავლემ;

ერთი შეცდომით შეასრულა ტესტი ექვსმა (6) მოსწავლემ და მიიღო შეფასება -10;

ორმა (2) მოსწავლემ ორი არასწორი პასუხიდან გამომდინარე მიიღო შეფასება 9.

 

V ბ კლასში ტესტი დაწერა თხუთმეტმა (15) მოსწავლემ

უმაღლესი შეფასება 10 მიიღო რვა (8) მოსწავლემ;

ერთი შეცდომით შეასრულა ტესტი სამმა (3) მოსწავლემ და მიიღო შეფასება -10;

ოთხმა (4) მოსწავლემ ორი არასწორი პასუხიდან გამომდინარე მიიღო შეფასება 9.

 

ტესტი - შესრულებული ნიმუში შეფასებით 10






ვენეცური ნიღაბი (ფილმის ჩვენება)

 ვენეციური ნიღაბი უძველესი დროიდან ვენეციურ ნიღბებს ადამიანები ვინაობის დასამალად იყენებდნენ. რამდენიმე საუკუნის წინ გაჩენილი ვენეციური ნიღბ...